ლაშა ბუღაძე: 1924 წლიდან წითელმა რუსეთმაც აკრძალა ყველა პარტია ერთი, კომუნისტური პარტიის გარდა, მაგრამ არჩევნები მაშინაც ტარდებოდა მთელი 70 წლის განმავლობაში
რუსეთში მხოლოდ სიტყვებისთვის ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე სვამდნენ ციხეში, ახლა კი უკვე იმ ყველაფრისთვისაც იჭერენ, რაც ხელისუფლების ოფიციალური პოზიციისგან არის განსხვავებული. მშვიდობის მოთხოვნა უკვე დიდი ხანია ღალატად არის კვალიფიცირებული.
მწერალი ლაშა ბუღაძე:
რუსეთში მხოლოდ სიტყვებისთვის ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე სვამდნენ ციხეში, ახლა კი უკვე იმ ყველაფრისთვისაც იჭერენ, რაც ხელისუფლების ოფიციალური პოზიციისგან არის განსხვავებული. მშვიდობის მოთხოვნა უკვე დიდი ხანია ღალატად არის კვალიფიცირებული. ჩვენთან საქმე ცუდადაა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი - სამომავლოდ ალბათ მხოლოდ ხუმრობისთვის არ ჩასვამენ ადამიანებს, არამედ ისე, როგორც რუსეთშია. შემდეგი ეტაპი უფრო მკაცრი ცენზურა იქნება ფეისბუქზე. გააკრიტიკებ ივანიშვილის პოლიტიკას და ჯგუფს? - აუცილებლად მოუძებნიან რაიმე მუხლს; მხარს დაუჭერ პოსტით უკრაინას? - გეტყვიან, რომ ომისკენ აქეზებ საქართველოს; ამხელ და აღშფოთებას გამოთქვამ კორუფციაზე და ბანდიტიზმე? - დაგაბრალებენ "საბოტაჟს" ან რაიმე ასეთს. ეს უნდა ვიცოდეთ. და ეს იმ რუსული ჩეკისტური ომის ნაწილია, რომელიც ძველი გავლენის აღდგენის გამოა გაჩაღებული. ივანიშვილი იმას ამბობს და აკეთებს, რასაც არც მალავს: აშშ-ს და ევროპას ჩვენთვის არ ცხელაო და ამიტომ ბარემ პარტიებსაც აკრძალავს - მას თეორიულადაც არ ჭირდება კონკურენტი. რადგან თუ უმრავლესობა არა, ძალა და კონტექსტი უთუოდ მის მხარესაა. სიტყვები "პარტიების აკრძალვაც" ალბათ ცენზურას დაექვემდებარება მალე (როგორც ეს რუსეთში იყო). 1924 წლიდან წითელმა რუსეთმაც აკრძალა ყველა პარტია ერთი, კომუნისტური პარტიის გარდა, მაგრამ არჩევნები მაშინაც ტარდებოდა მთელი 70 წლის განმავლობაში. პოლიტიკური რეჟიმი იქაც და აქაც - ფერისა და იდეოლოგიის ცვლილების მიუხედავად - იგივეა. ამ რეალობის ცვლილება კი უპირველესად რუსეთის დასუსტებით და დამარცხებით არის განპირობებული, რაც შეუძლებელია აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის პირობებში, რომელიც უთუოდ წარმოადგენს მილიონობით ადამიანს სასურველ ხატს (ის მოწონთ და ირჩევენ). მინიმუმ, ორი წელი ეს მარაზმი გაგრძელდება. ორი წელი ბევრია უკრაინისთვის და ბევრია ავტოკრატებისთვის. და ეს ორიც ხომ პირობითია. შეიძლება 1 დღეში შეიცვალოს ყველაფერი.
როგორც არ უნდა იყოს - გაძლება გვმართებს.
თავისუფლება და სოლიდარობა სიტყვებისთვის დაჭერილ ჟურნალისტ ვახო სანაიას.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.