თემურ გაგნიძე: სუროგაციის რეგულირების საკითხზე მსჯელობისას ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, როგორ აისახება საკანონმდებლო ცვლილება უკვე დაწყებულ სამედიცინო პროცესებზე, მოქმედ ხელშეკრულებებსა და სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე
თემურ გაგნიძე: თუ საბოლოო გადაწყვეტილება სუროგაციის აკრძალვას ითვალისწინებს, მისი ამოქმედება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, წინასწარ განსაზღვრული ვადებითა და მკაფიო გარდამავალი დებულებებით. თითოეულ მხარეს წინასწარ უნდა ჰქონდეს პასუხი, როდის შეეხება მას ცვლილება, როგორ შეძლებს უკვე აღებული ვალდებულებების შესრულებას და რა მექანიზმებით იქნება დაცული მისი უფლებები.

რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი "უნივერსი”- ის გენერალური დირექტორი, მედიცინის დოქტორი თემურ გაგნიძე:
ჩემი მოკრძალებული, მშვიდი არგუმენტირებული და პასუხისმგებლობის გრძნობაზე ორიენტირებული გზავნილი/კომენტარი არის ის, რომ სუროგაციის რეგულირების საკითხზე მსჯელობისას ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, როგორ აისახება საკანონმდებლო ცვლილება უკვე დაწყებულ სამედიცინო პროცესებზე, მოქმედ ხელშეკრულებებსა და სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე.
თუ სახელმწიფო სუროგაციის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ახალი წესების ამოქმედების ვადები და გარდამავალი პირობები თავად საკანონმდებლო ცვლილების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.
მოქმედი რეგულაციების საფუძველზე კლინიკებს, ექიმებს, ემბრიოლოგებსა და სხვა სპეციალისტებს აღებული აქვთ პროფესიული, სახელშეკრულებო და ფინანსური ვალდებულებები. მათ შორისაა საბანკო სესხები და სხვა გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები.
ახალი წესების მოკლე ვადაში ამოქმედებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი მძიმე ფინანსური შედეგები გამოიწვიოს სამედიცინო დაწესებულებებისთვის, სფეროში დასაქმებული პირებისა და მათი ოჯახებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პაციენტებსა და სუროგაციის პროცესის სხვა მონაწილეებს. გარდამავალმა დებულებებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, რა პირობებით გაგრძელდება უკვე დაწყებული მკურნალობა, როგორ შესრულდება დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები და როგორ იქნება დაცული თითოეული მხარის უფლებები.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, საკანონმდებლო განხილვის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები.
1. გარდამავალი პერიოდის დაწესება სულ მცირე 2027 წლის ბოლომდე, რათა კლინიკებსა და სპეციალისტებს ჰქონდეთ საკმარისი დრო საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან მისასადაგებლად და აღებული ფინანსური ვალდებულებების მოსაწესრიგებლად.
2. უკვე დაწყებული სამედიცინო და სამართლებრივი პროცესების დაცვა, მათ შორის, მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა იმის შესახებ, თუ რომელი პროცესები ექვემდებარება გარდამავალ წესებს და რა პირობებით შეიძლება მათი გაგრძელება ან დასრულება.
3. საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის შესაძლებლობის შენარჩუნების განხილვა მკაფიოდ განსაზღვრული პირობებისა და მკაცრი სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში.
4. საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რომელიც დაადგენს სფეროში მოქმედი პირების პასუხისმგებლობას, დაიცავს პაციენტებისა და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებებს.
5. უცხოელი ინვესტორებისა და უცხოური კომპანიების საქმიანობის რეგულირების ცალკე განხილვა, მათ შორის, საქმიანობის პირობების, ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის მექანიზმების განსაზღვრა.
სახელმწიფოს მიერ სუროგაციის პოლიტიკის გადახედვისას სამართლიანი მიდგომა მოითხოვს, როგორც ცვლილების მიზნების, ისე იმ პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას, რომლებმაც გადაწყვეტილებები მოქმედი წესების საფუძველზე მიიღეს.
ამ ინტერესების შეფასება მნიშვნელოვანია, როგორც პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის, ისე იმ სპეციალისტებისა და დაწესებულებებისთვის, რომლებსაც უკვე აღებული აქვთ მათ წინაშე პასუხისმგებლობა.
თუ საბოლოო გადაწყვეტილება სუროგაციის აკრძალვას ითვალისწინებს, მისი ამოქმედება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, წინასწარ განსაზღვრული ვადებითა და მკაფიო გარდამავალი დებულებებით. თითოეულ მხარეს წინასწარ უნდა ჰქონდეს პასუხი, როდის შეეხება მას ცვლილება, როგორ შეძლებს უკვე აღებული ვალდებულებების შესრულებას და რა მექანიზმებით იქნება დაცული მისი უფლებები
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…