30-ზე მეტი ჯილდო და ასობით დამარცხებული მეტოქე - 10 წლის ლილე სვანაძის საჭადრაკო ასპარეზობის შედეგები
10 წლის მოჭადრაკე ლილე სვანაძეს ჩემპიონის 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული, ბოლო ოქროს მედალი კი სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე აიღო. ევროპის ორგზის ნომერ პირველი მოჭადრაკის სტატუსის მქონე სპორტსმენის მთავარი მიზანი ახლა მსოფლიო ჩემპიონობაა.
ჩემპიონის 30-ზე მეტი ჯილდო და ასობით დამარცხებული მეტოქე - ეს 10 წლის ლილე სვანაძის საჭადრაკო ასპარეზობის შედეგებია. მას გამარჯვება არაერთ საერთაშორისო ტურნირზე აქვს მოპოვებული. ლილე მხოლოდ საკუთარი ასაკის გოგონებს არ ეთამაშება. დამარცხებულ მეტოქეებს შორის ბიჭებიც არიან.
ლილეს წარმატების ისტორია ბაღის ასაკში მამასთან ჭადრაკის თამაშით დაიწყო. მოგვიანებით ინტერესი მასწავლებელთან საგაკვეთილო პროცესში გაგრძელდა - რასაც ჯერ რეგიონული აღიარება, შემდეგ კი საქართველოს ნაკრებში მოხვედრაც მოჰყვა. ევროპის ნომერ პირველი მოჭადრაკის სტატუსის 2 ჯერ მოპოვების შემდეგ კი მისი მთავარი მიზანი ახლა მსოფლიო ჩემპიონობაა.
დიდ საჭადრაკო მიღწევებს ლილე სასკოლო პროგრამასაც წარმატებით უთავსებს. ყველაზე მეტად უცხო ენების სწავლა უყვარს. გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე მეცადინეობა ხშირად მგზავრობის დროსაც უწევს. ამ გზაზე კი მისი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ბებიაა, რომელიც შვილიშვილით განსაკუთრებულად ამაყობს.
ბოლო ოქროს მედალი ლილე სვანაძემ სომხეთში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე მოიპოვა. მან გოგონათა დაფაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ლილე შეჯიბრებაზე საქართველოს გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა - რჩეული ექვსეული მშობლიურ ქუთაისში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ევროპის კონტინენტურ ეტაპზე სულ 25 ქვეყნის 27 სასკოლო გუნდი მონაწილეობდა.
ჭადრაკის სიყვარული, შრომა და გუნდურობა ეს მოჭადრაკეების წარმატების მთავარი ფორმულაა. მათი მთავარი მიზანი მეტ საერთაშორისო შეჯიბრებაში გამარჯვება და ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენაა.
მოსწავლეები ჭადრაკში პროფესიულ მომზადებას ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის სკოლაში გადიან. სპეციალიზებულ სასწავლებელი ამ ეტაპზე 400-მდე მოჭადრაკეს აერთიანებს. სკოლა ახალგაზრდა ტალანტების განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებისთვის მომზადებას განაგრძობს.
წინ ახალი ჩემპიონატები, ახალი მეტოქეები და კიდევ უფრო დიდი მიზნებია. ჭადრაკის დაფასთან ყოველი ახალი პარტია კი ლილესა და მისი მეგობრებისთვის კიდევ ერთი შანსია რომ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცონ და საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააჟღერონ.
ავტორი: ირაკლი კოშაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.