ტყიბულის სატყეო უბანზე დეგრადირებული ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება
ტყიბულის სატყეო უბანში მავნებლისგან განადგურებული კორომის ადგილზე, 6 ჰექტარზე ტყის აღდგენის სამუშაოები 2027 წელს დაიწყება. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გრძელვადიანი გეგმით ქვეყანაში სულ 51 000 ჰა-მდე ტყის აღდგენა იგეგმება.

ტყიბულის სატყეო უბნის მუხურისა და საწირის სატყეოებში დეგრადირებული ტყის აღდგენის პროექტი, ჯამში 6 ჰა ფართობზე განხორციელდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები აღდგენის პროექტს შეიმუშავებენ, ხოლო სამუშაოები 2027 წელს დაიწყება. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მუხურის ტერიტორიაზე კოლხური ბზის და წაბლის შერეული კორომი იყო გავრცელებული, რომელიც მავნებლის ზემოქმედების შედეგად დღეის მდგომარეობით განადგურებულია.
პერიმეტრის შემოღობვისა და გაწმენდის შემდეგ დაიგეგმება ისეთი სახეობების დარგვა, რომლებიც თავდაპირველი ეკოსისტემის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. საწირის ტერიტორიაზე კი საორიენტაციოდ მუხის, ფიჭვის, წაბლისა და წიფლის სახეობების დარგვა იგეგმება.
„სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანი დეგრადირებული ტყეების აღდგენაა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მიმდინარე წელს ტყის აღდგენის ღონისძიებები ქვეყნის 9 რეგიონში, 2600 ჰა-მდე ფართობზე განახორციელა. ხოლო, გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰა-მდე ფართობზე იქნება განხორციელებული“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.