რუსთავში მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელებს რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულება 4 754 438 ლარს შეადგენს. მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, წყალმომარაგების ქსელის განახლების შემდეგ სანიაღვრე სისტემისა და ასფალტის საფარის მოწყობა იგეგმება.

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია GWP-მ წყალმომარაგების 2.1 კმ-ის და წყალარინების 5 კმ-მდე სიგრძის ქსელი განაახლა. მოეწყო 6 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და 21 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.
სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ.
„მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელებში ახალ საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწყობთ. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე კომპანია GWP-იმ წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები განაახლა. ამჟამად სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებს ვატარებთ, რის შემდეგაც ასფალტის საფარი დაიგება. ამ უბანში ძირითადად კერძო განაშენიანებაა, საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე ქსელი კი არ არსებობდა, რაც მოსახლეობას სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. პროექტის დასრულების შემდეგ დიდი ხნის პრობლემა მოგვარდება და კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა გვექნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის ფარგლებში, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელებში ასფალტის საფარი 31 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. მოეწყობა 7 900 მეტრი სიგრძის ახალი სანიაღვრე ქსელი.
საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე ქსელი აღნიშნულ უბანში დღემდე არ არსებობდა, რაც მოსახლეობას სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა.
სამუშაოების ღირებულება 4 754 438 ლარია. პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.