თბილისის ქალთა გუნდი „საგრადა ფამილიაში“ კონცერტს გამართავს
თბილისის ქალთა გუნდი 22 ოქტომბერს ბარსელონაში, „საგრადა ფამილიას“ სამლოცველო კომპლექსში კონცერტს გამართავს — კულტურის სამინისტროს ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ტაძარში ქართული სიმღერა გაიჟღერებს.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ქალთა გუნდი, 22 ოქტომბერს, ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურსის „Sing for Gold - the World Choral Cup“ ფარგლებში კონცერტს გამართავს. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული სიმღერა გაიჟღერებს საგრადა ფამილიაში. თბილისის ქალთა გუნდი კი იქნება პირველი ქართული გუნდი, რომელიც კონცერტს გამართავს იმ კრიპტაში (სამლოცველო კომპლექსში), სადაც დიდი ანტონიო გაუდია დაკრძალული.
ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურსი - "Sing for Gold - the World Choral Cup", ბარსელონასა და კალელიაში ჩატარდება. ეს კონკურსი არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ გუნდებს და ქმნის ფართო კულტურულ და პროფესიულ სივრცეს საგუნდო ხელოვნების განვითარებისთვის. წლევანდელ კონკურსში 24 ქვეყნის 37 გუნდი მონაწილეობს.
კონკურსის ორგანიზატორია მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია INTERKULTUR, რომელიც ერთ-ერთი პირველია საგუნდო კონკურსებისა და ფესტივალების მიმართულებით.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.