ზურაბ გურული: ნიკოლა სარკოზის სააკაშვილის მიმართ უდიდესი სიმპათიებიც რომ ჰქონოდა, ვერაფერს გააწყობდა ანგელა მერკელის ევროკავშირთან, ან უკვე ნიჩაბზე დადებული ბუშის ამერიკასთან
მალე ამერიკის შუალედური არჩევნები ჩატარდება, სადაც რესპუბლიკური პარტია საკმაოდ მწარე დამარცხებას იგემებს. ეს პრაქტიკულად გარდაუვალია. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია საკუთარი პოლიტიკური მისია ამოწურულად ჩათვალოს. დარჩენილი ორი წელი კატასტროფული ზიანის დასასტაბილურებლად გაიხარჯება.
მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული:
რადგანაც ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხოცავენ ...
--------------------------
რა არჩევანი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს 2008 წელს ნიკოლა სარკოზისთან საუბრის დროს?
არაერთხელ მიფიქრია ამ შეკითხვაზე.
არასოდეს მიფიქრია ოღონდ შებრუნებულ შეკითხვაზე:
-რა არჩევანი ჰქონდა სარკოზის?-
შეეძლო უკეთესი ხელშეკრულების გაჩარხვა პუტინთან? რის ხარჯზე? რაიმე კონკრეტული ძალა იდგა სარკოზის უკან? შეეძლო მას პუტინთან ჩახუტებული ევროპის მრისხანების იმედი ჰქონოდა? ან ამერიკის, სადაც სულ ცოტა ხანში ახალი მთავრობა მოდიოდა, რომელიც საერთოდ გადატვირთვას დაიწყებდა პუტინთან?
მალე ამერიკის შუალედური არჩევნები ჩატარდება, სადაც რესპუბლიკური პარტია საკმაოდ მწარე დამარცხებას იგემებს. ეს პრაქტიკულად გარდაუვალია. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია საკუთარი პოლიტიკური მისია ამოწურულად ჩათვალოს. დარჩენილი ორი წელი კატასტროფული ზიანის დასასტაბილურებლად გაიხარჯება.
ამაზე ამერიკელებმა იდარდონ. შეიცვლება რაიმე სასიკეთოდ უკრაინასთან მიმართებაში?
რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა პრეზიდენტ ბაიდენსაც ზუსტად ისე უშლიდა ხელს თუ ნერვებს, როგორც პრეზიდენტ ტრამპს.
2024 წელს, ბაიდენმა და თავდაცვის მინისტრმა ოსტინმა ასე მიმართეს ზელენსკის:
"უკრაინას ურჩევნია უშუალო საომარი ტაქტიკური სამიზნეები დაბომბოს და არა რუსული ნავთობის ინფრასტრუქტურა". როდესაც ოსტინს ჰკითხეს, თუ რატომ გააკეთა ასეთი განცხადება, პასუხი ასეთი იყო: -ამ დაბომბვებს ნოკაუტის ეფექტი ექნება საწვავის გლობალურ მომარაგებაზეო-.
ბუნებრივია. არა აქვს მნიშვნელობა, ამერიკის პრეზიდენტი დემოკრატია თუ რესპუბლიკელი. მათი მთავარი მიზანია ამერიკელი ამომრჩევლისათვის ცხოვრების გაძვირება არ მოხდეს.
2022 წლის ოქტომბერში კონგრესის ე.წ. პროგრესისტებმა, აი იმათმა, ვინც ამჟამად დომინირებენ დემოკრატიულ პარტიაში, დეპუტატ ჯეიპალის თამადობით და რომლებიც ყველაზე ხმამაღლა იხმაურებენ კონგრესში ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ოფიციალური წერილით მიმართეს პრეზიდენტ ბაიდენს, რომ უკრაინასთან მიმართებაში აქცენტი კონფლიქტის დიპლომატიურ მოგვარებაზე აეღო და არა სამხედრო დახმარების ორგანიზებაზე.
გულუბრყვილოთ შეუძლიათ გააგრძელონ საკუთარი სასოწარკვეთილი ბრაზის პროექცირება კონკრეტულ საძულველ ობიექტზე, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ შეცვლის ობიექტურ რეალობას. ამერიკის ნებისმიერი მთავრობა მუდამ და ყოველთვის იხელმძღვანელებს იმით, თუ რა არის მოცემულ მომენტში მისი პარტიისათვის პოლიტიკურად მომგებიანი. პოლიტიკურად მომგებიანი კი ყოველთვის ის არის, რაც ამომრჩევლებს სურთ.
ნიკოლა სარკოზის სააკაშვილის მიმართ უდიდესი სიმპათიებიც რომ ჰქონოდა, ვერაფერს გააწყობდა ანგელა მერკელის ევროკავშირთან, ან უკვე ნიჩაბზე დადებული ბუშის ამერიკასთან. რეალური ძალა იმ მომენტში ჰქონდა მხოლოდ პუტინს.
როდესაც გონიერი ქართველი უკრაინის ბედზე მსჯელობს, საკითხი უნდა დასვას ასე:
-რა არჩევანი დარჩა უკრაინას? და რამდენი დრო დარჩა? -
პრეზიდენტ ჰარისის ან ოკასიო-კორტესის მოსვლამდე ჯერ კიდევ ორი წელიწადია. ამერიკის სამხედრო მარაგები დაცლილია. არსებითი ფინანსური ტრანშების იმედი ფაქტიურად ნულოვანია ამერიკის მიმდინარე ეკონომიკის ფონზე. რჩება ევროებზე გასაყიდი იარაღის გარკვეული რაოდენობა და სადაზვერვო ინფორმატიკა. მეტი არაფერი.
ევროკავშირმა უკრაინას უარი უთხრა 30 მილიარდიან ფინანსურ ტრანშზე მანამ, სანამ სერიოზულ ანტი-კორუფციულ რეფორმებს არ ჩაატარებენ ქვეყანაში. არადა, თავის მიმართვაში უკრაინა აღნიშნავდა, რომ ეს ფული სასწრაფოდ სჭირდებოდა მიმდინარე საომარი მდგომარეობის დასასტაბილურებლად. ევროკავშირი არ შეუძრავს ზელენსკის ღაღადს. ფული არ გადაირიცხება.
-ომის დროს რა კორუფციასთან ბრძოლაზეა საუბარი - განაცხადებს აღშფოთებული ქართველი მოაზროვნე. რა ვიცი აბა, ჰკითხეთ ევროკავშირს. ფული მაგათ უნდა გადარიცხონ.
პრეზიდენტ სააკაშვილს ერთადერთი არჩევანი ჰქონდა. საქართველოს სახელმწიფოებრიობა უნდა შენარჩუნებულიყო ნებისმიერ ფასად. რუსული ჯარი მარშით არ უნდა შემოსულიყო თბილისში.
რა არჩევანი აქვს პრეზიდენტ ზელენსკის?
ისიც ქანცგაწყვეტილია უკვე ქართველი პრეზიდენტივით. შიგნიდან კორუფცია და ოპოზიციის დაწოლა, გარედან იმპოტენტი მოკავშირეები, რომლებიც უკვე ფულსაც ამადლიან, თუ არ გადადგება.
ვინ იცის ... ქანცგაყვეტილ ცხენებს ხომ ხოცავენ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.