ანდრეი სიბიგა - რუსეთის თავდასხმები უკრაინის პორტებსა და საექსპორტო მარშრუტებზე საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინის პორტებსა და საექსპორტო მარშრუტებზე გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. მისივე თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის მიერ ადგილის უკანონო დაკავება საერთაშორისო უსაფრთხოებას არყევს.

რუსეთის თავდასხმები უკრაინის პორტებსა და საექსპორტო მარშრუტებზე საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასაც, რადგან შედეგები ჩვენი საზღვრების მიღმაც ვრცელდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კრემლი კვლავ საფრთხის ქვეშ აყენებს მილიონობით ადამიანის საარსებო წყაროს, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც უკრაინულ სასოფლო-სამეურნეო ექსპორტზე არიან დამოკიდებულები.
სიბიგა ხაზს უსვამს, რომ უკრაინა კვლავაც გააგრძელებს თავისი წვლილის შეტანას გლობალური სასურსათო მარაგების უზრუნველყოფაში, მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, ხელი შეუშალოს ამ პროცესს.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ლატვიას და პირადად პრეზიდენტ ედგარ რინკევიჩს უკრაინის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის თავმჯდომარეობისთვის. ასევე თურქეთს, ინდოეთს, ეგვიპტესა და ფილიპინებს შეხვედრაში მონაწილეობისთვის.
“თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია; მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის აგრესიული ომის შედეგები ევროპის კონტინენტის საზღვრებს ბევრად სცდება. უსაფრთხოების საბჭოს ეკისრება პასუხისმგებლობა, წინ აღუდგეს რუსეთის აგრესიით გამოწვეულ საფრთხეს”, - აცხადებს სიბიგა.
ამასთან, მისი თქმით, უსაფრთხოების საბჭოში საბჭოთა კავშირის მუდმივი ადგილის რუსეთის მიერ უკანონო დაკავება გაეროს სისტემაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წინააღმდეგობად რჩება. სიბიგა მიიჩნევს, რომ მოსკოვი იყენებს პოზიციას, რომელიც მას არასდროს კანონიერად არ მოუპოვებია, რათა საკუთარი აგრესია საერთაშორისო შედეგებისგან დაიცვას.
“საბჭოს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის სანდოობას.მოსკოვი წლების განმავლობაში ცდილობს გაერკვიოს, რა მასშტაბის ნგრევის გამოწვევა შეუძლია მანამდე, სანამ საერთაშორისო რეაქცია კრემლისთვის აუტანელი გახდება. ყოველი თავდასხმა, რომელიც უპასუხოდ რჩება, მხოლოდ ამ გათვლას ამყარებს. დროა, ეს შეიცვალოს. რუსეთმა უნდა დაკარგოს ის რესურსები, გავლენა და შესაძლებლობები, რომლებიც მას ამ ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს”, - აცხადებს სიბიგა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…