საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
საქართველოს შსს-ის დელეგაცია თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
დელეგაციას თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილემ, სელჩუკ დოღუშმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა. კომისია "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 1994 წლის შეთანხმების საფუძველზე, მონაცვლეობით საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში იკრიბება.
მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ არსებული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმომადგენელი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.