თეონა ლოდია: არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემი რომელიმე კოლეგის ნებართვით აღმოჩნდა ბავშვის პალატაში ამდენი უცხო ადამიანი
თეონა ლოდია: ბავშვის პირადი საზღვრების დარღვევა: პალატა არის ბავშვის პირადი, ინტიმური სივრცე, სადაც ის ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაშია. პოლიტიკური თუ პიარის მიზნით კამერებით შესვლა უხეშად არღვევს ბავშვის პირად სივრცეს. გარდა ამისა, ამ კადრების გასაჯაროება ქმნის გრძელვადიან სტიგმას - როდესაც ბავშვი გაიზრდება, ინტერნეტში მუდმივად იარსებებს მისი ყველაზე ტრაგიკული და უმწეო მომენტის ამსახველი ვიდეო, რაც მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკში დამატებითი ფსიქოლოგიური ტრავმის წყარო შეიძლება გახდეს.

ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი, თეონა ლოდია:
კოლეგებმა უკვე დაწერეს და მადლობა მათ! მაგრამ ვწერ იმიტომ, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მისწვდეს ხმა და რაც ხდება, ნორმალური არ გვეგონოს!!!
ფსიქოლოგები მუშაობენ ბავშვებთანო. არ მინდა დავიჯერო, რომ ჩემი რომელიმე კოლეგის ნებართვით აღმოჩნდა ბავშვის პალატაში ამდენი უცხო ადამიანი.
3 წლის ბავშვი, რომელმაც გადაიტანა სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე და დაკარგა ემოციური მიჯაჭვულობის მთავარი ფიგურა, იმყოფება მწვავე სტრესულ მდგომარეობაში.
ამ ფონზე ბავშვის პალატაში უცხო ადამიანების შესვლა (მით უფრო კამერების განათებისა და ჩხაკუნის თანხლებით) იწვევს რამდენიმე მძიმე ფსიქოლოგიურ შედეგს:
• ხელახალი ტრავმატიზაცია და საფრთხის განცდის გაძლიერება: 3 წლის ასაკში ბავშვი სამყაროს აღიქვამს სენსორული სიგნალების (ხმაური, სინათლე, სახეები) დონეზე. ნგრევის დროს განცდილი ქაოსის, ხმაურისა და შიშის შემდეგ, პალატა მისთვის უნდა იყოს მაქსიმალურად მშვიდი და პროგნოზირებადი გარემო. უცხო ადამიანების, ხმაურისა და მოულოდნელი განათების უეცარი შეჭრა ტვინის მიერ აღიქმება, როგორც ახალი საფრთხე და თავდასხმა, რაც ხელახლა ააქტიურებს ძლიერ ნეგატიურ ემოციებს.
• 3 წლის ასაკისთვის ისედაც დამახასიათებელია უცხო ადამიანების შიში და ყველა უცხო ადამიანი პოტენციურ საფრთხედ აღიქმება. როდესაც ბავშვი კარგავს ადამიანს, რომელიც მისი უსაფრთხოების მთავარი გარანტი იყო, მას ბაზისური უსაფრთხოება ერღვევა. ასეთ დროს მას სჭირდება მხოლოდ ერთი ან ორი ნაცნობი, სანდო ახლობლის (მაგალითად, მამის, ბებიის) გვერდით ყოფნა. ფსიქოლოგმაც კი ბავშვისთვის სანდო ადამიანთან ერთად, ძალიან ფრთხილად უნდა იმუშაოს. უცხო კაცების ჯგუფის სიახლოვე მასში გამოიწვევს უმწეობისა და დაუცველობის განცდას, რამაც შესაძლოა სამომავლოდ გამოიწვიოს ნდობისა და ემოციური მიჯაჭვულობის მძიმე დარღვევები.
• სენსორული გადატვირთვა: ტრავმირებული ბავშვის ნერვული სისტემა გადატვირთულია. კამერების შუქი, მიკროფონები, უცხო ხმები, შესაძლო შეხება ან თავზე ხელის გადასმაც კი არის ზედმეტად ინტენსიური გამღიზინებელი, ბავშვს არ აქვს რესურსი ამ ინფორმაციის გადასამუშავებლად, რაც პირდაპირ აისახება მის ფიზიკურ და ფსიქიკურ გამოჯანმრთელებაზე.
• ბავშვის პირადი საზღვრების დარღვევა: პალატა არის ბავშვის პირადი, ინტიმური სივრცე, სადაც ის ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაშია. პოლიტიკური თუ პიარის მიზნით კამერებით შესვლა უხეშად არღვევს ბავშვის პირად სივრცეს. გარდა ამისა, ამ კადრების გასაჯაროება ქმნის გრძელვადიან სტიგმას - როდესაც ბავშვი გაიზრდება, ინტერნეტში მუდმივად იარსებებს მისი ყველაზე ტრაგიკული და უმწეო მომენტის ამსახველი ვიდეო, რაც მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკში დამატებითი ფსიქოლოგიური ტრავმის წყარო შეიძლება გახდეს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…