ლევან კობალაძე: იძულებული ვართ სოციალურ ქსელებში გამოვიტანოთ სააშკარაოზე და რეაგირებისათვის ის აბსოლუტურად გაუმართლებელი და ბოროტი განზრახვა, რასაც ეხლა მერია ახორციელებს რუსთაველი პროსპექტზე…
მოგიწოდებთ ყველას (დაწყებული ტაქსის მძღოლებით, დამთავრებული მთაწმინდის და ასევე სხვა უბნების მოსახლეობით) მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს პოსტი და დავთქვათ რომელიმე დღე და გამოვიდეთ პროტესტის გამოსახატავად, ვინაიდან ლოგიკური საუბარი და მსჯელობა მერიას არ სურს..

ლევან კობალაძე:
ქალაქ თბილისის მერიას!
ბატონო კახა, თქვენი მერის თანამდებობაზე 10 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა დედაქალაქისთვის, რისთვისაც მადლობას და შექებას იმსახურებთ, მაგრამ ასევ დაგროვდა ბევრი პრობლემა, რაზეც არ შეიძლება სერიოზული გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად და საკუთარი ხუშტურების მიხედვით მიღება, შეგვხვდით მაცხოვრებლებს, მოიყვანეთ ის სპეციალისტები, ვინც დაასაბუთებენ ამ გადაწყვეტილების ავკარგიანობას და მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთობლივი მსჯელობის, დადებითი და უარყოფითი მხარეების შედარებითი შეჯამებით! მთაწმინდის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის სახელით წერილობით მოგმართეთ შეხვედრის თხოვნით და თქვენ არ ისურვეთ და გადააწერეთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფ საგზაო დეპარტამენტს, რომელიც თქვენს გარეშე მაინც ვერ წყვიტავს ვერაფერს და ასე ჩაიკარგა ბიუროკრატიის ლაბირინტებში ჩვენი თხოვნაც.
ამიტომაც იძულებული ვართ სოციალურ ქსელებში გამოვიტანოთ სააშკარაოზე და რეაგირებისათვის ის აბსოლუტურად გაუმართლებელი და ბოროტი განზრახვა, რასაც ეხლა მერია ახორციელებს რუსთაველი პროსპექტზე…
საუბარია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთაველზე შუქნიშნებიანი 4 კვანძის მოწყობაზე თავისი საფეხმავლო გადასასვლელებით.. ეს იქნება სრული კატასტროფა ქალაქისთვის -კატეგორიულად არ შეიძლება რუსთაველზე ამის გაკეთება, ვინაიდან ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამტარი არტერია და რუსთაველზე შეფერხებული მოძრაობა მთელი ქალაქის პარალიზებას იწვევს ხოლმე. თავის დროზე იყო საფეხმავლო გადასასვლელები, შუქნიშნებიც და ჩამოსახვევებიც, მაგრამ კომუნისტებიც კი მიხვდნენ და იმ დროს 100-ჯერ უფრო ნაკლები ინტენსივობის მოძრაობის პირობებში მიიღეს გადაწყვეტილება და რუსთაველზე 4 მიწისქვეშა გადასასვლელი გაკეთდა (+2 თავისუფლების მოედანზე), პროსპექტის თავში და ბოლოში დასატრიალებლებით მანქანების..
მერია მუდმივად აპელირებს ქვეითების უფლებებზე და კომფორტზე და მძღოლებიც ასეთივე მოქალაქეები ვართ ჩვენი უფლებებით და + უზარმაზარი გადასახადების გადამხდელები, ვინც სერიოზულად ავსებს ქალაქის და ქვეყნის ბიუჯეტს, შესაბამისად ჩვენს ხარჯზე არ შეიძლება ყველანაირი შეზღუდვების დაწესება და დისკომფორტით ჩაგვრა! ჭავჭავაძეზე აბსოლუტურად ალოგიკური 6 ზოლიანი პროსპექტის გადაქცევა 2 ზოლიან უამრავშუქნიშნიან მუდმივ საცობად მერიამ ერთადერთი მიზეზით ახსნა (ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე ვიცე-მერის განცხადება), რომ აიძულონ მძღოლები მანქანები გააჩერონ და საზოგადოებრივი ტრანპორტით იმოძრაონ ( ამდენი წლის გამოცდილებამ ანახა, რომ ეს მექანიზმი არ მუშაობს!) - თქვენ ცდილობთ ქალაქში არსებული მძიმე სიტუაცია მოძრაობის გადატვირთვით და საცობებით გამოასწოროთ აკრძალვებით, ჯარიმებით, მძღოლებისთვის ხელოვნური სირთულეების შექმნით (ორიოდე დღის წინ ახალი “გენიალური” იდეებიც გააჟღერეთ კენტ და ლუწ ნომრიანი მანქანების დღეგამოშვებით მოძრაობის და გარკვეულ უბნებში შესასვლელად საფასურის დაწესების შესახებ). არ შეიძლება თქვენი გამორჩეულობით და ერთადერთი სიმართლის მატარებლობით ტრფობა და აკვიატებული იდეების დაჟინებული დანერგვა მთელი ქალაქის საზიანოდ. დღეს მანქანით სარგებლობა მოსახლეობის 95%-თვის აუცილებლობით არის განპირობებული (მაქსიმუმ 5% შეიძლება დასეირნობდეს (“კატაობდეს”) მანიაკალურად გაძვირებული საწვავის და საცობების პირობებში), არავის არ ეხალისება ამ გადატვირთულ მოძრაობაში საათობით დასტრესილი გადაადგილება, მაგრამ სხვა ალტერნატივა არა აქვთ (საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასრულყოფილებასა და დეფიციტზე აღარ შევჩერდები) და თქვენ ცდილობთ კიდევ უფრო გაურთულოთ ცხოვრება ხელოვნური ბარიერების შექმნით - რამდენი საპარკინგე ადგილი შექმენით 10 წლის მანძილზე (არსებული სადგომების შემოხაზვა და ფასის დაწესება არ ითვლება) - არც ერთი! რამდენი მიწისზედა გადასასვლელი ხიდი დაშალეთ და იქ შუქნიშნები დააყენეთ, რამდენი გზა დაავიწროვეთ ტროტურების გაფართოვებით, ველობილიკების, ბასლაინების მოწყობით, რამდენი ახალი შუქნიაშნიანი გადასავლელი გააკეთეთ ყოველ 100 მეტრში (მაგ. ბელიაშვილის ქუჩაზე), იმის მაგივრად, რომ აგეშენებინათ ახალი ხიდები, ესტაკადები, მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელები, ისე მოგეწყოთ მოძრაობის ნაკადები, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაეცალათ მანქანებს ქუჩები.
რაც შეეხება "ზრუნვას შეზღუდული შესაძლებლობების მოქალაქეებზე", ბევრად ეფექტური იქნება მოაწესრიგოთ მიწისქვეშა გადასასვლელები, აამუშაოთ ლიფტები და ესკალატორები მათთვის ვინც გადაადგილების სპეციალური საშუალებებით სარგებლობენ. ამით ავიცილებთ ქალაქის საბოლოო პარალიზებას!
და ბოლოს - თუ ესაა ძირითადი მიზეზი, რომ გაიტანოთ თქვენი აკვიატებული იდეა და მძღოებისთვის გადაადგილების გართულებით აიძულოთ მანქანები დააყენონ და ფეხით და საზოგადოებრივი ტრასპორტით ისარგებლონ, გაიგეთ ეს აბსურდია და არ მუშაობს. იმდენს ნუ იზამთ, რომ ბოლოს დანევროზებული ფსიქიკურად აშლილი საზოგადოება ქუჩებში გამოიყვანოთ პროტესტზე!!! სანამ გვიანი არ არის და არ გაკეთდა რუსთაველზე მიწისზედა გადასასვლელები თავის შუქნიშნებით, დროულად არის განგაშის ზარი ჩამოსაკრავი!
მოგიწოდებთ ყველას (დაწყებული ტაქსის მძღოლებით, დამთავრებული მთაწმინდის და ასევე სხვა უბნების მოსახლეობით) მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს პოსტი და დავთქვათ რომელიმე დღე და გამოვიდეთ პროტესტის გამოსახატავად, ვინაიდან ლოგიკური საუბარი და მსჯელობა მერიას არ სურს..
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
Kakha Kaladze კახა კალაძე
@ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური


მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…