რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორპუსი აშენდება - ჯანდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა
ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის დაპროექტებაზე ხელშეკრულება საერთაშორისო კომპანია ICME Healthcare-თან გააფორმა. პროექტი ახალი შენობის მშენებლობასთან ერთად არსებული 12-სართულიანი კორპუსის ინტეგრაციასა და განახლებას ითვალისწინებს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი, მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, სადაც თანამედროვე სამედიცინო სერვისები განთავსდება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქმე ის არის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამარტივებული შესყიდვა მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გამოაცხადა.
პროექტი ითვალისწინებს ახალი, მაღალტექნოლოგიური კორპუსის მშენებლობასა და მის ინტეგრაციას არსებულ 12-სართულიან შენობასთან, სადაც საოპერაციო, რეანიმაციული, რადიოლოგიური და გადაუდებელი დახმარების ბლოკები განთავსდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო საპროექტო მომსახურების გამარტივებულ შესყიდვა მაშინ იმით განმარტა, რომ არსებულ შენობაში თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფა ტექნიკურ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული, ხოლო პროცესის შეფერხება დამატებით ფინანსურ ხარჯებსა და პროექტის გაჭიანურებას გამოიწვევდა.
უწყების ცნობით, ახალი შენობის არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით, სამინისტრომ ხელშეკრულება საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან გააფორმა. შერჩეულ საერთაშორისო კომპანიას სამედიცინო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ახალ კორპუსში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული კომპლექსური სამედიცინო მომსახურების მიმართულებები, მათ შორის:
საოპერაციო ბლოკი;
რეანიმაციის დეპარტამენტი;
ინტენსიური თერაპია;
გადაუდებელი დახმარება (ER);
რადიოლოგიის დეპარტამენტი.
აღნიშნული სერვისები არსებული შენობიდან ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში გადაინაცვლებს. რეაბილიტაციის კონცეფციის თანახმად, პარალელურად იგეგმება რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობების განახლებაც.
2024 წლის 22 იანვარს წინა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა არარენტაბელური იყო და იგეგმებოდა კლინიკის დემონტაჟი და მის ბაზაზე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება. ამ გადაწყვეტილებას კლინიკის ექიმების პროტესტი მოჰყვა. საავადმყოფოს დანგრევის დაანონსებასთან ერთად, თანამშრომლებს კომპენსაცია შესთავაზეს.
თუმცა, 2024 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ შეცვალა.
არსებული მდგომარეობით, საავადმყოფოს არაერთი სართული უფუნქციოა და შენობის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან მოდერნიზაციას საჭიროებს.
2026 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს უფლება მისცა 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.