ბექა კობახიძე: კი, იალტა 2-ს პირადად ეს კაცი და უკრაინა აჩერებს
პროფესორი ბექა კობახიძე: რა არის "იალტა 2"? ეს არის ევროპის გავლენის ზონებად გაყოფა, ახალი "რკინის ფარდა", სადაც საქართველო კვლავ ამ ფარდის მიღმა, რუსულ ჩეჩმაში რჩება.

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე:
კი, იალტა 2-ს პირადად ეს კაცი და უკრაინა აჩერებს.
რა არის "იალტა 2"? ეს არის ევროპის გავლენის ზონებად გაყოფა, ახალი "რკინის ფარდა", სადაც საქართველო კვლავ ამ ფარდის მიღმა, რუსულ ჩეჩმაში რჩება.
ეს ომი და უკრაინის არმია საქართველოს 21-ე საუკუნის ისტორიას წყვეტს. ვიქნებით დამოუკიდებლები და სუვერენულები თუ დავუბრუნდებით კოლონიურ სტატუსს? ვიქნებით განვითარების გზაზე თუ ცივილიზაციის საათი უკუღმა დაიწყებს ბრუნვას საქართველოში? თქვენი შვილები წარმატებული პროფესიონალები იქნებიან თუ მათ კვლავ დაეკისრებათ კოლონიზატორი ბატონის გართობის ფუნქცია?
აი ეს წყდება ახლა.
CNN-ის ჟურნალისტი: “პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მზადდება დიდი შეთანხმება, რომელიც მოიცავს იმაზე მეტს, ვიდრე მხოლოდ უკრაინა და მთელი ევროპაც კი. რა იცით ამ ჩარჩო შეთანხმების შესახებ?”
ვოლოდიმირ ზელენსკი: “ამერიკულ მხარეს სურდა ევროპულ-რუსული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის იდეის განხილვა. ჩემი აზრით, ეს არ არის მარტივი საკითხი და ჩვენს შორის რომ ვთქვათ, შესაძლოა სახიფათოც იყოს.”
- ჟურნალისტი: “გჯერათ ჯარედ კუშნერის, როდესაც ის ამბობს, რომ ნებისმიერი შეთანხმება პატივს უნდა სცემდეს თითოეული ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას?”
უკრაინის პრეზიდენტი: “დიახ, არსებობს უამრავი სხვადასხვა წინადადება და მოლაპარაკება; ზოგიერთი მათგანი სასარგებლო და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტას, მხარს ვუჭერთ დეესკალაციას. თუმცა რუსული მხრიდან ჯერ არ გვინახავს არანაირი დემონსტრირება, ან სიგნალი იმისა, რომ ისინი მზად არიან რაიმეს გასაკეთებლად. ვფიქრობ, სწორედ ეს არის სახიფათო. როდესაც მათ — მხედველობაში მაქვს რუსეთი — არ სურთ საუბარი იმაზე, თუ როგორ დასრულდეს ეს ომი, არამედ სურთ დაიწყონ ევროპაში უსაფრთხოების ახალი ინფრასტრუქტურიდან, ეს სახიფათოა. სხვათა შორის, ეს უფრო მეტად ევროკავშირისთვის არის სახიფათო, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის ნაწილი, მისკენ მიმავალ გზაზე ვართ, თუმცა ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრი. ასევე არ ვართ ნატოს წევრი. ამიტომაც, ბოდიში, რომ ამას ვამბობ — მე არ ვლაპარაკობ ამ ბიჭების სახელით, მაგრამ ეს სახიფათოა ყველასთვის. ჩვენ ყველანი ევროპაში ვცხოვრობთ. ჩვენ არ გვსურს მივიღოთ „იალტა 2“. დიახ, ჩვენ არ ვართ მზად ასეთი ფორმატისთვის, არ გვინდა რუსეთმა დაგვყოს. და რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის საკვანძო საკითხია. თუ გსურს იყო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, მინიმუმ ის მაინც გჭირდება, რომ შენმა მეზობლებმა პატივი სცენ შენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…