ქეთი ქურდოვანიძე: განა რა ფასი აქვს მორალურ წუმპედ ქცეულ ასეთ ცხოვრებას? ჰოდა, ის, ვინც წუმპეს ეგუება, ამ წუმპის შემქმნელზე უარესია, რადგან შემქმნელი ავტორია, ხოლო შეგუებული - ამ წუმპის მუდმივობის გარანტი
არ გვიფიქრია, არ გვაწუხებს, დავივიწყეთ, რაღას ვუშველით, ცხოვრება გრძელდება-აი პასუხები, მაგრამ განა რა ფასი აქვს მორალურ წუმპედ ქცეულ ასეთ ცხოვრებას? ჰოდა, ის, ვინც წუმპეს ეგუება, ამ წუმპის შემქმნელზე უარესია, რადგან შემქმნელი ავტორია, ხოლო შეგუებული - ამ წუმპის მუდმივობის გარანტი.
ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტი ქეთი ქურდოვანიძე:
ქუჩაში გამოსულ გოგო-ბოჭებს რომ ასისხლიანებდნენ, გაზით წამლავდნენ, სასაფლაოებზე მიათრევდნენ, გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და იზოლატორებში უმოწყალიდ სცემდნენ, დაგვავიწყდა? ციხეებში რომ გამოკეტეს უდანაშაულო ადამიანები - ზოგი სილის გაწვნისთვის, ზოგი წარწერისთვის, ზოგი ღობის მორყევისთვის და ზოგი ტროტუარზე დგომისთვის, დაგვავიწყდა? გავრილოვის ღამე, რუსული კანონის მიღების ღამე, რუსული კანონის მეორედ მოსვლის ღამე, გაყალბებული არჩევნების ღამე, ევროინტეგრაციის გაუქმების ღამე და ის ღამეები ხარება რომ გვაგინებდა და თან საწამლავს გვასხამდა, დაგვავიწყდა?
ჰოდა, აი, ეგ რომ დაგვავიწყდა, აი, ბრაზმა რომ გადაგვიარა და ორ-სამჯერ აქციაზე გასვლით სინდისი დავიმშვიდეთ. აი, ეს მოცემულობა რომ გვაქვს, სადაც არათუ პოლიტიკური აქტივობის გამოხატვის, არჩევანის, სამართლიანი სასამართლოს უფლება აგვყარეს, არამედ მათთვის უსიამოვნო ლექსიკური ერთეულების გამოყენებაც კი გვეკრძალება, ასე არხეინად რა გვაჩერებს სახლში, როგორ ვაგრძელებთ ობივაწელურ ცხოვრებას, როგორ მივყვებით დინებას იმ ამოუსვლელი ჭაობისკენ, რუსმა რომ ამათი ხელით მოგვიმზადა?
გიფიქრიათ, როგორ არიან ის ნაცემი და თვალებდათხრილი, იმედგაცრუებული ახალგაზრდები, ახლა ყოველ ღამე კოშმარივით რომ ესიზმრებათ კისერზე მიბჯენილი ცივი ლულა და დამცინავი მუქარა, რომ ნამუსს ახდიან. ერთხელ მაინც თუ წარმოგიდგენიათ, რას გრძნობენ ციხეში ის ახალგაზრდები, ახლა ლექციებზე რომ უნდა ისხდნენ, რას განიცდიან ის ასაკოვანი ადამიანები, შვილებსა და შვილიშვილებთან თბილ ოჯახურ გარემოში რომ უნდა ატარებდნენ დროს და არა ციხის პაემნის ოთახებში?
არ გვიფიქრია, არ გვაწუხებს, დავივიწყეთ, რაღას ვუშველით, ცხოვრება გრძელდება-აი პასუხები, მაგრამ განა რა ფასი აქვს მორალურ წუმპედ ქცეულ ასეთ ცხოვრებას? ჰოდა, ის, ვინც წუმპეს ეგუება, ამ წუმპის შემქმნელზე უარესია, რადგან შემქმნელი ავტორია, ხოლო შეგუებული - ამ წუმპის მუდმივობის გარანტი.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.