„ღარიბაშვილზე ხელის დადებით თავისუფლება იყიდეს“ - ადვოკატი ყოფილი პრემიერის ახალ საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატ ლილი გელაშვილის მტკიცებით, ექსპრემიერის მიმართ ქრთამის აღების ახალი ბრალდება პოლიტიკურად შეთითხნილია, ხოლო საქმეში ფიგურანტმა მოწმეებმა ღარიბაშვილზე ხელის დადებით სასჯელის შემცირება და თავისუფლება იყიდეს.

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი „ქართული ოცნების“ დიდი შეკრების წინ ახალ წერილს აქვეყნებს. ადვოკატი ეხმაურება 19 ოქტომბერს დანიშნულ წინასასამართლო სხდომას, რომელიც ღარიბაშვილის მიმართ ქრთამის აღების ახალ ბრალდებას ეხება და საქმეს „პოლიტიკურად შეთითხნილს“ უწოდებს.
გელაშვილის თქმით, 48-ტომიან სისხლის სამართლის საქმეში ღარიბაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი ერთადერთი მტკიცებულება სხვა მსჯავრდებულთა ირიბი და არასრულყოფილი ჩვენებებია, რომლებიც მათ, ადვოკატის შეფასებით, საკუთარი სასჯელის შემცირების სანაცვლოდ მისცეს.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარის ვერსია ეფუძნება ისეთი პირების ჩვენებებს, რომელთაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ.
„დასახელებულმა მსჯავრდებულებმა, ი. ღარიბაშვილზე ხელის დადებით, ფაქტობრივად თავისუფლება იყიდეს: 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუმესამედეს და ზოგიერთმა საპატიმროც დატოვა! მსგავსი 'გარიგებული მართლმსაჯულება' ხომ პირდაპირი დასტურია იმისა, რომ საქმე გვაქვს არა კანონის უზენაესობასთან, არამედ პოლიტიკურ შეკვეთასთან“, - წერს ლილი გელაშვილი.
ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს საგამოძიებო მოქმედებების გაშუქების ფორმაზეც. მისი თქმით, ღარიბაშვილის დაკავებამდე გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩხრეკისას ამოღებული ოქროს ზოდები და ძვირფასეულობა ჩანდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის კუთვნილებას წარმოადგენდა ეს ნივთები.
გელაშვილის მტკიცებით, ღარიბაშვილის საცხოვრებელში ოქროს ზოდები არ ამოუღიათ, ხოლო ვიდეოკადრების მსგავსი ფორმით გავრცელება ემსახურებოდა საზოგადოებაში მცდარი ასოციაციის შექმნასა და ყოფილი პრემიერის დისკრედიტაციას.
"დარწმუნებული ვარ, დღეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, არ არსებობს ადამიანი, ვისაც საღი აზროვნების უნარი აქვს (მადლობა ღმერთს, ასეთი უმრავლესობაა), ამ კითხვაზე პასუხი არ ქონდეს!
ჩემი პოსტის მიზანი არ არის სამართლებრივი საკითხების დეტალური გარჩევა, მით უფრო, რომ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები, მაგრამ საზოგადოებას მინდა შევახსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება:
-ჯერ კიდევ ი. ღარიბაშვილის დაკავებამდე გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტარდებოდა ჩხრეკები სხვადასხვა პირთან და დაასახელა მათ შორის ღარიბაშვილის გვარი, შემდეგ კი საზოგადოებას საგამოძიებო ორგანომ საჯაროდ აჩვენა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის ოქროს ზოდები და სხვადასხვა ძვირფასეულობა და არ მიუთითა კონკრეტული სახელები, თუ ვისი სახლიდან ამოიღეს.
ეს იყო არა შეცდომა, არამედ შეგნებულად, დავალებით გასაჯაროებული კადრები, გათვლა იმაზე, რომ საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილს სახელს დაუკავშირებდა და გააღიზიანებდა ხალხს და ასეც მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა დავწერეთ ამის შესახებ, ტალახი უკვე ნასროლი იყო!
ზოგიერთი "ვაიმჩხიბავი" დღემდე თუთიყუშივით იმეორებს სისულელეს.
ანუ, რა გამოდის?
თუ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ღარიბაშვილის საცხოვრებელში ოქროს ზოდები არ ამოუღიათ, მაშინ სრულიად კანონიერია კითხვა: რატომ შეიქმნა საზოგადოებაში ასეთი ასოციაცია? ვინ გაავრცელა ინფორმაცია, რა კონტექსტში და რატომ არ მოხდა ფაქტების მკაფიო გამიჯვნა? ეს ხომ არ იყო მედიის შეცდომა, ეს კადრები ხომ თვითონ საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა? ვისი დავალებით?
პასუხი მარტივია!", - წერს ადვოკატი.
განცხადებაში ადვოკატი ასევე ეხება ივლისის თვეში საპატიმროში შეგზავნილ წერილს, რომელიც, ღარიბაშვილის თქმით, მას მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. წერილში ექსპრემიერს ახალი ბრალდების აღიარებას სთხოვდნენ.
გელაშვილი აღნიშნავს, რომ წერილის შეგზავნის მომენტში საქმეზე სხვა პირები ჯერ დაკითხულებიც კი არ იყვნენ, ხოლო მათი დაკითხვა მხოლოდ აგვისტოში განხორციელდა. ადვოკატის თქმით, პროკურატურას აღნიშნულ წერილზე გამოძიება არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ მასში დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა.
„წარმოადგენდა თუ არა მათ ინტერესს რაიმე კორუფციული ქმედების გამოვლენა-აღკვეთა? არა, ახალი მძიმე ბრალი მხოლოდ საშუალება იქნებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკურად გასანეიტრალებლად... განა ეს არაა კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ნიშნით დევნისა?“ - აცხადებს ადვოკატი.
გელაშვილი ეხმაურება მმართველ გუნდში მიმდინარე საკადრო ცვლილებებსა და კრიტიკას ღარიბაშვილის მისამართით. ის მიმართავს „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ყოფილ პრემიერს მიხეილ სააკაშვილს ადარებენ:
ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილმა პირველი 5-წლიანი სასჯელი მიიღო „იმ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის პრემიერიც თავად იყო ორი ვადით, და უპირველესად ბიძინა ივანიშვილის გამო“.
გელაშვილი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ახლად გამოჩენილი პირები შიგნიდან ტეხენ და ოპოზიციურ ჭრილში გადაჰყავთ პარტიის ღირებულებები.
ადვოკატი ასკვნის, რომ 19 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე იბრძოლებს მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისთვის და იმედოვნებს, რომ სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს მხოლოდ ერთი, თავისუფლების სანაცვლოდ მიღებული ჩვენების საფუძველზე.
ციტატები სტატიიდან
„დასახელებულმა მსჯავრდებულებმა, ი. ღარიბაშვილზე ხელის დადებით, ფაქტობრივად თავისუფლება იყიდეს: 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუმესამედეს და ზოგიერთმა საპატიმროც დატოვა! მსგავსი 'გარიგებული მართლმსაჯულება' ხომ პირდაპირი დასტურია იმისა, რომ საქმე გვაქვს არა კანონის უზენაესობასთან, არამედ პოლიტიკურ შეკვეთასთან“
„წარმოადგენდა თუ არა მათ ინტერესს რაიმე კორუფციული ქმედების გამოვლენა-აღკვეთა? არა, ახალი მძიმე ბრალი მხოლოდ საშუალება იქნებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკურად გასანეიტრალებლად... განა ეს არაა კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ნიშნით დევნისა?“
„დღემდე თუთიყუშივით იმეორებს სისულელეს. ანუ, რა გამოდის? თუ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ღარიბაშვილის საცხოვრებელში ოქროს ზოდები არ ამოუღიათ, მაშინ სრულიად კანონიერია კითხვა: რატომ შეიქმნა საზოგადოებაში ასეთი ასოციაცია? ვინ გაავრცელა ინფორმაცია, რა კონტექსტში და რატომ არ მოხდა ფაქტების მკაფიო გამიჯვნა? ეს ხომ არ იყო მედიის შეცდომა, ეს კადრები ხომ თვითონ საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა? ვისი დავალებით? პასუხი მარტივია!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.