მიხეილ ზაქარეიშვილი: რასაც სურათზე ხედავთ, ეს არის კატასტროფა
მიხეილ ზაქარეიშვილი: გუშინ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა ბათუმში, რის შედეგებსაც, სავარაუდოდ, ჯერჯერობით ვერ ვიაზრებთ. ერთი ისაა, რომ უცხოურ მედიაში ხშირად ხაზს უსვამენ არა უბრალოდ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას, არამედ ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ინციდენტს/სკანდალს. ამაზე დიპლომატებმა ილაპარაკონ, მე კი ფეხბურთზე გავაკეთებ აქცენტს.

სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ ზაქარეიშვილი:
გუშინ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა ბათუმში, რის შედეგებსაც, სავარაუდოდ, ჯერჯერობით ვერ ვიაზრებთ
ერთი ისაა, რომ უცხოურ მედიაში ხშირად ხაზს უსვამენ არა უბრალოდ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას, არამედ ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ინციდენტს/სკანდალს. ამაზე დიპლომატებმა ილაპარაკონ, მე კი ფეხბურთზე გავაკეთებ აქცენტს
რასაც სურათზე ხედავთ, ეს არის კატასტროფა.
FIFA-ს უსაფრთხოების რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ სტადიონზე "აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღისა და ხალხის მასის კონტროლისთვის განკუთვნილი გაზის ტარება ან გამოყენება." აქ არაა საუბარი მხოლოდ ცრემლსადენ გაზზე, მასის კონტროლისთვის განკუთვნილ გაზში შედის წიწაკის სპრეიც. ისედაც ლოგიკური იყო, რომ სტადიონზე, საიდანაც გაქცევის შესაძლებლობა ძალიან გაქვს შეზღუდული, ასეთი რაღაცის გამოყენება დაშვებული არ იქნებოდა
მსგავსი ღონისძიებების ტრიბუნებზე გამოყენება განსაკუთრებით მას შემდეგ გამკაცრდა, რაც 2022 წელს ინდონეზიაში ცრემლსადენი გაზის გაშვებას ჭყლეტა და 135 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. გასაგებია, რომ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი მასშტაბებით განსხვავდება, მაგრამ ტრიბუნებზე გამოყენების სტანდარტები ორივე შემთხვევაში განსაკუთრებულია
2022 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს პარიზში წიწაკის სპრეის გამოყენებას UEFA-ს გამოძიება მოჰყვა. გამოძიების დასკვნაში ვკითხულობთ: "ჯგუფი ასკვნის, რომ ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის გამოყენების ადგილი ფეხბურთის ზეიმზე არ არის". და ეს მაშინ, როცა პოლიციამ ეს ნივთიერებების სტადიონს გარეთ გამოიყენა და არა ტრიბუნებზე
იმავე გამოძიების ფარგლებში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საფრანგეთის ხელისუფლების მზაობა, მომავალში მსგავსი მასშტაბის საფეხბურთო ღონისძიებას უმასპინძლონ. 2023 წელს სწორედ ამ მიზეზით გამოეთიშა საფრანგეთი 2025 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლას. 2022 წლამდე 4 წლის განმავლობაში საფრანგეთმა 4 მნიშვნელოვან საფეხბურთო ღონისძიებას უმასპინძლა (ევროპა ლიგის ფინალი, ქალთა 20-წლამდელთა მუნდიალი, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი), 2022 წლის შემდეგ კი არცერთს. ეს shadow ban ქვეყანას 2 თვის წინ მოეხსნა, როდესაც 2028 წლის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლად ლიონი დასახელდა
ჩვენ კანონმდებლობას რაც შეეხება... ახალს ვერაფერს გეტყვით. ქართულმა პოლიციამ პოლიციის შესახებ კანონი კიდევ ერთხელ გადაიხია თავზე. კიდევ ვნახეთ კადრები, სადაც ჩანს, რომ ადამიანი იმწუთიერ საფრთხეს არ წარმოადგენს (მაქსიმუმ იგინება), მაგრამ პოლიციელი მის წინააღმდეგ ძალას იყენებს და მერე არც კი აკავებს, იქვე მიაგდებს (და ეს მაშინ, როდესაც ის ვალდებულია, მის მიერვე დაზიანებულ პირს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს). ასეთ კადრებს ჩვენ კი მივეჩვიეთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე რას გამოიწვევს, ჯერ არ ვიცით
P.S. მგონი ახლა ნათლად გამოჩნდა, სინამდვილეში რამდენად მშვიდობიანი იყო ჩვენი აქციები
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…