9 თვეში 163 000-ს ადამიანს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება
წლის პირველ 9 თვეში სოციალური დახმარება 163 ათას პირს შეუწყდა, საიდანაც 104 ათასი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის გაუქმებაზე მოდის. პირდაპირი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 13%-ით, ხოლო დასაქმების პროგრამის ბენეფიციართა რიცხვი 42%-ით შემცირდა.

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით კიდევ 23 ათასით შემცირდა. სულ წლის პირველ სამ კვარტალში, დახმარება 163 ათას პირს შეუწყდა.
სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო 5 წელი ფაქტობრივად მუდმივად იზრდებოდა (2023 წლის გარდა), 2026 წლის იანვარ-აგვისტოში კი მათი რაოდენობა მკვეთრად, 23%-ით შემცირდა.
სოციალური შემწეობა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ფინანსური დახმარების მექანიზმია. მისი მიზანს, მინიმალური სამომხმარებლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების, მატერიალური დახმარება წარმოადგენს.
სისტემის ბენეფიციარები ორ ჯგუფად იყოფიან:
საარსებო შემწეობის მიმღებები – ანუ ისინი, ვისაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო პირდაპირ ეკუთვნის დახმარების მიღება;
საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის მონაწილეები – ანუ ისინი, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი. სოცდახმარების მიმღებთა ნაწილი შრომის ბაზრიდან სრულად იყო გასული და იმის შიშით, რომ სოცდახმარება არ მოხსნოდათ, სამსახურის ძებნას თავს ანებებდნენ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შრომის ბაზარზე დაბრუნების წასახალისებლად, მათ 4 წლის განმავლობაში დახმარების გარანტირებულად შენარჩუნება შესთავაზეს.
9 თვეში პირდაპირი დახმარების მიმღებთა რაოდენობა 13%-ით, 464-დან 405 ათასამდე ხოლო პროგრამის ფარგლებში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 42%-ით, 246-დან 142 ათასამდე შემცირდა.
დახმარების მიმღებთა ასეთი მკვეთრი კლება შეიძლება რამდენიმე მიზეზით აიხსნას, რომელთაგანაც მთავარი სოცდაუცველთა დასაქმების “ფიქტიური პროგრამის” გაუქმებაა, რაზეც 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 407 მლნ ლარი დაიხარჯა. ეს პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდებოდა. საუბარია პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც სკოლებში დარაჯებისა და სასაფლაოზე დამლაგებლების რაოდენობამ არაავთენტურად მოიმატა. ერთ-ერთ სოფელში ტანკსაც კი ალაგებდნენ. 2026 წელს პროგრამა დაიხურა. ქართულ ოცნებაში აღიარეს, რომ დასაქმება ფიქტიური იყო. 163 ათასიდან თითქმის ორი მესამედი 104 ათსი სწორედ ამ პროგრამის გაუქმებაზე მოდის.
კიდევ ერთი მიზეზი გაგრძელებული მორატორიუმის დასრულებაა. პანდემიის დროს ოჯახებს აღარ ამოწმებდნენ. პანდემიის შემდეგაც 2023 წლის გამოკლებით დახმარების მიმღებთა რაოდენობა ძირითადად იზრდებოდა, 2026 წლიდან კი მკვეთრი კლება დაიწყო.
პროგრამის მიმდინარეობისას მუდამ იკვეთებოდა ორი პრობლემა, რაც დღესაც აქტუალურია: ადამიანთა ნაწილი დახმარებას არამიზნობრივად იღებს და პირიქით, რეალურად საარსებო მინიმუმის არმქონე პირთა ნაწილი დახმარებას ვერ იღებს.
დახმარების მიმღებთა ასეთი დრამატული კლებაც შინაარსობრივად შეიძლება ორნაირად აიხსნას: ადამიანთა დიდმა ნაწილმა უკიდურეს სიღარიბეს თავი დააღწია ან სიღარიბე არ შემცირებულა, მაგრამ მთავრობამ თანხების დაზოგვისა და პიარულად უკეთ წარმოჩინების მიზნით ბენეფიციართა რაოდენობა ხელოვნურად შეამცირა. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდა არაბუნებრივად ჩანდა.
2026 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 25 ათასით შემცირდა, რაც მთავრობამ ფიქტიური დასაქმების პროგრამის გაუქმებით ახსნა. დასაქმებულთა რაოდენობა მეორე კვარტალშიც შემცირდა, ამჯერად ათასი ადამიანით. მეორე კვარტალში მუდმივ ფასებში დათვლით, რეალური ხელფასის ზრდის ტემპმა მხოლოდ 2% შეადგინა.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.