მიფალცინი
MIFALCIN
მიფალცინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას მოქსიფლოქსაცინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელწოდებით ფტორქინოლონები. მიფალცინი კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას, თუ ის გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მოქსიფლოქსაცინი (moxifloxacin)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ/250მლ (1.6მგ/მლ) 250მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პოლიპროპილენის ბოთლი №20
- მწარმოებელი
- DEMO S.A PHARMACEUTICAL INDUSTRY, საბერძნეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
- ATC კოდი
- J01MA14
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042367
- რეგისტრირებულია
- 13 ნოემბერი 2024, მოქმედებს 19 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- DEMO S.A PHARMACEUTICAL INDUSTRY (საბერძნეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მიფალცინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მიფალცინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას მოქსიფლოქსაცინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელწოდებით ფტორქინოლონები. მიფალცინი კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას, თუ ის გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიით.
მიფალცინი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექცია (პნევმონია)
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
ამ ინფექციების სამკურნალოდ მიფალცინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ანტიბიოტიკების გამოყენება ან ისინი არაეფექტიანია.
მიღების წესი და დოზირება
მიფალცინი ყოველთვის გაგიკეთდებათ ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.
მოზრდილთათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ბოთლს, ერთხელ დღე-ღამეში. მიფალცინი განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის. თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ ინფუზია კეთდება უწყვეტი ნაკადით, 60 წუთის განმავლობაში.
ხანდაზმულ პაციენტებში, დაბალი წონის ან თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მიფალცინით თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ზოგ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შეიძლება დაიწყოს თქვენი მკურნალობა მიფალცინის საინფუზიო ხსნარით და შემდეგ გააგრძელოს მიფალცინის ტაბლეტებით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და თქვენს რეაქციაზე მკურნალობის მიმართ, თუმცა მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:
ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექცია (პნევმონია) 7-14 დღე. პნევმონიის მქონე უმრავლესი პაციენტი გადაყვანილი იქნა მიფალცინის ტაბლეტებით პერორალურ მკურნალობაზე 4 დღის განმავლობაში.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები 7-21 დღე. კანისა და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციების მქონე პაციენტებში ინტრავენური მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 6 დღეს, ხოლო მკურნალობის საერთო საშუალო ხანგრძლივობა (ინფუზია და შემდგომ ტაბლეტებით მკურნალობა) შეადგენდა 13 დღეს.
არ გადააჭარბოთ მკურნალობის რეკომენდებულ დოზას და ხაგრძლივობას.
თუ გამოიყენეთ მიფალცინის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თვლით, რომ მიიღეთ მიფალცინის ძალიან დიდი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ მიფალცინის გამოყენება
თუ თვლით, რომ გამოტოვეთ მიფალცინის დოზის მიღება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ შეწყვიტეთ მიფალცინის გამოყენება
თუ მოცემული პრეპარატით მკურნალობა ძალიან ადრე შეწყვიტეთ, თქვენი ინფექცია შეიძლება სრულად არ იქნას განკურნებული. მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის დასრულება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ რამდენიმე დღის შემდეგ. თუ ძალიან ადრე შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება/გამოყენება, თქვენი ინფექცია შეიძლება სრულად არ იქნას განკურნებული, ინფექციამ შეიძლება კვლავ იჩინოს თავი ან თქვენი მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს, და შეიძლება გამოგიმუშავდეთ ბაქტერიული რეზისტენტობა ანტიბიოტიკის მიმართ. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გსურთ მიფალცინის საინფუზიო ხსნარით ან მიფალცინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტა მკურნალობის კურსის დასრულებამდე.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების მიფალცინის, ნებისმიერი სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის პირი.
თუ ანამნეზში გაქვთ მყესების დაავადება ან ქინოლონური ანტიბიოტიკებით ჩატარებული მკურნალობით გამოწვეული დარღვევა (იხ. პარაგრაფები 2. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები და 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება)
თუ გაქვთ თანდაყოლილი ან წარსულში გქონდათ ნებისმიერი მდგომარეობა უჩვეულო გულისცემის თანხლებით (ვლინდება ეკგ-ზე, გულის ელექტრორეგისტრაციით).
თუ გაქვთ სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით, სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე).
თუ გაქვთ ძალიან ნელი გულისცემა (ბრადიკარდია).
თუ გაქვთ გულის სუსტი ფუნქცია (გულის უკმარისობა).
თუ ანამნეზში გაქვთ უჩვეულო გულისცემა.
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს ეკგ-ზე (იხ. პარაგრაფი სხვა სამკურნალო საშუალებები და მიფალცინი). ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მიფალცინი შეიძლება იწვევდეს ისეთ ცვლილებებს ეკგ-ზე, რომელიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, ე.ი. ანელებს ელექტროიმპულსების გამტარობას.
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონე 5-ჯერ მაღალია ნორმის ზედა ზღვარზე.
სიფრთხილის ზომები
მოცემული პრეპარატის მიღებამდე
არ მიიღოთ ფტორქინოლონის/ქინოლონის შემცველი ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის მიფალცინი, თუ წარსულში ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას აღგენიშნებოდათ ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქცია. ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
მიფალცინის პირველად შეყვანამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. მიფალცინმა შეიძლება შეცვალოს თქვენი გულის ეკგ მაჩვენებლები, განსაკუთრებით, თუ ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული პირი. თუ ახლახანს იღებდით სისხლში კალიუმის დონის დამაქვეითებელ ნებისმიერ პრეპარატს, მიფალცინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს (იხ. ასევე პარაგრაფი არ გამოიყენოთ მიფალცინი და სხვა პრეპარატები და მიფალცინი).
მიფალცინის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ გაქვთ დიაბეტი, ვინაიდან მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ცვლილების რისკი,
თუ წარსულში მოქსიფლოქსაცინის მიღების შემდეგ აღგენიშნებოდათ მძიმე გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების განვითარება ან/და ეროზიები პირის ღრუში.
თუ დადგენილი გაქვთ მსხვილი ნაწლავის გადიდება ან “ამობურცვა“ (აორტის ანევრიზმა ან მსხვილი პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმა).
თუ წარსულში აღგენიშნებოდათ აორტის აშრევება (აორტის კედლის გახევა).
თუ დადგენილი გაქვთ გულის სარქველში სისხლის გაჟონვა (რეგურგიტაცია),
თუ ოჯახის ანამნეზში გაქვთ აორტის ანევრიზმა, აშრევება ან გულის სარქველის თანდაყოლილი დაავადება, სხვა რისკ-ფაქტორები ან გამომწვევი მდგომარეობები (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის ისეთი დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან ისეთი დარღვევები სისხლძარღვების მხრივ, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეჰჩეთის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან ცნობილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების ტკივილი] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]),
თუ გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვის რისკით მიმდინარე მდგომარეობა, მიფალცინის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ნებისმიერი ფსიქიკური პრობლემა, მიფალცინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ myasthenia gravis, მიფალცინის გამოყენებისას შეიძლება დამძიმდეს თქვენი დაავადების სიმპტომები. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ეს მდგომარეობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის ნებისმიერ წევრს აქვს გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას უკმარისობა (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა მიფალცინი თქვენთვის შესაფერისი.
თუ აღგენიშნებათ მოულოდნელი, მძიმე ტკივილი მუცლის, გულ-მკერდის ან ზურგის არეში, რაც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის და აშრევების სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო განყოფილებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ მკურნალობთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.
თუ სწრაფად ვითარდება ქოშინი, განსაკუთრებით ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ან შენიშნავთ შეშუპებას კოჭების, ფეხების ან მუცლის არეში, ასევე გახშირებული გულისცემის ახალი შეტევის შემთხვევაში (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს
მიფალცინი შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად (ვენაში), დაუშვებელია მისი შეყვანა არტერიაში.
მიფალცინის გამოყენებისას
თუ აღგენიშნებათ გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. მან შეიძლება დაგინიშნოთ ეკგ გულის რიტმის განსაზღვრის მიზნით.
გულის პრობლემების რისკი შეიძლება გაიზარდოს დოზისა და ვენაში შეყვანის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში. შესაბამისად, არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
შეიძლება აღინიშნოს მძიმე, მოულოდნელი ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი) იშვიათი შემთხვევა პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი, სიმპტომებით, რომლებიც შეიძლება ითვალისწინებდეს მოჭერას გულ-მკერდის არეში, თავბრუსხვევის შეგრძნებას, სისუსტეს ან გულის წასვლას, თავბრუსხვევას ფეხზე წამოდგომისას. მისი განვითარების შემთხვევაში მიფალცინის საინფუზიო ხსნარით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მიფალცინი შეიძლება იწვევდეს ღვიძლის სწრაფად განვითარებულ მძიმე ანთებას, ღვიძლის სიცოცხლისთვის საშიში უკმარისობის შესაძლო განვითარებით (ლეტალური შედეგების ჩათვლით, იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება). დაუკავშირდით თქვენს ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე, თუ მოულოდნელად აღგენიშნებათ შეუძლოდ ყოფნა ან შენიშნავთ თვალის თეთრი გარსების გაყვითლებას, შარდის გამუქებას, კანის ქავილს, სისხლდენის საშიშროებას, აზროვნების დარღვევას ან უძილობას (ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომები ან ღვიძლის სწრაფად პროგრესირებადი და მძიმე ანთება).
ქინოლონური ანტიბიოტიკები, მათ შორის მიფალცინი, შეიძლება იწვევდეს კრუნჩხვას. მისი განვითარების შემთხვევაში, მიფალცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
შეიძლება აღგენიშნოთ ნერვის დაზიანების სიმპტომების (ნეიროპათია) იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ხმაური ყურებში, დაბუჟება ან/და სისუსტე, განსაკუთრებით ტერფების, ფეხების, ხელების ან მკლავების არეში. მათი განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ მიფალცინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.
შეიძლება აღგენიშნოთ ფსიქიკური პრობლემები, ქინოლონური ანტიბიოტიკების (მათ შორის მიფალცინის) პირველად მიღების შემთხვევაშიც კი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში დეპრესია ან ფსიქიკური პრობლემები შეიძლება იწვევდეს სუიციდურ ფიქრებს და თვითდაზიანების ქცევას, მაგალითად სუიციდის მცდელობას (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება). ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში მიფალცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ანტიბიოტიკების, მათ შორის მიფალცინის მიღების პერიოდში ან მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს დიარეა. მძიმე ან ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში, ან თუ შენიშნავთ სისხლს ან ლორწოს განავალში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიფალცინით მკურნალობა და დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ამ შემთხვევაში არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს ან ანელებს ნაწლავის მოძრაობას.
სახსრების ტკივილი ან შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა შეიძლება იშვიათად აღინიშნოს. რისკი იზრდება ხანდაზმულ პირებში (60 წელზე უფროსი ასაკის), ორგანოს ტრანსპლანტაციის, თირკმელების პრობლემების ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემთხვევაში. მყესების ანთება ან გაწვეტა შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში და მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი. მყესის (მაგალითად, კოჭის, მაჯის, მკლავის, ბეჭების ან მუხლის) ტკივილის ან ანთების განვითარების პირველივე ნიშნების შემთხვევაში შეწყვიტეთ მიფალცინით მკურნალობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს და დაასვენეთ ტკივილის უბანი. თავი შეიკავეთ ნებისმიერი ვარჯიშისგან, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი (იხ. პარაგრაფები 2 არ გამოიყენოთ მიფალცინი და 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება),
თუ ხართ ხანდაზმული პირი და გაქვთ თირკმელების პრობლემები, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე, რადგან გაუწყლოების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თირკმელების უკმარისობის რისკი.
მხედველობის დაზიანების ან თვალების სხვა დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს (იხ. პარაგრაფები 2. სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა და 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება).
ფტორქინოლონური ანტიბიოტიკები შეიძლება იწვევდეს სისხლში შაქრის დონის გაზრდას ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით (ჰიპერგლიკემია), ან სისხლში შაქრის დონის დაწევას ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით (ჰიპოგლიკემია), რაც პოტენციურად იწვევს ცნობიერების დაკარგვას (ჰიპოგლიკემიური კომა) მძიმე შემთხვევებში (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება). თუ გაქვთ დიაბეტი, სისხლში შაქრის დონე გულდასმით უნდა გაკონტროლდეს.
ქინოლონური ანტიბიოტიკები შეიძლება იწვევდეს კანის მგრძნობელობას მზის სხივების ან ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. მიფალცინის გამოყენების პერიოდში თავი შეიკავეთ მზის სხივების ხანგრძლივი ან ძლიერი ზემოქმედებისგან და რუჯისგან ან სხვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
შეზღუდულია მიფალცინის თანმიმდევრული ინტრავენური გადასხმის გამოცდილება ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექციის (პნევმონიის) სამკურნალოდ.
მძიმე დამწვრობის, ღრმა ქსოვილების ინფექციების და ოსტეომიელიტის თანხლებით დიაბეტური ტერფის სამკურნალოდ (ძვლის ტვინის ინფექციები) მიფალცინის ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
კანის მძიმე რეაქციები
მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას რეგისტრირებულია კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ).
სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის საწყისი ნიშნებია წვრილი მოწითალო გამონაყარი ან მრგვალი გამონაყარი ხშირად ბუშტუკებით მთელს სხეულზე. ასევე, შეიძლება განვითარდეს ეროზიები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებისა და თვალების არეში (წითელი, შესიებული თვალები). კანზე ასეთი მძიმე გამონაყარი ხშირად ვითარდება ცხელების ან/და გრიპის მსგავსი სიმპტომების ფონზე. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს კანის აქერცვლაში ფართო უბნებზე და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებში, ასევე შეიძლება იწვევდეს ლეტალურ შედეგს.
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ვლინდება მკურნალობის დასაწყისში კანქვეშ გავრცელებული წითელი, აქერცლილი გამონაყარის და ბუშტუკების სახით, რომლებსაც თან ახლავს ცხელება. გავრცელების ყველაზე ხშირი უბანი: ძირითადად ვრცელდება კანის ნაკეცებში, სხეულზე და ხელებზე.
კანზე მძიმე გამონაყარის ან კანის სხვა სიმპტომების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსიფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი გვერდითი მოვლენები
ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის მიფალცინი, დაკავშირებული იყო ძალიან იშვიათ, მაგრამ მძიმე გვერდით მოვლენებთან, ზოგიერთი მათგანი ხანგრძლივი (გრძელდება რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში), დამაინვალიდებელი ან პოტენციურად შეუქცევადი. მათ მიეკუთვნება მყესების, კუნთებისა და ზედა და ქვედა კიდურების სახსრების ტკივილი, სიარულის გაძნელება, ანომალური შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის, ასევე სმენის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები.
თუ რომელიმე მითითებული გვერდითი მოქმედება განვითარდა მიფალცინის მიღების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. ექიმთან ერთად მიიღებთ გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ სხვა კლასის ანტიბიოტიკის გამოყენების გათვალისწინებით.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის (იხ. პარაგრაფი არ გამოიყენოთ მიფალცინი).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
მიფალცინთან დაკავშირებით გაითვალისწინეთ შემდეგი ინფორმაცია:
თუ იყენებთ მიფალცინს და სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენს გულზე, იზრდება გულის რიტმის შეცვლის რისკი. ამიტომ, არ მიიღოთ მიფალცინი შემდეგ პრეპარატებთან ერთად: ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგალითად, ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერი ანტიმიკრობული პრეპარატი (მაგალითად, საკვინავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, კერძოდ ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (მაგალითად, ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი) და სხვა სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ციზაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი და დიფემანილი).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ სისხლში კალიუმის დონის დამაქვეითებელ სხვა პრეპარატებს (მაგალითად, ზოგიერთი დიურეზული, ზოგიერთი საფაღარათო საშუალება და ოყნა [დიდი დოზები] ან კორტიკოსტეროიდები [ანთების საწინააღმდეგო საშუალებები], ამფოტერიცინი B), ან პრეპარატებს, რომლებიც ანელებს გულისცემას, რადგან ეს შეიძლება ასევე იწვევდეს გულის რიტმის მძიმე დარღვევების რისკს მიფალცინით მკურნალობის პერიოდში.
თუ ამჟამად იღებთ პერორალურ ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ვარფარინს), შეიძლება საჭირო იყოს სისხლის შედედების დროის მონიტორინგი თქვენი ექიმის მიერ.
მიფალცინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიფალცინის მოქმედება არ იცვლება საკვების, მათ შორის რძის პროდუქტების ზემოქმედებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ მიფალცინი, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ არის ნაჩვენები, რომ თქვენი ფერტილობა დაირღვევა ამ პრეპარატის გამოყენებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მიფალცინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გაბრუება, შეიძლება აღგენიშნოთ მხედველობის მოულოდნელი, დროებითი დაკარგვა, ან შესაძლებელია გონების ხანმოკლე დროით დაკარგვა. ამ მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოთ მექანიზმებთან.
მიფალცინი შეიცავს ნატრიუმს
მოცემული სამკურნალო საშუალების თითოეული ბოთლი შეიცავს 786.7 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს). ეს შეესაბამება მოზრდილთათვის საკვებში მისაღებად რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო ოდენობის 39.35%-ს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოქმედება, რომელიც აღინიშნა მიფალცინით მკურნალობის პერიოდში, ჩამოთვლილია ქვემოთ:
თუ შენიშნავთ
უჩვეულოდ სწრაფ გულისცემას (იშვიათი გვერდითი მოქმედება)
მოულოდნელად განვითარებულ შეუძლოდ ყოფნას ან თვალის თეთრი გარსების გაყვითლებას, შარდის გამუქებას, კანის ქავილს, სისხლდენის საშიშროებას, აზროვნების დარღვევას ან უძილობას (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის ელვისებური ანთების სიმპტომები, რაც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ ღვიძლის უკმარისობას (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება, აღინიშნა ლეტალური შედეგები))
მძიმე გამონაყარი კანზე, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს მოწითალო წვრილი გამონაყარით ან მრგვალი გამონაყარით ხშირად ბუშტუკებით მთელს სხეულზე, კანის აქერცვლით, ეროზიებით პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებისა და თვალების არეში, და შეიძლება განვითარდეს ცხელების და გრიპის მსგავსი სიმპტომების ფონზე (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში)
წითელი, აქერცლილი კანქვეშ ამობერილი გამონაყარი ბუშტუკებით, მკურნალობის დასაწყისში ცხელების თანხლებით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი) (ამ გვერდითი მოქმედების სიხშირე “უცნობია“)
წყლის გამოყოფის დარღვევით გამოწვეული სინდრომი და ნატრიუმის დაბალი დონე (SIADH) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
ცნობიერების დაკარგვა სისხლში შაქრის დონის მწვავე დაქვეითებასთან დაკავშირებით (ჰიპოგლიკემიური კომა) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
სისხლძარღვების ანთება (ნიშნები შეიძლება იყოს წითელი ლაქები კანზე, ძირითათად ფეხების არეში, ან სახსრების ტკივილის მსგავსი ეფექტები) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
მოულოდნელად განვითარებული მძიმე გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, მათ შორის ძალიან იშვიათად სიცოცხლისთვის საშიში შოკი (მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის დაცემა, სწრაფი პულსი) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
შეშუპება, მათ შორის სასუნთქი გზების შეშუპება (იშვიათი გვერდითი მოქმედება, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში)
კონვულსია (იშვიათი გვერდითი მოქმედება)
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან/და სისუსტე კიდურებში (იშვიათი გვერდითი მოქმედება)
დეპრესია (ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს თვითდაზიანებას, როგორიცაა სუიციდური აზრები/ფიქრები ან სუიციდის მცდელობა) (იშვიათი გვერდითი მოქმედება)
გონებასუსტობა (პოტენციურად იწვევს თვითდაზიანებას, როგორიცაა სუიციდური აზრები/ფიქრები ან სუიციდის მცდელობა) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
მძიმე დიარეა, სისხლის ან/და ლორწოს შემცველობით (ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი), რაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გადავიდეს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებაში (იშვიათი გვერდითი მოქმედება)
მყესების ტკივილი და შეშუპება (ტენდონიტი) (იშვიათი გვერდითი მოქმედება) ან მყესის გაწყვეტა (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის, მაღალი სიცხის ან შარდის გამუქების თანხლებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დაშლით, რაც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება რაბდომიოლიზი) (ამ გვერდითი მოქმედების სიხშირე “უცნობია“)
შეწყვიტეთ მიფალცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო რჩევა.
გარდა ამისა, თუ შენიშნავთ
მხედველობის დროებით დაკარგვას (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოფთალმოლოგს.
მიფალცინით მკურნალობის დროს სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემის (Torsade de Pointes) განვითარების ან გულისცემის გაჩერების შემთხვევაში (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება), დაუყოვნებლიც აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომ იღებთ მიფალცინს, და არ გააგრძელოთ მკურნალობა.
მიასთენია გრავისის სიმპტომების დამძიმება აღინიშნება ძალიან იშვიათ შემთხვევებში. ამ მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
თუ გაქვთ დიაბეტი და შენიშნეთ სისხლში შაქრის დონის მომატება ან დაქვეითება (იშვიათი ან ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება), დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს .
თუ ხართ თირკმელების პრობლემების მქონე ხანდაზმული პირი და შენიშნავთ გამოყოფილი შარდის შემცირებას, ფეხების, კოჭების ან ტერფების შეშუპებას, დაღლილობას, გულისრევას, ძილიანობას, ქოშინს ან დაბნეულობას (ეს შეიძლება იყოს თირკმელების უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, იშვიათი გვერდითი მოქმედება), დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
სხვა გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მიფალცინით მკურნალობის პერიოდში, ჩამოთვლილია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
გულისრევა
დიარეა
თავბრუსხვევა
ტკივილი კუჭისა და მუცლის არეში
ღებინება
თავის ტკივილი
სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატება
რეზისტენტული ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია, მაგალითად Candida-თი გამოწვეული პირის ღრუს ან ვაგინალური ინფექციები
საინექციო ადგილის ტკივილი ან ანთება
გულის რიტმის ცვლილება (ეკგ) პაციენტებში სისხლში კალიუმის დაბალი დონით
არც ისე ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
გამონაყარი
დარღვევები კუჭის მხრივ (მოუნელებლობა/გულძმარვა)
გემოს შეცვლა (ძალიან იშვიათ შემთხვევებში გემოს დაკარგვა)
ძილის დარღვევები (ძირითადად უძილობა)
სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტების (გამა-გლუტამილტრანსფერაზა ან/და ტუტე ფოსფატაზა) დონის გაზრდა
სისხლის სპეციალური თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები, ნეიტროფილები) დაბალი რაოდენობა
შეკრულობა
ქავილი
თავბრუსხვევის შეგრძნება (ტრიალი ან დაცემა)
ძლიანობა
მეტეორიზმი
გულისცემის შეცვლა (ეკგ)
ღვიძლის დაზიანებული ფუნქცია (მათ შორის სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტის (ლაქტატდეჰიდროგენაზას) დონის მომატება)
მადის დაქვეითება ან მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა
ტკივილი, მაგალითად ტკივილი ზურგის, გულ-მკერდის, მენჯის და კიდურების არეში
სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სისხლის სპეციალური უჯრედების დონის გაზრდა
ოფლიანობა
სისხლის სპეციალური თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) დონის გაზრდა
შფოთვა
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (ძირითადად სისუსტე ან დაღლილობა)
კანკალი
სახსრების ტკივილი
გულისცემა
არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
სუნთქვის გაძნელება, მათ შორის ასთმური მდგომარეობები
სისხლში საჭმლის მომნელებელი სპეციალური ფერმენტის (ამილაზა) დონის მომატება
მოუსვენრობა/აგზნებადობა
ჩხვლეტის შეგრძნება (ნემსების ჩხვლეტა) ან/და დაბუჟება
კანზე გამონაყარი
სისხლძარღვების გაფართოება
დაბნეულობა და დეზორიენტაცია
სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სისხლის სპეციალური უჯრედების დონის დაქვეითება
მხედველობის დარღვევები, მათ შორის არამკვეთრი მხედველობა
სისხლის შედედების დაქვეითება
სისხლში ლიპიდების (ცხიმები) დონის დაქვეითება
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა
კუნთების ტკივილი
ალერგიული რეაქციები
სისხლში ბილირუბინის დონის მომატება
ვენის ანთება ინექციის ადგილზე
კუჭის ანთება
გაუწყლოება
გულისცემის მძიმე პათოლოგიები
კანის სიმშრალე
სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში, გამოწვეული გულის კუნთში სისხლის უკმარისობით)
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს)
სისხლში შაქრის დონის გაზრდა
კუნთების სპაზმი
კუნთების კრუნჩხვა
ჰალუცინაცია
მაღალი არტერიული წნევა
შეშუპება (ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, პირის, ყელის არეში)
დაბალი არტერიული წნევა
თირკმელების უკმარისობა (მათ შორის თირკმელების სპეციალური ლაბორატორიული ანალიზების, როგორიცაა შარდოვანა და კრეატინინი, მაჩვენებლების გაზრდა)
ღვიძლის ანთება
ანთება პირის ღრუში
ყურებში ზარების რეკვის ხმა/ხმაური
სიყვითლე (თვალის თეთრი გარსების ან კანის გაყვითლება)
კანის მგრძნობელობის დარღვევა
უჩვეულო სიზმრები
კონცენტრაციის დარღვევა
ყლაპვის გაძნელება
ცვლილებები ყნოსვის მხრივ (მათ შორის ყნოსვის დაკარგვა)
წონასწორობის დარღვევა და ცუდი კოორდინაცია (თავბრუსხვევის გამო)
მეხსიერების სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვა
სმენის დარღვევა, მათ შორის სიყრუე (ჩვეულებრივ შექცევადი)
სისხლში შარდმჟავას დონის მომატება
ემოციური არასტაბილურობა
მეტყველების დარღვევა
გონების დაკარგვა
კუნთების სისუსტე
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან 1 ადამიანს)
სახსრების ანთება
უჩვეულო გულისცემა
კანის მგრძნობელობის გაზრდა
გაბრუების შეგრძნება (პიროვნების დარღვევა)
სისხლის შედედების მაჩვენებლის გაზრდა
კუნთების რიგიდულობა
სისხლის სპეციალური თეთრი უჯრედების მნიშვნელოვანი დაქვეითება (აგრანულოციტოზი)
სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის დაცემა (პანციტოპენია)
შემდეგი სიმპტომები აღინიშნა უფრო ხშირად ინტრავენური გამოყენების შემთხვევაში:
ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტის (გამა-გლუტამილტრანსფერაზა) დონის გაზრდა
არც ისე ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
მძიმე დიარეა, სისხლის ან/და ლორწოს შემცველობით (ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი), რაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გადავიდეს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებაში
უჩვეულოდ სწრაფი გულისცემა

თირკმელების უკმარისობა

კრუნჩხვა
ხანგრძლივი (რამდენიმე თვე ან წელი) ან მუდმივი სამკურნალწამლო გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, ტკივილი კიდურების არეში, სიარულის გაძნელება, უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, წვა, დაბუჟება და ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების გაუარესება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევები, დაკავშირებული იყო ქინოლონური და ფტორქინოლონური ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგ შემთხვევაში გამომწვევი რისკ-ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
აორტის კედლის გადიდების ან შესუსტების, ან აორტის კედლის გახევის (ანევრიზმა ან აშრევება) შემთხვევები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს ლეტალურ შედეგს, ასევე გულის სარქველების დაზიანება რეგისტრირებულია პაციენტებში ფტორქინოლონებით მკურნალობისას. ასევე, იხ. პარაგრაფი 2.
გარდა ამისა, სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკების მკურნალობის შემდეგ არსებობს შემდეგი გვერდითი მოქმედების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ აღინიშნა მიფალცინით მკურნალობის დროს: სისხლში ნატრიუმის დონის მომატება, სისხლში კალციუმის დონის მომატება, სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის სპეციალური ტიპის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების ან უი-გამოსხივების მიმართ.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ითვალისწინებს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ნაციონალური სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
ჭარბი დოზა
დოზის შემთხვევითი გადაჭარბების შემდეგ არ არის რეკომენდირებული კონკრეტული ზომების მიღება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. უნდა ჩატარდეს ეკგ მონიტორინგი QT ინტერვალის გახანგრძლივების შესაძლებლობის გამო. ნახშირის ერთდროული მიღება 400 მგ პერორალური ან ინტრავენური მოქსიფლოქსაცინის დოზით შეამცირებს პრეპარატის სისტემურ ხელმისაწვდომობას შესაბამისად 80%-ზე ან 20%-ით. ნახშირის ადრეული შეწოვის დროს გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს მოქსიფლოქსაცინის სისტემური ზემოქმედების ჭარბი ზრდის თავიდან ასაცილებლად პერორალური დოზის გადაჭარბების შემთხვევაში.
- ფარმაკოლოგიური
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის მოქსიფლოქსაცინი. თითოეული ბოთლი შეიცავს 400 მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით).
1 მლ შეიცავს 1.6 მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა (pH კორექტირებისთვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექტირებისთვის) და საინექციო წყალი.
მიფალცინის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
მიფალცინი არის გამჭვირვალი, ყვითელი ფერის საინფუზიო ხსნარი.
მიფალცინი შეფუთულია მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 250 მლ პოლიპროპილენის ბოთლებს შეფუთვებში 1, 5, 10 და 12, 20 ბოთლი.
შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 15°C-25°C ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ პირველად გახსნის ან/და გაზავებისთანავე. მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას შეიძლება აღენიშნოს ნალექი, რომელიც ისევ გაიხსნება ოთახის ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შენიშნავთ ნებისმიერ ხილვად მყარ ნაწილაკებს ან თუ ხსნარი ამღვრეულია.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებები, ფტორქინოლონები, ათქ კოდი: J01MA14
მოქმედების მექანიზმი
მოქსიფლოქსაცინი აინჰიბირებს ბაქტერიული ტიპის II ტოპოიზომერაზებს (დნმ გირაზა და ტოპოიზომერაზა IV), რომლებიც საჭიროა ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციისთვის, ტრანსკრიფციისთვის და აღდგენისთვის.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია და ბიოშეღწევადობა
400 მგ ერთჯერადი ინტრავენური 1 საათიანი ინფუზიის შემდეგ დაფიქსირდა მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში დაახლოებით 4.1 მგ/ლ ინფუზიის ბოლოს, რაც შეესაბამება საშუალოდ 26%-ით ზრდას პერორალური მიღების შემდეგ (3.1 მგ/ლ).
განაწილება
მოქსიფლოქსაცინი სწრაფად ნაწილდება ექსტრავასკულარულ სივრცეებში. წონასწორული მდგომარეობის განაწილების მოცულობა (Vss) არის დაახლოებით 2 ლ/კგ. In vitro და ex vivo ექსპერიმენტებმა აჩვენა ცილებთან შეკავშირება დაახლოებით 40 - 42% პრეპარატის კონცენტრაციისგან დამოუკიდებლად. მოქსიფლოქსაცინი ძირითადად უკავშირდება შრატის ალბუმინს.
ბიოტრანსფორმაცია
მოქსიფლოქსაცინი გადის II ფაზის ბიოტრანსფორმაციას და გამოიყოფა თირკმელებით (დაახლოებით 40%) და ბილიარული/ფეკალური გზებით (დაახლოებით 60%), როგორც უცვლელი პრეპარატი, ასევე სულფო-ნაერთების (M1) და გლუკურონიდის (M2) სახით. M1 და M2 არის ერთადერთი მეტაბოლიტი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანებში, ორივე მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.
გამოყოფა
მოქსიფლოქსაცინი გამოიყოფა პლაზმიდან საშუალო ტერმინალური ნახევარგამოყოფის პერიოდით დაახლოებით 12 საათი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
მიფალცინი 400 მგ/250 მლ
საინფუზიო ხსნარი
მოქსიფლოქსაცინი
მოცემული პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფამრაცევტს ან მედდას. ეს ითვალისწინებს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
თქვენი პრეპარატის დასახელებაა მიფალცინი 400 მგ/250 მლ საინფუზიო ხსნარი.
წინამდებარე ჩანართში მოცემული პრეპარატი მითითებული იქნება, როგორც მიფალცინი.
მოცემული ჩანართის შინაარსი:
რას წარმოადგენს მიფალცინი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ მიფალცინის გამოყენებამდე
როგორ გამოიყენება მიფალცინი
შესაძლო გვერდითი მოქმედება
მიფალცინის შენახვის პირობები
შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს მიფალცინი და რისთვის გამოიყენება
მიფალცინი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას მოქსიფლოქსაცინს, რომელიც მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელწოდებით ფტორქინოლონები. მიფალცინი კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას, თუ ის გამოწვეულია მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიით.
მიფალცინი გამოიყენება მოზრდილებში შემდეგი ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ:
ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექცია (პნევმონია)
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
ამ ინფექციების სამკურნალოდ მიფალცინი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ჩვეულებრივი ანტიბიოტიკების გამოყენება ან ისინი არაეფექტიანია.
- რა უნდა იცოდეთ მიფალცინის გამოყენებამდე
დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, მიეკუთვნებით თუ არა ქვემოთ წარმოდგენილ პაციენტების ჯგუფებს.
არ გამოიყენოთ მიფალცინი
თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების მიფალცინის, ნებისმიერი სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია პარაგრაფში 6).
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
თუ ხართ 18 წლამდე ასაკის პირი.
თუ ანამნეზში გაქვთ მყესების დაავადება ან ქინოლონური ანტიბიოტიკებით ჩატარებული მკურნალობით გამოწვეული დარღვევა (იხ. პარაგრაფები 2. გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები და 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება)
თუ გაქვთ თანდაყოლილი ან წარსულში გქონდათ ნებისმიერი მდგომარეობა უჩვეულო გულისცემის თანხლებით (ვლინდება ეკგ-ზე, გულის ელექტრორეგისტრაციით).
თუ გაქვთ სისხლში მარილების დისბალანსი (განსაკუთრებით, სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე).
თუ გაქვთ ძალიან ნელი გულისცემა (ბრადიკარდია).
თუ გაქვთ გულის სუსტი ფუნქცია (გულის უკმარისობა).
თუ ანამნეზში გაქვთ უჩვეულო გულისცემა.
თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევს პათოლოგიურ ცვლილებებს ეკგ-ზე (იხ. პარაგრაფი სხვა სამკურნალო საშუალებები და მიფალცინი). ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მიფალცინი შეიძლება იწვევდეს ისეთ ცვლილებებს ეკგ-ზე, რომელიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, ე.ი. ანელებს ელექტროიმპულსების გამტარობას.
თუ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონე 5-ჯერ მაღალია ნორმის ზედა ზღვარზე.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მოცემული პრეპარატის მიღებამდე
არ მიიღოთ ფტორქინოლონის/ქინოლონის შემცველი ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის მიფალცინი, თუ წარსულში ქინოლონის ან ფტორქინოლონის მიღებისას აღგენიშნებოდათ ნებისმიერი სერიოზული გვერდითი რეაქცია. ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს.
მიფალცინის პირველად შეყვანამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. მიფალცინმა შეიძლება შეცვალოს თქვენი გულის ეკგ მაჩვენებლები, განსაკუთრებით, თუ ხართ მდედრობითი სქესის ან ხანდაზმული პირი. თუ ახლახანს იღებდით სისხლში კალიუმის დონის დამაქვეითებელ ნებისმიერ პრეპარატს, მიფალცინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს (იხ. ასევე პარაგრაფი არ გამოიყენოთ მიფალცინი და სხვა პრეპარატები და მიფალცინი).
მიფალცინის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ გაქვთ დიაბეტი, ვინაიდან მოქსიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ცვლილების რისკი,
თუ წარსულში მოქსიფლოქსაცინის მიღების შემდეგ აღგენიშნებოდათ მძიმე გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების განვითარება ან/და ეროზიები პირის ღრუში.
თუ დადგენილი გაქვთ მსხვილი ნაწლავის გადიდება ან “ამობურცვა“ (აორტის ანევრიზმა ან მსხვილი პერიფერიული სისხლძარღვის ანევრიზმა).
თუ წარსულში აღგენიშნებოდათ აორტის აშრევება (აორტის კედლის გახევა).
თუ დადგენილი გაქვთ გულის სარქველში სისხლის გაჟონვა (რეგურგიტაცია),
თუ ოჯახის ანამნეზში გაქვთ აორტის ანევრიზმა, აშრევება ან გულის სარქველის თანდაყოლილი დაავადება, სხვა რისკ-ფაქტორები ან გამომწვევი მდგომარეობები (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის ისეთი დარღვევები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი [ანთებითი აუტოიმუნური დაავადება], ან ისეთი დარღვევები სისხლძარღვების მხრივ, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეჰჩეთის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, ან ცნობილი ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების ტკივილი] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]),
თუ გაქვთ ეპილეფსია ან კრუნჩხვის რისკით მიმდინარე მდგომარეობა, მიფალცინის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ ან წარსულში გქონდათ ნებისმიერი ფსიქიკური პრობლემა, მიფალცინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ გაქვთ myasthenia gravis, მიფალცინის გამოყენებისას შეიძლება დამძიმდეს თქვენი დაავადების სიმპტომები. თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ეს მდგომარეობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის ნებისმიერ წევრს აქვს გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას უკმარისობა (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა მიფალცინი თქვენთვის შესაფერისი.
თუ აღგენიშნებათ მოულოდნელი, მძიმე ტკივილი მუცლის, გულ-მკერდის ან ზურგის არეში, რაც შეიძლება იყოს აორტის ანევრიზმის და აშრევების სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო განყოფილებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ მკურნალობთ სისტემური კორტიკოსტეროიდებით.
თუ სწრაფად ვითარდება ქოშინი, განსაკუთრებით ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, ან შენიშნავთ შეშუპებას კოჭების, ფეხების ან მუცლის არეში, ასევე გახშირებული გულისცემის ახალი შეტევის შემთხვევაში (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს
მიფალცინი შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად (ვენაში), დაუშვებელია მისი შეყვანა არტერიაში.
მიფალცინის გამოყენებისას
თუ აღგენიშნებათ გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა მკურნალობის პერიოდში, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს. მან შეიძლება დაგინიშნოთ ეკგ გულის რიტმის განსაზღვრის მიზნით.
გულის პრობლემების რისკი შეიძლება გაიზარდოს დოზისა და ვენაში შეყვანის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში. შესაბამისად, არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
შეიძლება აღინიშნოს მძიმე, მოულოდნელი ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიური რეაქცია/შოკი) იშვიათი შემთხვევა პირველი დოზის მიღების შემდეგაც კი, სიმპტომებით, რომლებიც შეიძლება ითვალისწინებდეს მოჭერას გულ-მკერდის არეში, თავბრუსხვევის შეგრძნებას, სისუსტეს ან გულის წასვლას, თავბრუსხვევას ფეხზე წამოდგომისას. მისი განვითარების შემთხვევაში მიფალცინის საინფუზიო ხსნარით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მიფალცინი შეიძლება იწვევდეს ღვიძლის სწრაფად განვითარებულ მძიმე ანთებას, ღვიძლის სიცოცხლისთვის საშიში უკმარისობის შესაძლო განვითარებით (ლეტალური შედეგების ჩათვლით, იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება). დაუკავშირდით თქვენს ექიმს მკურნალობის გაგრძელებამდე, თუ მოულოდნელად აღგენიშნებათ შეუძლოდ ყოფნა ან შენიშნავთ თვალის თეთრი გარსების გაყვითლებას, შარდის გამუქებას, კანის ქავილს, სისხლდენის საშიშროებას, აზროვნების დარღვევას ან უძილობას (ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომები ან ღვიძლის სწრაფად პროგრესირებადი და მძიმე ანთება).
ქინოლონური ანტიბიოტიკები, მათ შორის მიფალცინი, შეიძლება იწვევდეს კრუნჩხვას. მისი განვითარების შემთხვევაში, მიფალცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
შეიძლება აღგენიშნოთ ნერვის დაზიანების სიმპტომების (ნეიროპათია) იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ხმაური ყურებში, დაბუჟება ან/და სისუსტე, განსაკუთრებით ტერფების, ფეხების, ხელების ან მკლავების არეში. მათი განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ მიფალცინის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარება.
შეიძლება აღგენიშნოთ ფსიქიკური პრობლემები, ქინოლონური ანტიბიოტიკების (მათ შორის მიფალცინის) პირველად მიღების შემთხვევაშიც კი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში დეპრესია ან ფსიქიკური პრობლემები შეიძლება იწვევდეს სუიციდურ ფიქრებს და თვითდაზიანების ქცევას, მაგალითად სუიციდის მცდელობას (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება). ასეთი რეაქციების განვითარების შემთხვევაში მიფალცინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ანტიბიოტიკების, მათ შორის მიფალცინის მიღების პერიოდში ან მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს დიარეა. მძიმე ან ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში, ან თუ შენიშნავთ სისხლს ან ლორწოს განავალში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მიფალცინით მკურნალობა და დაუკავშირდით თქვენს ექიმს. ამ შემთხვევაში არ მიიღოთ პრეპარატები, რომლებიც თრგუნავს ან ანელებს ნაწლავის მოძრაობას.
სახსრების ტკივილი ან შეშუპება და მყესების ანთება ან გაწყვეტა შეიძლება იშვიათად აღინიშნოს. რისკი იზრდება ხანდაზმულ პირებში (60 წელზე უფროსი ასაკის), ორგანოს ტრანსპლანტაციის, თირკმელების პრობლემების ან კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის შემთხვევაში. მყესების ანთება ან გაწვეტა შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში და მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი. მყესის (მაგალითად, კოჭის, მაჯის, მკლავის, ბეჭების ან მუხლის) ტკივილის ან ანთების განვითარების პირველივე ნიშნების შემთხვევაში შეწყვიტეთ მიფალცინით მკურნალობა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს და დაასვენეთ ტკივილის უბანი. თავი შეიკავეთ ნებისმიერი ვარჯიშისგან, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მყესის გაწყვეტის რისკი (იხ. პარაგრაფები 2 არ გამოიყენოთ მიფალცინი და 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება),
თუ ხართ ხანდაზმული პირი და გაქვთ თირკმელების პრობლემები, მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე, რადგან გაუწყლოების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს თირკმელების უკმარისობის რისკი.
მხედველობის დაზიანების ან თვალების სხვა დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს (იხ. პარაგრაფები 2. სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა და 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება).
ფტორქინოლონური ანტიბიოტიკები შეიძლება იწვევდეს სისხლში შაქრის დონის გაზრდას ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით (ჰიპერგლიკემია), ან სისხლში შაქრის დონის დაწევას ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით (ჰიპოგლიკემია), რაც პოტენციურად იწვევს ცნობიერების დაკარგვას (ჰიპოგლიკემიური კომა) მძიმე შემთხვევებში (იხ. პარაგრაფი 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება). თუ გაქვთ დიაბეტი, სისხლში შაქრის დონე გულდასმით უნდა გაკონტროლდეს.
ქინოლონური ანტიბიოტიკები შეიძლება იწვევდეს კანის მგრძნობელობას მზის სხივების ან ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ. მიფალცინის გამოყენების პერიოდში თავი შეიკავეთ მზის სხივების ხანგრძლივი ან ძლიერი ზემოქმედებისგან და რუჯისგან ან სხვა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
შეზღუდულია მიფალცინის თანმიმდევრული ინტრავენური გადასხმის გამოცდილება ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექციის (პნევმონიის) სამკურნალოდ.
მძიმე დამწვრობის, ღრმა ქსოვილების ინფექციების და ოსტეომიელიტის თანხლებით დიაბეტური ტერფის სამკურნალოდ (ძვლის ტვინის ინფექციები) მიფალცინის ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
კანის მძიმე რეაქციები
მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას რეგისტრირებულია კანის მძიმე რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (მგეპ).
სტივენს-ჯონსონის სინდრომის/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის საწყისი ნიშნებია წვრილი მოწითალო გამონაყარი ან მრგვალი გამონაყარი ხშირად ბუშტუკებით მთელს სხეულზე. ასევე, შეიძლება განვითარდეს ეროზიები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებისა და თვალების არეში (წითელი, შესიებული თვალები). კანზე ასეთი მძიმე გამონაყარი ხშირად ვითარდება ცხელების ან/და გრიპის მსგავსი სიმპტომების ფონზე. გამონაყარი შეიძლება გადაიზარდოს კანის აქერცვლაში ფართო უბნებზე და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებში, ასევე შეიძლება იწვევდეს ლეტალურ შედეგს.
მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი ვლინდება მკურნალობის დასაწყისში კანქვეშ გავრცელებული წითელი, აქერცლილი გამონაყარის და ბუშტუკების სახით, რომლებსაც თან ახლავს ცხელება. გავრცელების ყველაზე ხშირი უბანი: ძირითადად ვრცელდება კანის ნაკეცებში, სხეულზე და ხელებზე.
კანზე მძიმე გამონაყარის ან კანის სხვა სიმპტომების განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ მოქსიფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის.
ხანგრძლივი, დამაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული არასასურველი გვერდითი მოვლენები
ფტორქინოლონური/ქინოლონური ანტიბაქტერიული საშუალებები, მათ შორის მიფალცინი, დაკავშირებული იყო ძალიან იშვიათ, მაგრამ მძიმე გვერდით მოვლენებთან, ზოგიერთი მათგანი ხანგრძლივი (გრძელდება რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში), დამაინვალიდებელი ან პოტენციურად შეუქცევადი. მათ მიეკუთვნება მყესების, კუნთებისა და ზედა და ქვედა კიდურების სახსრების ტკივილი, სიარულის გაძნელება, ანომალური შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, დაბუჟება ან წვა (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის, გემოს და ყნოსვის, ასევე სმენის დარღვევა, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, ძლიერი დაღლილობა და ძილის მძიმე დარღვევები.
თუ რომელიმე მითითებული გვერდითი მოქმედება განვითარდა მიფალცინის მიღების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. ექიმთან ერთად მიიღებთ გადაწყვეტილებას მკურნალობის გაგრძელების შესახებ სხვა კლასის ანტიბიოტიკის გამოყენების გათვალისწინებით.
ბავშვები და მოზარდები
მოცემული პრეპარატი არ გამოიყენება ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის (იხ. პარაგრაფი არ გამოიყენოთ მიფალცინი).
სხვა პრეპარატები და მიფალცინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
მიფალცინთან დაკავშირებით გაითვალისწინეთ შემდეგი ინფორმაცია:
თუ იყენებთ მიფალცინს და სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენს გულზე, იზრდება გულის რიტმის შეცვლის რისკი. ამიტომ, არ მიიღოთ მიფალცინი შემდეგ პრეპარატებთან ერთად: ანტიარითმული პრეპარატები (მაგალითად ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი), ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგალითად, ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულტოპრიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერი ანტიმიკრობული პრეპარატი (მაგალითად, საკვინავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, კერძოდ ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალება (მაგალითად, ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი) და სხვა სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ციზაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი და დიფემანილი).
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ სისხლში კალიუმის დონის დამაქვეითებელ სხვა პრეპარატებს (მაგალითად, ზოგიერთი დიურეზული, ზოგიერთი საფაღარათო საშუალება და ოყნა [დიდი დოზები] ან კორტიკოსტეროიდები [ანთების საწინააღმდეგო საშუალებები], ამფოტერიცინი B), ან პრეპარატებს, რომლებიც ანელებს გულისცემას, რადგან ეს შეიძლება ასევე იწვევდეს გულის რიტმის მძიმე დარღვევების რისკს მიფალცინით მკურნალობის პერიოდში.
თუ ამჟამად იღებთ პერორალურ ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ვარფარინს), შეიძლება საჭირო იყოს სისხლის შედედების დროის მონიტორინგი თქვენი ექიმის მიერ.
მიფალცინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
მიფალცინის მოქმედება არ იცვლება საკვების, მათ შორის რძის პროდუქტების ზემოქმედებით.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
არ გამოიყენოთ მიფალცინი, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ცხოველებში ჩატარებული კვლევებით არ არის ნაჩვენები, რომ თქვენი ფერტილობა დაირღვევა ამ პრეპარატის გამოყენებით.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
მიფალცინმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გაბრუება, შეიძლება აღგენიშნოთ მხედველობის მოულოდნელი, დროებითი დაკარგვა, ან შესაძლებელია გონების ხანმოკლე დროით დაკარგვა. ამ მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან იმუშაოთ მექანიზმებთან.
მიფალცინი შეიცავს ნატრიუმს
მოცემული სამკურნალო საშუალების თითოეული ბოთლი შეიცავს 786.7 მგ ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითად კომპონენტს). ეს შეესაბამება მოზრდილთათვის საკვებში მისაღებად რეკომენდებული მაქსიმალური სადღეღამისო ოდენობის 39.35%-ს.
- როგორ გამოიყენება მიფალცინი
მიფალცინი ყოველთვის გაგიკეთდებათ ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ.
მოზრდილთათვის რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ბოთლს, ერთხელ დღე-ღამეში. მიფალცინი განკუთვნილია ინტრავენური გამოყენებისთვის. თქვენი ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ ინფუზია კეთდება უწყვეტი ნაკადით, 60 წუთის განმავლობაში.
ხანდაზმულ პაციენტებში, დაბალი წონის ან თირკმელების პრობლემების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
მკურნალობის ხანგრძლივობა
თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მიფალცინით თქვენი მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. ზოგ შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შეიძლება დაიწყოს თქვენი მკურნალობა მიფალცინის საინფუზიო ხსნარით და შემდეგ გააგრძელოს მიფალცინის ტაბლეტებით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და თქვენს რეაქციაზე მკურნალობის მიმართ, თუმცა მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:
ფილტვების არაჰოსპიტალური ინფექცია (პნევმონია) 7-14 დღე. პნევმონიის მქონე უმრავლესი პაციენტი გადაყვანილი იქნა მიფალცინის ტაბლეტებით პერორალურ მკურნალობაზე 4 დღის განმავლობაში.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები 7-21 დღე. კანისა და კანის სტრუქტურის გართულებული ინფექციების მქონე პაციენტებში ინტრავენური მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 6 დღეს, ხოლო მკურნალობის საერთო საშუალო ხანგრძლივობა (ინფუზია და შემდგომ ტაბლეტებით მკურნალობა) შეადგენდა 13 დღეს.
არ გადააჭარბოთ მკურნალობის რეკომენდებულ დოზას და ხაგრძლივობას.
თუ გამოიყენეთ მიფალცინის საჭიროზე მეტი დოზა
თუ თვლით, რომ მიიღეთ მიფალცინის ძალიან დიდი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ მიფალცინის გამოყენება
თუ თვლით, რომ გამოტოვეთ მიფალცინის დოზის მიღება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს.
თუ შეწყვიტეთ მიფალცინის გამოყენება
თუ მოცემული პრეპარატით მკურნალობა ძალიან ადრე შეწყვიტეთ, თქვენი ინფექცია შეიძლება სრულად არ იქნას განკურნებული. მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის დასრულება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ რამდენიმე დღის შემდეგ. თუ ძალიან ადრე შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება/გამოყენება, თქვენი ინფექცია შეიძლება სრულად არ იქნას განკურნებული, ინფექციამ შეიძლება კვლავ იჩინოს თავი ან თქვენი მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს, და შეიძლება გამოგიმუშავდეთ ბაქტერიული რეზისტენტობა ანტიბიოტიკის მიმართ. დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გსურთ მიფალცინის საინფუზიო ხსნარით ან მიფალცინის ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტა მკურნალობის კურსის დასრულებამდე.
მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოქმედება, რომელიც აღინიშნა მიფალცინით მკურნალობის პერიოდში, ჩამოთვლილია ქვემოთ:
თუ შენიშნავთ
უჩვეულოდ სწრაფ გულისცემას (იშვიათი გვერდითი მოქმედება)
მოულოდნელად განვითარებულ შეუძლოდ ყოფნას ან თვალის თეთრი გარსების გაყვითლებას, შარდის გამუქებას, კანის ქავილს, სისხლდენის საშიშროებას, აზროვნების დარღვევას ან უძილობას (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის ელვისებური ანთების სიმპტომები, რაც იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ ღვიძლის უკმარისობას (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება, აღინიშნა ლეტალური შედეგები))
მძიმე გამონაყარი კანზე, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ეს მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს მოწითალო წვრილი გამონაყარით ან მრგვალი გამონაყარით ხშირად ბუშტუკებით მთელს სხეულზე, კანის აქერცვლით, ეროზიებით პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებისა და თვალების არეში, და შეიძლება განვითარდეს ცხელების და გრიპის მსგავსი სიმპტომების ფონზე (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში)
წითელი, აქერცლილი კანქვეშ ამობერილი გამონაყარი ბუშტუკებით, მკურნალობის დასაწყისში ცხელების თანხლებით (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი) (ამ გვერდითი მოქმედების სიხშირე “უცნობია“)
წყლის გამოყოფის დარღვევით გამოწვეული სინდრომი და ნატრიუმის დაბალი დონე (SIADH) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
ცნობიერების დაკარგვა სისხლში შაქრის დონის მწვავე დაქვეითებასთან დაკავშირებით (ჰიპოგლიკემიური კომა) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
სისხლძარღვების ანთება (ნიშნები შეიძლება იყოს წითელი ლაქები კანზე, ძირითათად ფეხების არეში, ან სახსრების ტკივილის მსგავსი ეფექტები) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
მოულოდნელად განვითარებული მძიმე გენერალიზებული ალერგიული რეაქცია, მათ შორის ძალიან იშვიათად სიცოცხლისთვის საშიში შოკი (მაგალითად, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის დაცემა, სწრაფი პულსი) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
შეშუპება, მათ შორის სასუნთქი გზების შეშუპება (იშვიათი გვერდითი მოქმედება, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში)
კონვულსია (იშვიათი გვერდითი მოქმედება)
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება ან/და სისუსტე კიდურებში (იშვიათი გვერდითი მოქმედება)
დეპრესია (ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს თვითდაზიანებას, როგორიცაა სუიციდური აზრები/ფიქრები ან სუიციდის მცდელობა) (იშვიათი გვერდითი მოქმედება)
გონებასუსტობა (პოტენციურად იწვევს თვითდაზიანებას, როგორიცაა სუიციდური აზრები/ფიქრები ან სუიციდის მცდელობა) (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
მძიმე დიარეა, სისხლის ან/და ლორწოს შემცველობით (ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი, მათ შორის ფსევდომემბრანული კოლიტი), რაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გადავიდეს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებაში (იშვიათი გვერდითი მოქმედება)
მყესების ტკივილი და შეშუპება (ტენდონიტი) (იშვიათი გვერდითი მოქმედება) ან მყესის გაწყვეტა (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
კუნთების სისუსტე, მგრძნობელობა ან ტკივილი, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის, მაღალი სიცხის ან შარდის გამუქების თანხლებით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დაშლით, რაც შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება რაბდომიოლიზი) (ამ გვერდითი მოქმედების სიხშირე “უცნობია“)
შეწყვიტეთ მიფალცინის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო რჩევა.
გარდა ამისა, თუ შენიშნავთ
მხედველობის დროებით დაკარგვას (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება)
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოფთალმოლოგს.
მიფალცინით მკურნალობის დროს სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემის (Torsade de Pointes) განვითარების ან გულისცემის გაჩერების შემთხვევაში (ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება), დაუყოვნებლიც აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რომ იღებთ მიფალცინს, და არ გააგრძელოთ მკურნალობა.
მიასთენია გრავისის სიმპტომების დამძიმება აღინიშნება ძალიან იშვიათ შემთხვევებში. ამ მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
თუ გაქვთ დიაბეტი და შენიშნეთ სისხლში შაქრის დონის მომატება ან დაქვეითება (იშვიათი ან ძალიან იშვიათი გვერდითი მოქმედება), დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს .
თუ ხართ თირკმელების პრობლემების მქონე ხანდაზმული პირი და შენიშნავთ გამოყოფილი შარდის შემცირებას, ფეხების, კოჭების ან ტერფების შეშუპებას, დაღლილობას, გულისრევას, ძილიანობას, ქოშინს ან დაბნეულობას (ეს შეიძლება იყოს თირკმელების უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, იშვიათი გვერდითი მოქმედება), დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
სხვა გვერდითი მოქმედება, რომელიც შეიძლება აღინიშნოს მიფალცინით მკურნალობის პერიოდში, ჩამოთვლილია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
გულისრევა
დიარეა
თავბრუსხვევა
ტკივილი კუჭისა და მუცლის არეში
ღებინება
თავის ტკივილი
სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატება
რეზისტენტული ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექცია, მაგალითად Candida-თი გამოწვეული პირის ღრუს ან ვაგინალური ინფექციები
საინექციო ადგილის ტკივილი ან ანთება
გულის რიტმის ცვლილება (ეკგ) პაციენტებში სისხლში კალიუმის დაბალი დონით
არც ისე ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
გამონაყარი
დარღვევები კუჭის მხრივ (მოუნელებლობა/გულძმარვა)
გემოს შეცვლა (ძალიან იშვიათ შემთხვევებში გემოს დაკარგვა)
ძილის დარღვევები (ძირითადად უძილობა)
სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტების (გამა-გლუტამილტრანსფერაზა ან/და ტუტე ფოსფატაზა) დონის გაზრდა
სისხლის სპეციალური თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები, ნეიტროფილები) დაბალი რაოდენობა
შეკრულობა
ქავილი
თავბრუსხვევის შეგრძნება (ტრიალი ან დაცემა)
ძლიანობა
მეტეორიზმი
გულისცემის შეცვლა (ეკგ)
ღვიძლის დაზიანებული ფუნქცია (მათ შორის სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტის (ლაქტატდეჰიდროგენაზას) დონის მომატება)
მადის დაქვეითება ან მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება
სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი რაოდენობა
ტკივილი, მაგალითად ტკივილი ზურგის, გულ-მკერდის, მენჯის და კიდურების არეში
სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სისხლის სპეციალური უჯრედების დონის გაზრდა
ოფლიანობა
სისხლის სპეციალური თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) დონის გაზრდა
შფოთვა
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (ძირითადად სისუსტე ან დაღლილობა)
კანკალი
სახსრების ტკივილი
გულისცემა
არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა
სუნთქვის გაძნელება, მათ შორის ასთმური მდგომარეობები
სისხლში საჭმლის მომნელებელი სპეციალური ფერმენტის (ამილაზა) დონის მომატება
მოუსვენრობა/აგზნებადობა
ჩხვლეტის შეგრძნება (ნემსების ჩხვლეტა) ან/და დაბუჟება
კანზე გამონაყარი
სისხლძარღვების გაფართოება
დაბნეულობა და დეზორიენტაცია
სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სისხლის სპეციალური უჯრედების დონის დაქვეითება
მხედველობის დარღვევები, მათ შორის არამკვეთრი მხედველობა
სისხლის შედედების დაქვეითება
სისხლში ლიპიდების (ცხიმები) დონის დაქვეითება
სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა
კუნთების ტკივილი
ალერგიული რეაქციები
სისხლში ბილირუბინის დონის მომატება
ვენის ანთება ინექციის ადგილზე
კუჭის ანთება
გაუწყლოება
გულისცემის მძიმე პათოლოგიები
კანის სიმშრალე
სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში, გამოწვეული გულის კუნთში სისხლის უკმარისობით)
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს)
სისხლში შაქრის დონის გაზრდა
კუნთების სპაზმი
კუნთების კრუნჩხვა
ჰალუცინაცია
მაღალი არტერიული წნევა
შეშუპება (ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, პირის, ყელის არეში)
დაბალი არტერიული წნევა
თირკმელების უკმარისობა (მათ შორის თირკმელების სპეციალური ლაბორატორიული ანალიზების, როგორიცაა შარდოვანა და კრეატინინი, მაჩვენებლების გაზრდა)
ღვიძლის ანთება
ანთება პირის ღრუში
ყურებში ზარების რეკვის ხმა/ხმაური
სიყვითლე (თვალის თეთრი გარსების ან კანის გაყვითლება)
კანის მგრძნობელობის დარღვევა
უჩვეულო სიზმრები
კონცენტრაციის დარღვევა
ყლაპვის გაძნელება
ცვლილებები ყნოსვის მხრივ (მათ შორის ყნოსვის დაკარგვა)
წონასწორობის დარღვევა და ცუდი კოორდინაცია (თავბრუსხვევის გამო)
მეხსიერების სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვა
სმენის დარღვევა, მათ შორის სიყრუე (ჩვეულებრივ შექცევადი)
სისხლში შარდმჟავას დონის მომატება
ემოციური არასტაბილურობა
მეტყველების დარღვევა
გონების დაკარგვა
კუნთების სისუსტე
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 10000-დან 1 ადამიანს)
სახსრების ანთება
უჩვეულო გულისცემა
კანის მგრძნობელობის გაზრდა
გაბრუების შეგრძნება (პიროვნების დარღვევა)
სისხლის შედედების მაჩვენებლის გაზრდა
კუნთების რიგიდულობა
სისხლის სპეციალური თეთრი უჯრედების მნიშვნელოვანი დაქვეითება (აგრანულოციტოზი)
სისხლის წითელი და თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის დაცემა (პანციტოპენია)
შემდეგი სიმპტომები აღინიშნა უფრო ხშირად ინტრავენური გამოყენების შემთხვევაში:
ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს)
სისხლში ღვიძლის სპეციალური ფერმენტის (გამა-გლუტამილტრანსფერაზა) დონის გაზრდა
არც ისე ხშირად (შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს)
მძიმე დიარეა, სისხლის ან/და ლორწოს შემცველობით (ანტიბიოტიკებთან ასოცირებული კოლიტი), რაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გადავიდეს სიცოცხლისთვის საშიშ გართულებაში
უჩვეულოდ სწრაფი გულისცემა
ჰალუცინაცია
დაბალი არტერიული წნევა
თირკმელების უკმარისობა (მათ შორის თირკმელების სპეციალური ლაბორატორიული ანალიზების, როგორიცაა შარდოვანა და კრეატინინი, მაჩვენებლების გაზრდა)
თირკმელების უკმარისობა
შეშუპება (ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, პირის, ყელის არეში)
კრუნჩხვა
ხანგრძლივი (რამდენიმე თვე ან წელი) ან მუდმივი სამკურნალწამლო გვერდითი რეაქციების ძალიან იშვიათი შემთხვევები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესის გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, ტკივილი კიდურების არეში, სიარულის გაძნელება, უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, წვა, დაბუჟება და ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების გაუარესება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოს და ყნოსვის დარღვევები, დაკავშირებული იყო ქინოლონური და ფტორქინოლონური ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგ შემთხვევაში გამომწვევი რისკ-ფაქტორების არსებობის მიუხედავად.
აორტის კედლის გადიდების ან შესუსტების, ან აორტის კედლის გახევის (ანევრიზმა ან აშრევება) შემთხვევები, რომლებიც შეიძლება იწვევდეს ლეტალურ შედეგს, ასევე გულის სარქველების დაზიანება რეგისტრირებულია პაციენტებში ფტორქინოლონებით მკურნალობისას. ასევე, იხ. პარაგრაფი 2.
გარდა ამისა, სხვა ქინოლონური ანტიბიოტიკების მკურნალობის შემდეგ არსებობს შემდეგი გვერდითი მოქმედების ძალიან იშვიათი შემთხვევები, რომლებიც, სავარაუდოდ აღინიშნა მიფალცინით მკურნალობის დროს: სისხლში ნატრიუმის დონის მომატება, სისხლში კალციუმის დონის მომატება, სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობის სპეციალური ტიპის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სხივების ან უი-გამოსხივების მიმართ.
შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ითვალისწინებს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ უშუალოდ შეტყობინებათა ნაციონალური სისტემის საშუალებით. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.
- მიფალცინის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბოთლის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 15°C-25°C ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ პირველად გახსნის ან/და გაზავებისთანავე. მოცემული პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარი უნდა განადგურდეს.
დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას შეიძლება აღენიშნოს ნალექი, რომელიც ისევ გაიხსნება ოთახის ტემპერატურაზე.
არ გამოიყენოთ პრეპარატი, თუ შენიშნავთ ნებისმიერ ხილვად მყარ ნაწილაკებს ან თუ ხსნარი ამღვრეულია.
არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხზე მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს მიფალცინი
მოქმედი ნივთიერება არის მოქსიფლოქსაცინი. თითოეული ბოთლი შეიცავს 400 მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით).
1 მლ შეიცავს 1.6 მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით).
დამხმარე ნივთიერებებია ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა (pH კორექტირებისთვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექტირებისთვის) და საინექციო წყალი.
მიფალცინის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
მიფალცინი არის გამჭვირვალი, ყვითელი ფერის საინფუზიო ხსნარი.
მიფალცინი შეფუთულია მუყაოს კოლოფებში, რომლებიც შეიცავს 250 მლ პოლიპროპილენის ბოთლებს შეფუთვებში 1, 5, 10 და 12, 20 ბოთლი.
შეიძლება, გაყიდვაში ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
დემო ს.ა. ფარმაცევტული მრეწველობა, ათენი-ლამიას ეროვნული გზატკეცილი 21-ე კმ, 145 68 კრიონერი, ატიკი, საბერძნეთი, ტელეფონი: +30 210 8161802, ფაქსი: +30 2108161587
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 03/2021
__________________________________________________________________
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის:
მიფალცინის შეყვანა შეიძლება T-ფორმის მილის საშუალებით შემდეგ ხსნარებთან ერთად:
საინექციო ხსარი, ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდი 1 მოლი, გლუკოზა 5%/10%/40%,
ქსილიტოლი 20%, რინგერის ხსნარი, ნატრიუმლაქტატის ხსნარის ნარევი (ჰარტმანის ხსნარი, რინგერლაქტატის ხსნარი).
მიფალცინის ინფუზია არ შეიყვანება სხვა პრეპარატებთან ერთად.
შემდეგი ხსნარები არ იყო შეთავსებადი მიფალცინთან:
ნატრიუმის ქლორიდი 10% და 20% ხსნარები,
ნატრიუმის ბიკარბონატი 4.2% და 8.4% ხსნარები.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.