ეკა შარაშიძე: გამაგებინეთ, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი?
ეკა შარაშიძე: ახლა ყალბი სახეებით კი არ უნდა პოზირებდნენ კამერების წინ, ეს პოპულისტები, სრულიად საქართველოს ექსპერტები უნდა ისხდნენ და არკვევდნენ, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და რისი გაკეთებაა შესაძლებელი მისი პრევენციისთვის.

თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
საშინელება მოხდა და წარმოდგენაც კი მზარავს, რას გადიან ოჯახის წევრები.
მე არ ვარ ექსპერტი და არ ვიცი, რა გარემოებებში მოხდა ეს ყველაფერი.
ვერც ტექნიკურად გავარკვევ, რაც არ უნდა ვეცადო, მაგრამ ფაქტია, რომ ბუნებრივი აირით გამოწვეულ პრობლემებს საქართველოში უკვე არაერთი სიცოცხლე შეეწირა.
შესაძლებელი იყო და არის თუ არა მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილება?
კი, შესაძლებელია, რადგან გუშინ ბერლინის სტატისტიკას გადავხედე.
2012 წლის შემდეგ ბერლინში, სადაც მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია, გაზით გამოწვეული აფეთქება მხოლოდ ორჯერ მოხდა, მსხვერპლის გარეშე.
ხოლო მილიონნახევრიან თბილისში 15-ზე მეტჯერ და ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
როგორ ხდება ასე ან რატომ?
თავიდანვე, როგორც ვთქვი, მე არ ვარ ექსპერტი, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, როცა მთავრობას ქირაობ და ფულს უხდი, ის ვალდებულია, ამ ფულით დაიქირაოს ექსპერტები, რომლებიც ამ საქმეში ჩახედულები არიან.
მაგრამ როცა ერთადერთი ინტერესი ფულის კეთებაა, მთავრობა ექსპერტებს არა კვალიფიკაციის, არამედ ლოიალურობის მიხედვით არჩევს და მერე ხდება ის, რაც მოხდა გუშინ, გუშინწინ, იმის წინ და იმის, იმის წინ.
ასე რომ, ახლა ყალბი სახეებით კი არ უნდა პოზირებდნენ კამერების წინ, ეს პოპულისტები, სრულიად საქართველოს ექსპერტები უნდა ისხდნენ და არკვევდნენ, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და რისი გაკეთებაა შესაძლებელი მისი პრევენციისთვის.
და ევროპა კი არ უნდა აგინონ ამ უვიცებმა, უნდა ჰკითხონ, როგორ ხდება, რომ მათთან მსგავსი უბედური შემთხვევები მინიმუმამდეა დაყვანილი.
გამაგებინეთ, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი?
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…