გოჩა მირცხულავა: რას ზეიმობენ დღეს „ქოცები“, იცით? იმას, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ბადრი პატარკაციშვილის მედიაციტადელი დაეცა...
რას ზეიმობენ დღეს „ქოცები“, იცით? იმას, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ბადრი პატარკაციშვილის მედიაციტადელი დაეცა, რასაც შემდგომ მისი პირადი ტრაგედიაც მოჰყვა და ბატონ ბიძინასთვის პოლიტიკური ველი გათავისუფლდა. აი, ამას ზეიმობენ, დამიჯერეთ! ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთ პოლიტიკურ პარადოქსს ვხედავ მათ დღევანდელ ზეიმში.

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
რას ზეიმობენ დღეს „ქოცები“, იცით? იმას, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს ბადრი პატარკაციშვილის მედიაციტადელი დაეცა, რასაც შემდგომ მისი პირადი ტრაგედიაც მოჰყვა და ბატონ ბიძინასთვის პოლიტიკური ველი გათავისუფლდა. აი, ამას ზეიმობენ, დამიჯერეთ! ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასეთ პოლიტიკურ პარადოქსს ვხედავ მათ დღევანდელ ზეიმში.
დღეს საცობში ჩემი ძვირფასი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი გავატარე. რადიოში „იმედის“ თანამშრომელს ვუსმენდი, რომელიც ემოციურად იხსენებდა, როგორ აიღეს 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია შტურმით სპეცრაზმმა, პოლიციამ, სოდმა და კუდმა, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა; როგორ გააშიშვლეს წელს ზემოთ დაცვის თანამშრომლები, როგორ ჰყავდა მის მეუღლეს მხარზე წამოკიდებული ინგა გრიგოლია და როგორ გადაურჩნენ სისხლისმსმელ „ნაცმოძრაობას“ და ვამპირების მეფე სააკაშვილს. ამ უკანასკნელს, ცხადია, ვუტრირებ.
თურმე ეს ყველაფერი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გალაშქრება ყოფილა. დიახ, „იმედში“ შეჭრის ფორმა, ჟურნალის���ების მიმართ ძალადობა და ტელევიზიის დარბევა სრულიად მიუღებელი იყო. ამის გამართლება არ შეიძლება. მაგრამ ახლა მიზეზებზეც ვისაუბროთ.
მართლა მხოლოდ თავისუფალი სიტყვის ციტადელი იყო „იმედი“? თუ ბადრი პატარკაციშვილის ხელში მძლავრი პოლიტიკური ინსტრუმენტიც გახლდათ, რომლითაც ის ხელისუფლების შეცვლას, მასთან ვაჭრობას ცდილობდა?
და სწორედ აქ იწყება ის ისტორია, რომლის გახსენებაც ბევრს არ სურს.
ჩემი პოლიტიკური შეფასებით, 2007 წელს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არსებობდა სერიოზული საფრთხე, რომ საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ გაცილებით ადრე მოქცეულიყო. შესაძლოა, ის პროცესი, რომელიც 2012 წლის შემდეგ განვითარდა, ხუთი წლით ადრე დაწყებულიყო. ერთი განსხვავებით: ივანიშვილის ნაცვლად მთავარი პოლიტიკური ფიგურა პატარკაციშვილი იქნებოდა. ხოლო ქართული „ინტელიგენციის“ ის ნაწილი, რომელიც დღეს ბატონ ბიძინას უმღერის ოდებს, მაშინ ისედაც ბადრის უმღეროდა.
რა შეიცვლებოდა?
შესაძლოა, რიგითი ადამიანისთვის ბევრი არაფერი. სახელმწიფოსთვის კი - ძალიან ბევრი. შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად განვითარებულიყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორია. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და სხვა მიღწევები, რომლებიც დღეს ბუნებრივ მოცემულობად მიგვაჩნია, სულაც არ ყოფილა წინასწარ გარანტირებული.
მაგრამ თქვენთვის ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, მეორეხარისხოვანია. მთავარია, ისტორიიდან მხოლოდ ის ეპიზოდი ამოიღოთ, რომელიც თქვენს დღევანდელ პოლიტიკურ პოზიციას ამართლებს.
7 ნოემბრის ძალადობის დაგმობა არ ნიშნავს იმ პოლიტიკური პროცესების დავიწყებას, რომელთა ფონზეც ის მოხდა. ისევე, როგორც პატარკაციშვილის პოლიტიკური მიზნების კრიტიკა ვერ გაამართლებს ტელევიზიის დარბევას.
ისტორიის გააზრება სწორედ ორივეს დანახვას მოითხოვს.
როგორც ჩანს, ბევრისთვის უფრო მოსახერხებელია, 2007 წლის 7 ნოემბერი ახსოვდეს და ის პოლიტიკური ალტერნატივა საერთოდ არ აინტერესებდეს, რომლის წინაშეც მაშინ საქართველო იდგა.
და კიდევ ერთი პატივცემულო ფარისეველ- კონფორმისტებო: თავისუფალი სიტყვის დაცვის სახელით საუბარი განსაკუთრებით დამაჯერებელი იქნებოდა, დღესაც ისეთივე მგრძნობიარენი რომ იყოთ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის და სინდისის პატიმრების მიმართ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…