ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ბუსა ჟვანიას მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბუსა ჟვანიას დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაცვის მხარის 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა უარყო.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ბუსა ჟვანიას მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო.
პროკურატურა ჟვანიას მიმართ კვლავ მკაცრი ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა. პროკურატურა უთითებდა, რომ პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები კვლავ არსებობდა.
ბუსა ჟვანიას ადვოკატების განმარტებით კი, ბრალდებულის წინააღმდეგ პროკურატურამ ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ვერ მოიპოვა. ამასთან, მათი თქმით, ჟვანია ორჯერ დაიბარეს ჩვენების მისაცემად და საზღვარგარეთ მყოფი ჩამოვიდა.
ადვოკატი ბუსა ჟვანიას მიმართ 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ კი, ძმებ კაკულიებს 2022 წელს, არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ერთი პირის დაჭრის ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.
ბუსა ჟვანიაზე კი საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას, ის 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. ნიკო კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსითბილისის საქალაქო სასამართლოში, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ძმები დავით და გურამ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
- ინტერპრესნიუსინიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა ძმებმა, დავით და გურამ კაკულიებმა მათი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე უარი განაცხადეს
- TV პირველიძმები კაკულიები კვარაცხელიების ოჯახს მიმართავენ, გაიტანონ საჩივარი და საქმის შეწყვეტა მოითხოვონ
- რუსთავი 2სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.