ახლადშესვენებული მიტროპოლიტი აბრაამი, რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს 2001 წელს სწერდა...
ახლადშესვენებული მიტროპოლიტი აბრაამი, რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს 2001 წელს სწერდა, თქვენო უწმიდესობავ, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა თქვენი "განცხადება სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედების ესკალაციასთან დაკავშირებით", რომლის შინაარსი გაოცებას იწვევს და რამდენიმე კითხვის დასმის საბაბსაც იძლევა.

ახლადშესვენებული მიტროპოლიტი აბრაამი, რუსეთის პატრიარქ ალექსი II-ს 2001 წელს სწერდა:
მის უწმიდესობას, ალექსი II-ს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს
"თქვენო უწმიდესობავ,
მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა თქვენი "განცხადება სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედების ესკალაციასთან დაკავშირებით", რომლის შინაარსი გაოცებას იწვევს და რამდენიმე კითხვის დასმის საბაბსაც იძლევა.
1. განცხადება არ ითვალისწინებს, რომ საქმე ეხება კონფლიქტურ სიტუაციას, რომელიც შექმნილია საქართველოს სუვერენული სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. განცხადება გამიზნულია იმისთვის, რომ შენარჩუნდეს შექმნილი ვითარება და არ მოხერხდეს რუსეთის მიერ ინსპირირებული და ორგანიზებულია კონფლიქტის სამართლიანი გადაწყვეტა.
2. თქვენო უწმიდესობავ, რატომ მაშინ არ გამოთქვით მსგავსი მშვიდობიანი ინიციატივა, როცა რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების ხელმძღვანელობითა და "მართლმადიდებელი რუსი მხედრობის" აქტიური მონაწილეობით იმართებოდა ქართველი ხალხის გენოციდი და ეთნიკური წმენდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში? ამ გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი ხომ მართლმადიდებელი ქართველები იყვნენ.
3. რატომ დაუშვით თქვენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობა დაძაბულობის გამძაფრებაში, რითაც ხელს უწყობდით კონფლიქტურ რეგიონებში ანტიქართულ განწყობას?
4. რატომ დართეთ თქვენთან თანამსახურების ნება მღვდელს, ბესარიონ ფილიას, რომელიც, როგორც თქვენთვის ცნობილია, არ ემორჩილება კანონიერ საეკლესიო მთავრობას. რა დამსახურებისთვის იღებს იგი რუსეთის ეკლესიისგან მხარდაჭერასა და ჯილდოებს?
5. რომელ თორმეტწლიან მშვიდობასა და სიწყნარეზე შეიძლება ლაპარაკი, როცა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ფაქტობრივად ანექსირებულია და ასეულობით ათას დევნილს შინ დაბრუნება არ შეუძლია რუსეთის სახელმწიფოს აგრესიული და ე. შევარდნაძის კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად?
6. ოსი და ქართველი ხალხი კი არ დაუპირისპირდა ერთმანეთს, არამედ ადგილი აქვს დაპირისპირებას რუსეთის აგრესიულ იმპერიულ პოლიტიკასა და სუვერენული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს შორის.
ერთადერთი, რასაც ჩემს სამშობლოს ვუსურვებდი, ისა, რომ რუსეთი ჩამოშორდეს კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეს საქართველოში, რომელიც უკვე მეორე საუკუნეა იტანჯება რუსული სახელმწიფოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მტრული პოლიტიკის გამო.
რუსეთის მონაწილეობა კი არა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა კონფლიქტთა სამართლიანი დარეგულირების გარანტი.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი
აბრაამი (გარმელია), 2001 წ."
ავადმყოფობის შემდეგ, 78 წლის ასაკში, გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია.
24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და მრევლს მისთვის ლოცვა სთხოვა.
იქამდე, 20 ნოემბერს, მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა დასავლეთ ევროპის ეპარქიამაც და სამწყსოს მიტროპოლიტის ლოცვებში მოხსენიება სთხოვა - "გთხოვთ გავერთიანდეთ ლოცვებში, შევთხოვოთ უფალ ღმერთს ჩვენი მღვდელმთავრის, მეუფე აბრაამის ჯანმრთელობა და შეწევნა" - დაწერა დასავლეთ ევროპის ეპარქიამ სოციალურ ქსელში.
მიტროპოლიტი აბრაამი ბერად 1988 წელს აღიკვეცა, 1996 წელს აკურთხეს ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსად, სადაც 1996 წლამდე იყო.
1993-2003 წლებში იყო თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი.
1995 წელს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა და თანამდებობა 2002 წლამდე ეკავა.
1996-1998 წლებში საგარეჯო-გურჯაანის ეპისკოპოსი გახდა, 1998 წელს კი მთავარეპისკოპოსად აკურთხეს.
1998-2002 წლებში იყო ჭიათურისა და საჩხერის მთავარეპისკოპოსი. 2000 წელს მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი.
2002 წლიდან კი გახდა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი. 2007 წლის 21 დეკემბერს დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2008 წლის 16 ნოემბერს მიტროპოლიტი აბრაამი დაჯილდოვდა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…