თამარ ჩერგოლეიშვილი: შეეგუეთ სიღარიბეს - უკეთესი მომავალი აკრძალულია!
მოკალით უკეთესი მომავლის იმედი! შეეგუეთ სიღარიბეს, უსამართლობას, კორუფციას, უპერსპექტივობას, უმუშევრობას, ემიგრაციას, ევროპისგან და ამერიკისგან იზოლაციას, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას.
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი:
მოკალით უკეთესი მომავლის იმედი!
შეეგუეთ სიღარიბეს, უსამართლობას, კორუფციას, უპერსპექტივობას, უმუშევრობას, ემიგრაციას, ევროპისგან და ამერიკისგან იზოლაციას, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენას.
მოცემულობად მიიღეთ, რომ უალტერნატივო ვარ, შეუცვლელი ვარ და სულ მე ვიქნები.
ეს არის სიგნალი, რასაც ივანიშვილი უგზავნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, როდესაც ზოგისთვის კარგ, ზოგისთვის ავ, ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს - ჩვენი, ფედერალისტების ჩათვლით.
უკეთესი მომავლის იმედის ჩაკვლაა მისი მიზანი.
რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილი ჩვენზე უკეთ გრძნობს საკუთარ სისუსტეს.
მან იცის, რომ ძალაუფლება სრულიად გაუცხოვდა საზოგადოებისგან და მხოლოდ შიშველი ძალმომრეობით ხორციელდება.
მან იცის, რომ ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს და თუ ცვლილების იმედი არ გაანადგურა, მიტაცებულ ქვეყანას ვერ შეინარჩუნებს.
ის აღიარებს, რომ არ ენდობა ქართველ ხალხს და ეშინია საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის.
სწორად ეშინია!
ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს ყველას, ვისაც არ გააჩნია პასუხი სისტემურ სიღარიბეზე, მაღალ ფასებზე, მასობრივი ემიგრაციის გამო დახლეჩილ ოჯახებზე, ევროპისგან და შეერთებული შტატებისგან იზოლაციაზე, რუსეთის პირისპირ მარტო დარჩენის ხიფათზე!
ქართველი ხალხის უნდა ეშინოდეს ყველას, ვისაც არ გააჩნია პასუხი არაფერზე, რაც ქართველ ხალხს რეალურად აწუხებს.
ამდენად, მილიარდერის პარანოია იოლად ახსნადია - გასაგებია, რატომ ესიზმრება სულ ვირთხები და ვირთხები, რატომ გაავსო ციხე ბობოლა ქოცებით, რატომ უნდა ცვლილებების, თუნდაც თეორიული, შანსის მოკვლა პარტიების აკრძალვით.
მაგრამ, ერთია რა უნდა ივანიშვილს, მეორეა, რის საშუალებას მივცემთ ჩვენ!
იმისთვის, რომ მილიარდერს ხალხზე პარანოიდული ძალმომრეობა არათუ არ გაუვიდეს, არამედ ძვირი დაუჯდეს, ბრძოლის ველი და მეთოდი სწორად უნდა შევარჩიოთ.
ისე დაემთხვა, რომ ფედერალისტები ბათუმში ვიქნებით, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებული ორგანიზაცია საქართველოს ივანიშვილის პირად ჯამაჰირიად გააფორმებს.
მაგრამ ფედერალისტებს ფსევდო სასამართლო პროცესზე ვერ გვნახავთ, რადგან ჩვენ უარს ვამბობთ ივანიშვილის დაწერილ სპექტაკლში მსხვერპლის როლის თამაშზე.
ხომ ყველასთვის ცხადია, რომ ივანიშვილის ბოროტი კლოუნების წარმოდგენა, რაც 21, 22 და 23 ოქტომბერს ბათუმში უნდა გაიმართოს, იმ შედეგით დასრულდება, რაც ივანიშვილს მოეპრიანება?
ვის მოუგია სამართლებრივი ბრძოლა იქ, სადაც არა კანონის, არამედ პატრონის ახირებების უზენაესობის პრინციპით ხელმძღვანელობენ.
რატომ უნდა გამოვაყენებინოთ თავი სპექტაკლში, სადაც ჩვენი როლი ბიძინა ივანიშვილმა განსაზღვრა და ფინალიც მანვე დაწერა?
იმიტომ, რომ სტრასბურგის პროცედურები ზედმიწევნით შევასრულოთ? სტრასბურგში ხომ ნავალნიმაც მოიგო, მაგრამ მოსკოვში რა მოიგო?
ჩვენ, ფედერალისტებს საშუალება მიზანში არასოდეს გვერევა და სწორედ ამიტომ, ვერ გადავაქცევთ სამართლებრივ ბრძოლას თვითმიზნად მაშინ, როცა სამართლებრივი წესრიგის ილუზიაც კი აღარ არსებობს და ამ წესრიგის დასამკვიდრებლად პოლიტიკურ მოედანზე პოლიტიკური ბრძოლის მოგებაა საჭირო.
ცხადია, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ სამართლებრივი ინსტრუმენტებს საერთოდ მივატოვებთ, მაგრამ მათი გამოყენებისას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვიხელმძღვანელებთ, რადგან ზოგ შემთხვევაში მათი გამოყენება შეიძლება პოლიტიკურად მომგებიანი იყოს, ხოლო ზოგ შემთხვევაში არა მხოლოდ უშედეგო, არამედ საზიანო - მაგალითად, როგორც ახლა.
ოღონდ, ვერც პოლიტიკურ ბრძოლას მოვიგებთ, თუ პოლიტიკას მისი ნამდვილი დანიშნულება არ დავუბრუნეთ!
ის დანიშნულება, რაც ჩვენი პირველი რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, რუსულმა ტოტალიტარიზმმა შთანთქა;
ის დანიშნულება, რაც პოლიტიკას მრავალი მოქალაქის ავთენტურ ერთობად, მათ საერთო საქმედ, ანუ რესპუბლიკად აქცევს.
იმისთვის, რომ ეს სასიცოცხლო ამოცანა შევასრულოთ, პოლიტიკას თავისი დანიშნულება დავუბრუნოთ, პოლიტიკური გამარჯვება მოვიპოვოთ და ამ გამარჯვების შედეგად, სამართლებრივი სახელმწიფო დავაფუძნოთ, აუცილებელია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში მოქალაქეების ინტერესები დაბრუნდეს, რადგან სწორედ მათი ინტერესების პოლიტიკიდან გარიყვამ შექმნა ნოყიერი ნიადაგი ქურდებისა და თაღლითების ხროვის მიერ სახელმწიფოს მიტაცებისთვის.
თავად განსაჯეთ!
ივანიშვილის ფსევდო სასამართლო ფურცელზე უპრობლემოდ აგვკრძალავს, მაგრამ იმას ხომ ვერ აგვიკრძალავს, რომ ჩვენ გავცეთ დამაჯერებელი პასუხი საქართველოს მოქალაქეების იმ უმძიმეს პრობლემებს, რაზეც ივანიშვილს პასუხი არ გააჩნია?
მოქალაქეების სურვილებს ხომ ვერ აკრძალავს?
როგორ უნდა აკრძალოს სიღარიბის დაძლევის, ჩვენი შვილების კეთილდღეობის, ეროვნული უსაფრთხოების, თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციის, პატიოსანი შრომით ღირსეული შემოსავლის მიღების და ფასების ხელმისაწვდომობის სურვილი?
ამიტომ, ფედერალისტები ვიქნებით არა ივანიშვილის ფსევდო სასამართლოში - მხვერპლის ტრიბუნაზე, ანუ იქ, სადაც შედეგი ივანიშვილის მიერაა წინასწარ დადგენილი, არამედ იმ მოედანზე, სადაც ბრძოლის ფინალს ივანიშვილი ვერ დაწერს და სადაც ივანიშვილთან დიდი უპირატესობა გვაქვს, იმიტომ რომ განსხვავებით ივანიშვილისგან, ჩვენ, ფედერალისტებს, ყველა პრობლემაზე გვაქვს პასუხი, რაც ქართველ ხალხს რეალურად აწუხებს.
ჩვენ ვიცით, როგორ შევდგეთ სამართლიან საზოგადოებად, როგორ დავამარცხოთ კორუფცია, როგორ დავამარცხოთ სისტემური სიღარიბე და უმუშევრობა, როგორ გავხდეთ თავისუფალი სამყაროს სრულუფლებიანი წევრი და როგორ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება.
და კი, ჩვენ, ფედერალისტებს, შეგვიძლია ქართველი ხალხის პოლიტიკაში დაბრუნება მათი დარწმუნების გზით, რომ თავკერძა თაღლითების, ცრუბელადების, პარაზიტების დრო წარსულს ჩაბარდა და დადგა მომენტი, როცა პოლიტიკას საერთო სიკეთის მსახურებად და ქვეყნის მომავალზე ერთობლივ პასუხისმგებლობად ვაქცევთ.
მხოლოდ მოქალაქეების პოლიტიკაში დაბრუნების შედეგად შევძლებთ იმას, რასაც ივანიშვილი ვერ აკრძალავს - ერთმანეთის მხარდაჭერას უკეთესი მომავლისთვის, რადგან ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს.
ასე რომ, შევხვდებით ბათუმში, ოღონდ არა ივანიშვილის ცირკში, არამედ პოლიტიკურ მოედანზე - იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ სახელოვნად უკეთესი საქართველოსთვის.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…