პატრიარქმა შიო III-მ წიგნების სერიის - „საეკლესიო საგანმანათლებლო თავნი“ გამოცემაში მონაწილე პირები რეზიდენციაში მიიღო
საპატრიარქო რეზიდენციაში სერიის - „საეკლესიო საგანმანათლებლო თავნი“ - გამოცემაში მონაწილე სასულიერო პირებთან და მკვლევრებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი თეოლოგების გაერთიანება და საქართველოს ეკლესიასთან მათი კავშირის გაღრმავებაა.

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), იღუმენები: ეფრემი (ლომიძე) და ლეონიდე (ებრალიძე), ასევე შოთა კინწურაშვილი და ნინო საძაგლიშვილი, რომლებიც წიგნების სერიის - „საეკლესიო საგანმანათლებლო თავნი“, გამოცემაში მონაწილეობენ.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.
შეხვედრაზე წარადგინეს სერია „საეკლესიო საგანმანათლებლო თავნი“, რომლის მომზადებაშიც საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები და თეოლოგები მონაწილეობენ. მათ შორის არიან გერმანიაში, ავსტრიასა და საბერძნეთში მოღვაწე სადოქტორო ხარისხის მქონე მკვლევრები.
სერიის მიზანია საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თეოლოგების გაერთიანება, მათი სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა და საქართველოს ეკლესიასთან კავშირის გაღრმავება.
აღინიშნა, რომ ამ საქმიანობის გაგრძელებისთვის კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევასა და მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ღირს ალექსი სენაკელის (შუშანია) შესახებ დაწერილი წიგნები და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული საიუბილეო ჯვრები აჩუქა. თავის მხრივ, სტუმრებმაც მის უწმინდესობას ახალი წიგნები უსახსოვრეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.