მაკა ბოჭორიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის შესახებ: “გვაქვს უფლება, თავად შევაფასოთ, თუ როგორია დასკვნები; როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის ის გამოყენებული. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოერიდოს ყველა – იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად”
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას ყველა უნდა მოერიდოს, რადგან საქართველოს აქვს უფლება თავად შეაფასოს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნები.

„საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა, რომელიც ერთგულია ამ ორგანიზაციის პრინციპების, ამ ორგანიზაციის ინსტიტუტების და ყველა გამოწვევას, რაც კი შეიძლება არსებობდეს ამ კონტექსტში, უდგება იმ აზრით, რომ წვლილი შევიტანოთ ამ ორგანიზაციის მუშაობაში”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერიმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნაციო კასისისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
“საქართველომ აჩვენა ღიაობა ყველა მექანიზმთან მიმართებით, რაც კი ეუთო-ს ფარგლებში იქნა გამოყენებული, ამ შემთხვევაში – საქართველოს მისამართით. ჩვენ ვიყავით ღია, როდესაც ამოქმედდა ვენის მექანიზმი და ეს გადაწყვიტეს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების ნაწილმა.
ასევე, ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების ნაწილმა, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინათ „მოსკოვის მექანიზმი“, საქართველომ ასევე ღირსეულად ითანამშრომლა ორგანიზაციასთან, ორგანიზაციის მიერ შერჩეულ ექსპერტთან და ჩვენ მათ მივეცით ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ შეხვედრები, მოეძიებინათ ყველა საჭირო ინფორმაცია და გაეკეთებინათ დასკვნები არსებულ სიტუაციაზე.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს უფლება, თავად შევაფასოთ, თუ როგორია დასკვნები, როგორია ესა თუ ის ინსტრუმენტი ან რისთვის არის ის გამოყენებული. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენებას უნდა მოვერიდოთ, უნდა მოერიდოს ყველა – იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ჩარჩო, რომელიც შექმნილია დიალოგისთვის, საერთო პრინციპების დასაცავად. მნიშვნელოვანია, ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ.
კიდევ ერთხელ: საქართველო ყოველთვის იყო ღია ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობისთვის და ასეთად დარჩება, როგორიც არ უნდა იყოს: ხან, შეიძლება, სასიამოვნო იყოს ეს მუშაობა; ხან, შეიძლება, არც თუ ისე სასიამოვნო, თუმცა ჩვენი მხრიდან არის მთავარი რამ ნათქვამი – ჩვენ ვართ ერთგულები ამ ორგანიზაციის, ამ ორგანიზაციის პრინციპების და ვართ ის მონაწილე ქვეყანა, რომელიც კონსტრუქციულად არის ჩართული ორგანიზაციის მუშაობაში, ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთა შორის, რომელსაც აქვს უფლება, ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის მუშაობაში, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.