პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

აველოქსი

Avelox

რეცეპტით400მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

პრეპარატ „აველოქსის“ აქტიური ნივთიერებაა მოქსიფლოქსაცინი, რომელიც არის ანტიბიოტიკი ფთორქინოლონების ჯგუფიდან. პრეპარატი „აველოქსი“ კლავს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მოქსიფლოქსაცინი (moxifloxacin)
ფორმა და შეფუთვა
400მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №5 (1X5)
მწარმოებელი
Bayer HealthCare Manufacturing S.r.l, იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ფტორქინოლონები
ATC კოდი
J01MA14
რეგისტრაციის ნომერი
რ-040736
რეგისტრირებულია
12 აპრილი 2024, მოქმედებს 12 აპრილი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Bayer AG (გერმანია)
განმცხადებელი
სს ბაიერის წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააველოქსი და სხვა წამალი ერთად

აველოქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატ „აველოქსის“ აქტიური ნივთიერებაა მოქსიფლოქსაცინი, რომელიც არის ანტიბიოტიკი ფთორქინოლონების ჯგუფიდან. პრეპარატი „აველოქსი“ კლავს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს.

პრეპარატი „აველოქსი“ გამოიყენება 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით. პრეპარატი „აველოქსი“ გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ არ შეიძლება სტანდარტული ანტიბიოტიკების გამოყენება ან ისინი არაეფექტური აღმოჩნდა:

პარანაზალური სინუსების (ცხვირის დანამატი წიაღების) ლორწოვანი გარსის ანთება (სინუსიტი), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება ან ფილტვების ანთება (პნევმონია), რომელიც წარმოიქმნება სამედიცინო დაწესებულების გარეთ (გარდა მძიმე შემთხვევებისა).

ქალის სასქესო ორგანოების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები), მათ შორის ფალოპიუსის მილების და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციები.

ქალის სასქესო ორგანოების ინფექციების მკურნალობისთვის მხოლოდ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენება საკმარისი არ არის. თქვენმა მკურნალმა ექიმმა დამატებით უნდა დანიშნოს სხვა ანტიბიოტიკი (იხილეთ პარაგრაფი 2. „რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებამდე. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“. პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს).

პრეპარატი „აველოქსი“ ტაბლეტირებული ფორმით შეიძლება დანიშნოს ექიმმა იმ პაციენტების მკურნალობის კურსის დასასრულებლად, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესდა მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის შემდეგ, რომელიც გამოიყენებოდა ინტრავენური შეყვანის ხსნარის ფორმით, შემდეგი სამედიცინო ჩვენებისას:

ფილტვების ანთება (პნევმონია), რომელიც ჩნდება სამკურნალო დაწესებულების გარეთ, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

პრეპარატი „აველოქსი“ არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების ან მძიმე პნევმონიის (ფილტვების ანთების) საწყისი მკურნალობა.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებამდე

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, მიეკუთვნებით თუ არა ქვემოთ აღწერილი პაციენტების ჯგუფს.

უკუჩვენებები

თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა დამხმარე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ.

თუ 18 წელზე ნაკლები ასაკის ხართ.

თუ ადრე გქონდათ პრობლემები მყესებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებით (იხილეთ პარაგრაფი "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები" და 4. "შესაძლო არასასურველი რეაქციები“).

თუ გაქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი გულის რიტმის დარღვევა (განისაზღვრება ეკგ-ზე), დარღვეულია სისხლის მარილოვანი ბალანსი (განსაკუთრებით, სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), ძალიან ნელი გულის რიტმი (ბრადიკარდია), გულის სერიოზული პრობლემები (გულის უკმარისობა), ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ზე ცვლილებებს (იხილეთ პარაგრაფი "სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი „აველოქსი“). ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პრეპარატმა „აველოქსმა“ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე, კერძოდ, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ანუ ელექტრული სიგნალების შენელებული გამტარობა.

თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები ან თუ თქვენი ღვიძლისმიერი ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონე 5-ზე მეტჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის მიღების დაწყებამდე

არ უნდა მიიღოთ ფთორქინოლონების/ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის პრეპარატი „აველოქსი“, თუ წარსულში გქონდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფთორქინოლონების გამოყენებისას. ამ შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

„აველოქსმა“ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები გულის ეკგ-ზე, განსაკუთრებით ქალებში ან ხანდაზმულ ადამიანებში. თუ ამჟამად იღებთ რაიმე სამკურნალო საშუალებას, რომელიც ამცირებს კალიუმის დონეს სისხლში, პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია (ასევე იხილეთ პარაგრაფები „არ მიიღოთ პრეპარატი აველოქსი“, „სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი „აველოქსი“).

თუ ოდესმე აღგენიშნებოდათ ძლიერი გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების (ბებერების) წარმოქმნა და/ან პირის ღრუს წყლულები მოქსიფლოქსაცინის მიღების შემდეგ.

თუ გაწუხებთ ეპილეფსია ან დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ფსიქიკური დაავადებები, პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ გაქვთ მიასთენია გრავისი, პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებამ შეიძლება გააღრმავოს თქვენი დაავადების სიმპტომები. თუ ვარაუდობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ ეს დაავადება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგიდგინდათ მსხვილი სისხლძარღვის გადიდება ან „გაფართოება“ (აორტის ანევრიზმა ან პერიფერიული მსხვილი სისხლძარღვის ანევრიზმა).

თუ ადრე გქონდათ აორტის განშრევება (აორტის კედლის რღვევა).

თუ დაგიდგინდათ გულის სარქვლის მეშვეობით სისხლის უკუდენა (გულის სარქვლის რეგურგიტაცია).

თუ თქვენს ოჯახურ ანამნეზში იყო აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების, თანდაყოლილი გულის სარქვლების დაავადების შემთხვევები და ასვვე სხვა რისკის ფაქტორები ან წინასწარგანწყობილი მდგომარეობა (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი [ავტოიმუნური ანთებითი დაავადება]) ან სისხლძარღვთა დაავადებები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეჰჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ან ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]).

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, რადგან შაქრის დონე სისხლში შეიძლება შეიცვალოს მოქსიფლოქსაცინის მიღების ფონზე.

თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ნაკლებობა (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება), აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა პრეპარატი „აველოქსი“ თქვენთვის შესაფერისი.

თუ გაქვთ ქალის სასქესო ორგანოების გართულებული ინფექცია (მაგალითად, ჩირქის დაგროვება ფალოპიუსის მილებში, საკვერცხეებში ან მენჯში), რომლის დროსაც ექიმი დანიშნავს ანტიბიოტიკს ინტრავენურად, ამ შემთხვევაში პრეპარატი „აველოქსი“ არაეფექტურია.

ქალის სასქესო ორგანოების გაურთულებელი ინფექციების მკურნალობისთვის მკურნალმა ექიმმა დამატებით უნდა დანიშნოს სხვა ანტიბიოტიკი. თუ 3 დღის მკურნალობის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მიმართეთ ექიმს.

პრეპარატ „აველოქსის გამოყენების“ დროს

თუ მკურნალობის დროს გაგიჩნდათ გახშირებული გულისცემა ან არარეგულარული გულის რიტმი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ეკგ-ს გაკეთება თქვენი გულის რიტმის გასაზომად.

გულის პრობლემების წარმოქმნის რისკი იზრდება დოზის მატებასთან ერთად. ამიტომ აუცილებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზირების რეჟიმის დაცვა.

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტიკური რეაქცია/შოკი) შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პირველი გამოყენების დროსაც შემდეგი სიმპტომებით: სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა ან გონების დაკარგვა. ამ შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

„აველოქსმა“ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე და სწრაფად განვითარებადი ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ღვიძლის უკმარისობა (მათ შორის ლეტალური გამოსავალით, იხილეთ მე-4 პარაგრაფი "შესაძლო არასასურველი რეაქციები"). გთხოვთ, მკურნალობის გაგრძელებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, თუ გაგიჩნდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სპონტანური სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა და/ან ცუდი ფიზიკური მდგომარეობა, თვალის თეთრი გარსის გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული თავის ტვინის დაავადება (ვლინდება ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით ან ღვიძლის სწრაფად განვითარებადი და მძიმე ანთებით).

სერიოზული კანის რეაქციები მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა კანის მძიმე რეაქციების წარმოქმნა, მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი.

  • სტივენ-ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი შეიძლება გამოვლინდეს მოწითალო ლაქების სახით, სამიზნეების ან წრეების მსგავსი, რომელთაც ხშირად თან ახლავს ბუშტუკები შუაში. ასევე შეიძლება წარმოიქმნას წყლულები პირში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებში (წითელი და შეშუპებული თვალები). ამ მძიმე კანის გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ციებ-ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება განვითარდეს კანის ფართო აქერცვლის გაჩენამდე და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებამდე ან გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი.
  • მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი ვითარდება თერაპიის დასაწყისში წითელი ქიცვიანი (ქერცლიანი) ვრცელი გამონაყარის სახით, კანქვეშა გამკვრივებებითა და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაცია: ძირითადად ლოკალიზებულია სხეულისა და ზედა კიდურების კანის ნაკეცებზე.

თუ გაგივითარდათ ძლიერი გამონაყარი ან რომელიმე სხვა ქვემოჩამოთვლილი კანის რეაქცია, შეწყვიტეთ მოქსიფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

სხვა ქინოლონების მსგავსად, „აველოქსმა“ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ხანგრძლივი, მაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები. ფთორქინოლონების/ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული მედიკამენტების, მათ შორის პრეპარატ „აველოქსის“ მიღება, დაკავშირებულია ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით რეაქციებთან, რომელთაგან ზოგიერთი ხანგრძლივ ხასიათს ატარებდა (გრძელდება თვეები ან წლები), იწვევდა ინვალიდობას ან პოტენციურად შეუქცევადი იყო. ისინი მოიცავს მყესების ანთებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, კიდურების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, ანომალურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტა, წიწკნა, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის დარღვევა, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, სმენის დაქვეითება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, დაღლილობა და ძილის დარღვევა.

თუ პრეპარატ „აველოქსის“ მიღების შემდეგ გაგივითარდათ რომელიმე გვერდითი რეაქცია, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მკურნალ ექიმთან ერთად მიიღეთ გადაწყვეტილება შემდგომი მკურნალობის შესახებ და განიხილეთ სხვა ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა.

შეიძლება განიცადოთ ნერვული დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელის მტევნებსა და მკლავებში. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

შეიძლება წარმოგეშვათ ფსიქიკური აშლილობა, იმ შემთხვევაშიც, თუ პირველად იღებთ ქინოლონურ ანტიბიოტიკებს, მათ შორის „აველოქსს“. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, დეპრესიამ ან ფსიქიკურმა აშლილობამ შეიძლება გამოიწვიოს სუიციდური აზრები და გამოიწვიოს თვითმკვლელობის მცდელობა (იხილეთ პარაგრაფი 4. "შესაძლო არასასურველი რეაქციები"). ასეთი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ანტიბიოტიკების, მათ შორის „აველოქსის“ მიღების დროს ან მიღების შემდეგ შეიძლება აღგენიშნოთ დიარეა. თუ დიარეა გამოხატულ ან ხანგრძლივ ხასიათს ატარებს, ან განავალში შეამჩნევთ სისხლის ან ლორწოს მინარევს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ „აველოქსის“ მიღება და მიმართეთ ექიმს. ამ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც აჩერებენ ან ანელებენ ნაწლავების მუშაობას.

სახსრების ტკივილი და შეშუპება, აგრეთვე მყესების ანთება ან გაწყვეტა იშვიათად წარმოიქმნება (იხილეთ პარაგრაფები "არ მიიღოთ პრეპარატი „აველოქსი" და 4. "შესაძლო არასასურველი რეაქციები"). მყესების ანთებისა და გაწყვეტის რისკი გაზრდილია ხანდაზმულ (60 წელზე უფროსი ასაკის) ადამიანებში, პირებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ორგანოს გადანერგვა ან აქვთ თირკმელების პრობლემები, აგრეთვე თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება მოხდეს როგორც მკურნალობის პირველ 48 საათში, ასევე პრეპარატ „აველოქსით“ თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ტკივილის პირველი ნიშნების ან მყესის ანთების შემთხვევაში (მაგალითად, კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის არეში) შეწყვიტეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს და უზრუნველყავით მტკივნეული ადგილისთვის მოსვენების მდგომარეობა. მოერიდეთ დატვირთვას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მყესების გაწყვეტის რისკი.

თუ იგრძნობთ მკვეთრ, ძლიერ ტკივილს მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში, რომელიც შეიძლება იყოს ანევრიზმის ან აორტის დისექციის (განშრევების) სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ იღებთ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.

მწვავე ქოშინის წარმოქმნის შემთხვევაში, განსაკუთრებით დაწოლისას, ან თუ შეამჩნიეთ კოჭების, ფეხის ტერფების ან მუცლის შეშუპება, ან გახშირებული გულისცემის ახალი შეტევის დაწყება (გახშირებული ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი და გაწუხებთ თირკმლის პრობლემები, დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე, რადგან გაუწყლოება ზრდის თირკმლის უკმარისობის რისკს.

თუ გაქვთ მხედველობის დარღვევა ან ფიქრობთ, რომ თქვენი თვალები სხვაგვარად არის დაზიანებული, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს (იხილეთ პარაგრაფები "სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა" და 4. "შესაძლო არასასურველი რეაქციები").

ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ცვლილება, როგორც მატების (ჰიპერგლიკემია), ასევე დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) კუთხით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა (ჰიპოგლიკემიური კომა) მძიმე შემთხვევებში (იხილეთ პარაგრაფი 4. "შესაძლო არასასურველი რეაქციები"). თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, საჭიროა გულდასმით აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე.

ქინოლონებმა შეიძლება გაზარდონ კანის მგრძნობელობა მზის სინათლის ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ. მოერიდეთ მზეზე ხანგრძლივ ყოფნას და ინტენსიურ მზის სინათლეს, და აგრეთვე არ ეწვიოთ სოლარიუმს პრეპარატ „აველოქსის“ მიღების დროს.

მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარის კლინიკური ეფექტურობა ინფექციების სამკურნალოდ მძიმე დამწვრობის, შინაგანი ორგანოების გარსების, კუნთების და ნერვების ანთების შემთხვევაში, აგრეთვე ინფიცირებული „დიაბეტური ტერფის“ დროს, რომელსაც თან ახლავს ძვლის ტვინის ანთება, არ არის დადასტურებული.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი „აველოქსი“ უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, ვინაიდან პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის დადგენილი არ არის (იხილეთ პარაგრაფი „არ მიიღოთ პრეპარატი „აველოქსი“).

სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი „აველოქსი“

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ „აველოქსის“ გარდა ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

თუ თქვენ იღებთ „აველოქსს“ სხვა პრეპარატებთან ერთდროულად, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე, იზრდება გულის რიტმის დარღვევის რისკი. არ მიიღოთ პრეპარატი „აველოქსი“ შემდეგ მედიკამენტებთან ერთდროულად: ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუთილიდი), ანტიფსიქოტიკური პრეპარატები (მაგალითად, ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულფოპრიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატები (მაგალითად, საქვინავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგალითად, ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი) და სხვა სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ციზაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი და დიფემანილი).

თუ თქვენ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება (მაგალითად, ზოგიერთი შარდმდენი საშუალება, ზოგიერთი საფაღარათო პრეპარატები და ოყნები [მაღალ დოზებში] ან კორტიკოსტეროიდები [ანთების საწინააღმდეგო საშუალებები], ამფოტერიცინი B) ან პრეპარატებს, რომლებიც ანელებენ გულის რიტმს, უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგან ეს პრეპარატები ზრდის გულის რიტმის სერიოზული დარღვევის რისკს პრეპარატ „აველოქსის“ მიღებისას.

ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს ან ალუმინს, მაგალითად, ანტაციდებს, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას, ან რკინის ან თუთიის შემცველ ნებისმიერ მედიკამენტებს, დიდანოზინ-შემცველ სამკურნალო პრეპარატებს, ან სუკრალფატის შემცველ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ, შეუძლიათ შეამცირონ „აველოქსის“ აქტივობა. ამიტომ მიიღეთ პრეპარატი „აველოქსი“ სხვა სამკურნალო საშუალების მიღებამდე 6 საათით ადრე ან მიღებიდან 6 საათის შემდეგ.

გააქტიურებული ნახშირის და პრეპარატ „აველოქსის“ ერთდროული მიღება ამცირებს „აველოქსის“ აქტივობას. არ მიიღოთ აქტივირებული ნახშირი პრეპარატ „აველოქსით“ მკურნალობის დროს.

თუ იღებთ პერორალურ ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ვარფარინს), თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა აკონტროლოს სისხლის შედედება.

პრეპარატ „აველოქსის“ მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატ „აველოქსის“ მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად (რძის პროდუქტების ჩათვლით).

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატ „აველოქსის“ მიღება არ შეიძლება ორსულობისას ან ძუძუთი კვების დროს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, პრეპარატი „აველოქსი“ არ მოქმედებს ფერტილობაზე.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატმა „აველოქსმა“ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დროებითი დაკარგვა ან გონების დაკარგვა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა აკრძალულია.

პრეპარატი „აველოქსი“ შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ თქვვენმა მკურნალმა ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაესაუბრეთ მას პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე.

პრეპარატ „აველოქსის“ თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად თავისუფალია ნატრიუმისგან.

პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული შესაბამისობით. ეჭვი გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 1 შემოგარსული ტაბლეტი (400 მგ) დღეში ერთხელ.

პრეპარატ „აველოქსის“ შემოგარსული ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული პერორალურად. გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად (რათა არ იგრძნოთ მწარე გემო), დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით. პრეპარატ „აველოქსის“ მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. შეეცადეთ მიიღოთ პრეპარატი ერთსა და იმავე დროს.

არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში, სხეულის დაბალი მასის მქონე პაციენტებში ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე. თქვენი მკურნალი ექიმის სხვა მითითებების არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატ „აველოქსის“ შემოგარსული ტაბლეტების გამოყენების რეკომენდებული ხანგრძლივობაა:

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ბრონქიტის ჩათვლით) - 5 - 10 დღე.

ფილტვების ანთება (პნევმონია), რომელიც ჩნდება საავადმყოფოს გარეთ, გარდა მძიმე შემთხვევებისა - 10 დღე.

პარანაზალური სინუსების (ცხვირის დანამატი წიაღების) ლორწოვანი გარსის ანთება (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი) - 7 დღე.

ქალის სასქესო ორგანოების გაურთულებელი (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის) ინფექციები (მცირე მენჯის ორგანოების ანთება), მათ შორის ფალოპიუსის მილების და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის - 14 დღე.

იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი „აველოქსი“, გარსით დაფარული ტაბლეტები, გამოიყენება მოქსიფლოქსაცინით დაწყებული მკურნალობის დასასრულებლად, რომელიც დანიშნული იყო ინტრავენური საინექციო ხსნარის ფორმით, თერაპიის რეკომენდებული ხანგრძლივობაა:

ფილტვების ანთება (პნევმონია), რომელიც ჩნდება სამკურნალო დაწესებულების გარეთ - 7-14 დღე.

უმეტეს შემთხვევაში, პნევმონიის დიაგნოზის მქონე პაციენტები გადაჰყავთ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებაზე, გარსით დაფარულ ტაბლეტებზე, მკურნალობის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში.

კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები - 7-21 დღე.

უმეტეს შემთხვევაში, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების მქონე პაციენტები გადაჰყავთ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებაზე, გარსით დაფარულ ტაბლეტებზე, მკურნალობის დაწყებიდან 6 დღის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის დასრულება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე დღის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ. სამკურნალო პრეპარატის მიღების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ინფექცია შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას, შეიძლება დაბრუნდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს, ამასთანავე, შეიძლება განვითარდეს ბაქტერიების რეზისტენტობა ანტიბიოტიკის მიმართ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას (იხ. პარაგრაფი 2. „რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებამდე. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

თუ მიიღეთ პრეპარატ „აველოქსის“ დოზა, რომელიც აღემატება დანიშნულს

თუ მიიღეთ პრეპარატ „აველოქსის“ ერთზე მეტი დანიშნული ტაბლეტი დღე-ღამის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას და, თუ შესაძლებელია, წაიღეთ თან დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვა ან ეს ინსტრუქცია, რომ აჩვენოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რას იღებდით.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება

თუ გამოტოვეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება, მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ ამის შესახებ იმავე დღეს. თუ არ მიიღეთ ტაბლეტი დღე-ღამის განმავლობაში, მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა (1 ტაბლეტი) მომდევნო დღეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.

თუ არ იცით, რა გააკეთოთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ვადაზე ადრე წყვეტთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღებას

თუ მკურნალობის კურსის დასრულებამდე შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას, ინფექცია შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას. მკურნალობის კურსის დასრულებამდე ტაბლეტების მიღების შეწყვეტამდე, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ დაგრჩათ რაიმე შეკითხვა ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ წარმოექმნება ყველას.

ყველაზე სერიოზული არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებისას, ჩამოთვლილია ქვემოთ:

თუ წარმოიქმნება

ხშირი და არარეგულარული გულის რიტმი (იშვიათი არასასურველი რეაქცია)

უეცარი სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, თვალის თეთრი გარსის (სკლერების) სიყვითლე, შარდის ფერის გამუქება, კანის ქავილი, სისხლდენადობა, გონების დაბინდვა ან უძილობა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის სწრაფად განვითარებადი ანთების ნიშნები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია, აღწერილია შემთხვევები ლეტალური გამოსავალით))

ძლიერი გამონაყარი კანზე, სტივენ-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ის შეიძლება გამოვლინდეს სამიზნეების ან წრეების მსგავსი მოწითალო ლაქების სახით, რომელსაც ხშირად თან ახლავს ბუშტუკები (ბებერები) შუაში, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე, რომელსაც შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ძალიან იშვიათი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში არასასურველი რეაქცია)

წითელი ქიცვიანი ვრცელი გამონაყარი კანქვეშა გამკვრივებებით და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი) (ამ არასასურველი რეაქციის სიხშირე უცნობია)

წყლის გამოყვანის დარღვევით და ნატრიუმის დაბალი დონით გამოწვეული სინდრომი (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

სისხლში შაქრის დონის მკვეთრი შემცირებით განპირობებული გონების დაკარგვა (ჰიპოგლიკემიური კომა) (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

სისხლძარღვების ანთება (შეიძლება გამოხატული იყოს კანზე წითელი ლაქების სახით, ჩვეულებრივ წვივებზე, ან გამოვლინდეს როგორც სახსრების ტკივილი) (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

მძიმე ალერგიული რეაქცია, ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში შოკის ჩათვლით (მაგალითად, გაძნელებული სუნთქვა, არტერიული წნევის შემცირება, გახშირებული პულსი) (იშვიათი არასასურველი რეაქცია)

შეშუპება, სასუნთქი გზების შეშუპების ჩათვლით (სიცოცხლისათვის საშიში იშვიათი არასასურველი რეაქცია)

კრუნჩხვები (იშვიათი არასასურველი რეაქცია)

ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, კიდურების დაბუჟება და/ან სისუსტე (იშვიათი არასასურველი რეაქცია)

დეპრესიები (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის აზრები და თვითმკვლელობის მცდელობა) (იშვიათი არასასურველი რეაქცია)

ფსიქოზი (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის აზრები და თვითმკვლელობის მცდელობა) (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

მძიმე ფორმის დიარეა სისხლით და/ან ლორწოს მინარევით (ანტიბიოტიკასოცირებული კოლიტი, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით), რომელმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები (იშვიათი არასასურველი რეაქცია))

მყესების ტკივილი და შეშუპება (ტენდინიტი) (იშვიათი არასასურველი რეაქცია) ან მყესების გაწყვეტა (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

კუნთების სისუსტე, ტკივილი ან ტკივილის შეგრძნება, განსაკუთრებით, თუ ამასთან თავს შეუძლოდ გრძნობთ, გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან მუქი ფერის შარდი. ეს ნიშნები შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთოვანი ქსოვილის ანომალური დაშლით, რომელიც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც რაბდომიოლიზი ეწოდება) (ამ არასასურველი რეაქციის სიხშირე უცნობია).

შეწყვიტეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნება

მხედველობის დროებითი დაკარგვა (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია),

დისკომფორტი ან ტკივილი თვალებში, განსაკუთრებით სინათლის ზემოქმედებისგან (ძალიან იშვიათი ან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

დაუყოვნებლივ მიმართეთ ოკულისტს.

თუ პრეპარატ „აველოქსის“ მიღებისას გაგივითარდათ სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულისცემა (პირუეტული ტაქიკარდია) (ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქცია), დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ მიიღეთ პრეპარატი „აველოქსი“ და არ განაახლოთ მკურნალობა.

მიასთენია გრავისის სიმპტომების გაუარესება შეინიშნება ძალიან იშვიათ შემთხვევებში. სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი და შეამჩნიეთ სისხლში შაქრის დონის მატება ან შემცირება (იშვიათი ან ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქცია), დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულებმა მოშარდვის პრობლემების, ფეხების, წვივების ან ტერფების შეშუპების, დაღლილობის, გულისრევის, ძილიანობის, ქოშინის ან გონების დაბინდვის შემთხვევაში (ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, იშვიათი გვერდითი რეაქცია) დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პრეპარატ „აველოქსით“ მკურნალობის დროს, ჩამოთვლილია წარმოქმნის სიხშირის მიხედვით:

ხშირი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 10-დან 1 ან მეტ პაციენტში)

გულისრევა

დიარეა

თავბრუსხვევა

მუცლის ტკივილი

ღებინება

თავის ტკივილი

სისხლში ღვიძლისმიერი ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატება

მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ინფექციები, მაგალითად, Candida-ით გამოწვეული ორალური და ვაგინალური ინფექციები

გულისრიტმის ცვლილება ეკგ-ზე სისხლში კალიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში

იშვიათი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გამონაყარი

კუჭის აშლილობა (აპეპსია/გულძმარვა)

გემოს შეგრძნების ცვლილება (იშვიათ შემთხვევებში – გემოს დაკარგვა)

ძილის დარღვევა (ძირითადად უძილობა)

ღვიძლისმიერი ფერმენტების (გამა-გლუტამილტრანსფერაზას და/ან ტუტე ფოსფატაზას) დონის მომატება სისხლში

«სისხლის თეთრი უჯრედების» (ლეიკოციტების, ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირება

ყაბზობა

ქავილი

თავბრუსხვევა (ტრიალი ან გონების დაკარგვა)

ძილიანობა

მეტეორიზმი

გულის რიტმის ცვლილება ეკგ-ზე

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის სისხლში ღვიძლისმიერი ფერმენტების (ლაქტატდეჰიდროგენაზას) დონის მომატება)

მადის დაქვეითება

წელის, გულმკერდის, მენჯის და კიდურების ტკივილი

სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სპეციალური სისხლის უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის ზრდა

მომატებული ოფლიანობა

ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა, რომლებსაც ეწოდება ეოზინოფილები

შფოთვა (შფოთიანობა)

ცუდი ფიზიკური მდგომარეობა (ძირითადად სისუსტე ან დაღლილობა)

ტრემორი

სახსრების ტკივილი

გახშირებული გულისცემა

გულის არითმია

გაძნელებული სუნთქვა, მათ შორის ასთმა

სისხლში სპეციალური საჭმლის მომნელებელი ფერმენტის (ამილაზას) დონის მატება

მოუსვენრობა / შფოთვა

ჩხვლეტის შეგრძნება (კიდურებში წიწკნა) და/ან დაბუჟება

ჭინჭრის ციება

სისხლძარღვების გაფართოება

გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია

სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სპეციალური სისხლის უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება

მხედველობის დარღვევა, მათ შორის დიპლოპია და დეფოკუსირებული ხედვა

სისხლის შედედების დაქვეითება

სისხლში ლიპიდების (ცხიმების) მომატებული შემცველობა

ერითროციტების დაბალი რაოდენობა

კუნთების ტკივილი

ალერგიული რეაქცია

სისხლში ბილირუბინის დონის მატება

კუჭის ანთება

დეჰიდრატაცია

გულის რიტმის მძიმე დარღვევები

კანის სიმშრალე

სტენოკარდია

იშვიათი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

კუნთების ტოკვა (კრთომა)

კუნთების კრუნჩხვები

ჰალუცინაციები

მაღალი არტერიული წნევა

შეშუპება (ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, პირის, ყელის)

დაბალი არტერიული წნევა

თირკმლის უკმარისობა მათ შორის ისეთი მაჩვენებლების გაზრდა, როგორიცაა შარდოვანა და კრეატინინი თირკმელების სპეციალური ლაბორატორიული კვლევების შედეგებში)

ღვიძლის ანთებითი დაავადება

პირის ღრუს ანთებითი დაავადებები

შუილი/ხმაური ყურებში

სიყვითლე (თვალის თეთრი გარსის (სკლერების) ან კანის გაყვითლება)

შეხების გრძნობის დარღვევა

უჩვეულო სიზმრები

ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება

ყლაპვის გაძნელება

ყნოსვის დაკარგვა

წონასწორობის დარღვევა და ცუდი კოორდინაცია (თავბრუსხვევის შედეგად)

მეხსიერების ნაწილობრივი ან აბსოლუტური დაკარგვა

სმენის დარღვევა, სიყრუის ჩათვლით (ჩვეულებრივ შექცევადი)

შარდმჟავას ცვლილება სისხლში

ემოციური არამდგრადობა

მეტყველების დარღვევა

გულის წასვლა

კუნთების სისუსტე

ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 10000-დან 1 პაციენტში)

სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (პანციტოპენია)

სახსრების ანთება

არანორმალური გულის რიტმი

კანის მგრძნობელობის მომატება

გამოთიშულობის შეგრძნება

სისხლის შედედების გაზრდა

კუნთების რიგიდულობა

სისხლის სპეციალური თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი)

ძალიან იშვიათ შემთხვევებში გახანგრძლივებული (თვეებამდე ან წლებამდე) ან შეუქცევადი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, მტკივნეული შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, წიწკნა, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა დაკავშირებული იყო ქინოლონების და ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, განურჩევლად ადრე არსებული რისკ-ფაქტორებისა.

მიღებული იყო შეტყობინებები აორტის კედლის გაფართოებისა და შესუსტების ან აორტის კედლის რღვევის შესახებ (ანევრიზმა და განშრევება), რომელთა გახეთქვამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი, დაფიქსირდა ასევე გულის სარქვლის მეშვეობით სისხლის უკან დინების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფთორქინოლონებით (ასევე იხილეთ პარაგრაფი 2 "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები").

გარდა ამისა, ქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებით თერაპიის დროს ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები: ქალასშიდა წნევის მომატება (რომლის ნიშნები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, კერძოდ, მხედველობის არამკაფიოობა, "ბრმა" ზონები, მხედველობის გაორება, მხედველობის დაკარგვა), სისხლში ნატრიუმის დონის მომატება, სისხლში კალციუმის დონის მომატება, სპეციალური ტიპის სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლის ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ, რაც ასევე შეიძლება განვითარდეს პრეპარატ „აველოქსით“ მკურნალობის დროს.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ წარმოგექმნათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გთხოვთ მიმართოთ კონსულტაციის მისაღებად თქვენს ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში.

არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ შეგიძლიათ ასევე შეატყობინოთ სამკურნალო პრეპარატებზე არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზას, მათ შორის, სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების მონაცემთა ბაზასwww.rceth.by).

პრეპარატ „აველოქსის“ შენახვა

შეინახეთ მოცემული სამკურნალო პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ მიიღოთ ეს სამკურნალო პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია კონტურულ-უჯრედულ და მუყაოს შეფუთვაზე. ვარგისიანობის ვადა იწურება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. მიმართეთ ფარმაცევტს ინფორმაციის მისაღებად იმ სამკურნალო პრეპარატების უტილიზაციის შესახებ, რომლებსაც აღარ იღებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთერება – მოქსიფლოქსაცინი. თითოეული ტაბლეტი, შემოგარსული, შეიცავს 400 მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხილეთ პარაგრაფი „პრეპარატი „აველოქსი“ შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“) და მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (15сP), მაკროგოლი 4000, რკინის ოქსიდი წითელი (E172) და ტიტანის დიოქსიდი (E171).

როგორ გამოიყურება პრეპარატი „აველოქსი“ და როგორია შეფუთვის შიგთავსი

წითელი გაუმჭვირვალე მოგრძო ფორმის ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს მარკირებით «BAYER», ხოლო მეორე მხარეს «M400».

5 ტაბლეტი ბლისტერში, რომელიც დამზადებულია ალუმინის ფოლგის და პა / ალ / პვქ-სგან ან ალუმინის ფოლგის და პვქ/პვდქ-სგან. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის

„აველოქსი“, აპკით შემოგარსული ტაბლეტი, 400 მგ

მოზრდილებში გამოსაყენებლად

მოქსიფლოქსაცინი

პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

პრეპარატი დანიშნულია სწორედ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები ემთხვევა თქვენსას.

ნებისმიერი არასასურველი რეაქციის წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის მათზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელი-ჩანართის მე-4 პარაგრაფში.

ფურცელი-ჩანართის შინაარსი

რას წარმოადგენს პრეპარატი „აველოქსი“ და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებამდე

პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენება

შესაძლო არასასურველი რეაქციები

პრეპარატ „აველოქსის“ შენახვა

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს პრეპარატი „აველოქსი“ და რისთვის გამოიყენება იგი

პრეპარატ „აველოქსის“ აქტიური ნივთიერებაა მოქსიფლოქსაცინი, რომელიც არის ანტიბიოტიკი ფთორქინოლონების ჯგუფიდან. პრეპარატი „აველოქსი“ კლავს ინფექციების გამომწვევ ბაქტერიებს.

პრეპარატი „აველოქსი“ გამოიყენება 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით. პრეპარატი „აველოქსი“ გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ არ შეიძლება სტანდარტული ანტიბიოტიკების გამოყენება ან ისინი არაეფექტური აღმოჩნდა:

პარანაზალური სინუსების (ცხვირის დანამატი წიაღების) ლორწოვანი გარსის ანთება (სინუსიტი), ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება ან ფილტვების ანთება (პნევმონია), რომელიც წარმოიქმნება სამედიცინო დაწესებულების გარეთ (გარდა მძიმე შემთხვევებისა).

ქალის სასქესო ორგანოების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები), მათ შორის ფალოპიუსის მილების და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ინფექციები.

ქალის სასქესო ორგანოების ინფექციების მკურნალობისთვის მხოლოდ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენება საკმარისი არ არის. თქვენმა მკურნალმა ექიმმა დამატებით უნდა დანიშნოს სხვა ანტიბიოტიკი (იხილეთ პარაგრაფი 2. „რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებამდე. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“. პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს).

პრეპარატი „აველოქსი“ ტაბლეტირებული ფორმით შეიძლება დანიშნოს ექიმმა იმ პაციენტების მკურნალობის კურსის დასასრულებლად, რომელთა მდგომარეობა გაუმჯობესდა მოქსიფლოქსაცინით მკურნალობის შემდეგ, რომელიც გამოიყენებოდა ინტრავენური შეყვანის ხსნარის ფორმით, შემდეგი სამედიცინო ჩვენებისას:

ფილტვების ანთება (პნევმონია), რომელიც ჩნდება სამკურნალო დაწესებულების გარეთ, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

პრეპარატი „აველოქსი“ არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების ან მძიმე პნევმონიის (ფილტვების ანთების) საწყისი მკურნალობა.

რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებამდე

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული, მიეკუთვნებით თუ არა ქვემოთ აღწერილი პაციენტების ჯგუფს.

არ მიიღოთ პრეპარატი „აველოქსი“:

თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების მოქსიფლოქსაცინის, ქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა დამხმარე კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში).

თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ.

თუ 18 წელზე ნაკლები ასაკის ხართ.

თუ ადრე გქონდათ პრობლემები მყესებთან დაკავშირებით, რომლებიც გამოწვეულია ქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებით (იხილეთ პარაგრაფი "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები" და 4. "შესაძლო არასასურველი რეაქციები“).

თუ გაქვთ თანდაყოლილი ან შეძენილი გულის რიტმის დარღვევა (განისაზღვრება ეკგ-ზე), დარღვეულია სისხლის მარილოვანი ბალანსი (განსაკუთრებით, სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე), ძალიან ნელი გულის რიტმი (ბრადიკარდია), გულის სერიოზული პრობლემები (გულის უკმარისობა), ან იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ ეკგ-ზე ცვლილებებს (იხილეთ პარაგრაფი "სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი „აველოქსი“). ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ პრეპარატმა „აველოქსმა“ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ეკგ-ზე, კერძოდ, QT ინტერვალის გახანგრძლივება, ანუ ელექტრული სიგნალების შენელებული გამტარობა.

თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული პრობლემები ან თუ თქვენი ღვიძლისმიერი ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონე 5-ზე მეტჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატის მიღების დაწყებამდე

არ უნდა მიიღოთ ფთორქინოლონების/ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის პრეპარატი „აველოქსი“, თუ წარსულში გქონდათ სერიოზული გვერდითი რეაქციები ქინოლონების ან ფთორქინოლონების გამოყენებისას. ამ შემთხვევაში ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

„აველოქსმა“ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები გულის ეკგ-ზე, განსაკუთრებით ქალებში ან ხანდაზმულ ადამიანებში. თუ ამჟამად იღებთ რაიმე სამკურნალო საშუალებას, რომელიც ამცირებს კალიუმის დონეს სისხლში, პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია (ასევე იხილეთ პარაგრაფები „არ მიიღოთ პრეპარატი აველოქსი“, „სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი „აველოქსი“).

თუ ოდესმე აღგენიშნებოდათ ძლიერი გამონაყარი კანზე ან კანის აქერცვლა, ბუშტუკების (ბებერების) წარმოქმნა და/ან პირის ღრუს წყლულები მოქსიფლოქსაცინის მიღების შემდეგ.

თუ გაწუხებთ ეპილეფსია ან დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ფსიქიკური დაავადებები, პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ გაქვთ მიასთენია გრავისი, პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებამ შეიძლება გააღრმავოს თქვენი დაავადების სიმპტომები. თუ ვარაუდობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ ეს დაავადება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგიდგინდათ მსხვილი სისხლძარღვის გადიდება ან „გაფართოება“ (აორტის ანევრიზმა ან პერიფერიული მსხვილი სისხლძარღვის ანევრიზმა).

თუ ადრე გქონდათ აორტის განშრევება (აორტის კედლის რღვევა).

თუ დაგიდგინდათ გულის სარქვლის მეშვეობით სისხლის უკუდენა (გულის სარქვლის რეგურგიტაცია).

თუ თქვენს ოჯახურ ანამნეზში იყო აორტის ანევრიზმის ან აორტის განშრევების, თანდაყოლილი გულის სარქვლების დაავადების შემთხვევები და ასვვე სხვა რისკის ფაქტორები ან წინასწარგანწყობილი მდგომარეობა (მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, როგორიცაა მარფანის სინდრომი ან ელერს-დანლოსის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, შეგრენის სინდრომი [ავტოიმუნური ანთებითი დაავადება]) ან სისხლძარღვთა დაავადებები, როგორიცაა ტაკაიასუს არტერიტი, გიგანტურუჯრედოვანი არტერიტი, ბეჰჩეტის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ან ათეროსკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი [სახსრების დაავადება] ან ენდოკარდიტი [გულის ინფექცია]).

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, რადგან შაქრის დონე სისხლში შეიძლება შეიცვალოს მოქსიფლოქსაცინის მიღების ფონზე.

თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას ნაკლებობა (იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება), აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც მოგცემთ რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა პრეპარატი „აველოქსი“ თქვენთვის შესაფერისი.

თუ გაქვთ ქალის სასქესო ორგანოების გართულებული ინფექცია (მაგალითად, ჩირქის დაგროვება ფალოპიუსის მილებში, საკვერცხეებში ან მენჯში), რომლის დროსაც ექიმი დანიშნავს ანტიბიოტიკს ინტრავენურად, ამ შემთხვევაში პრეპარატი „აველოქსი“ არაეფექტურია.

ქალის სასქესო ორგანოების გაურთულებელი ინფექციების მკურნალობისთვის მკურნალმა ექიმმა დამატებით უნდა დანიშნოს სხვა ანტიბიოტიკი. თუ 3 დღის მკურნალობის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, მიმართეთ ექიმს.

პრეპარატ „აველოქსის გამოყენების“ დროს

თუ მკურნალობის დროს გაგიჩნდათ გახშირებული გულისცემა ან არარეგულარული გულის რიტმი, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ექიმს. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ეკგ-ს გაკეთება თქვენი გულის რიტმის გასაზომად.

გულის პრობლემების წარმოქმნის რისკი იზრდება დოზის მატებასთან ერთად. ამიტომ აუცილებელია პრეპარატის რეკომენდებული დოზირების რეჟიმის დაცვა.

მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქტიკური რეაქცია/შოკი) შეიძლება განვითარდეს პრეპარატის პირველი გამოყენების დროსაც შემდეგი სიმპტომებით: სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა ან გონების დაკარგვა. ამ შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

„აველოქსმა“ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე და სწრაფად განვითარებადი ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ღვიძლის უკმარისობა (მათ შორის ლეტალური გამოსავალით, იხილეთ მე-4 პარაგრაფი "შესაძლო არასასურველი რეაქციები"). გთხოვთ, მკურნალობის გაგრძელებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, თუ გაგიჩნდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სპონტანური სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა და/ან ცუდი ფიზიკური მდგომარეობა, თვალის თეთრი გარსის გაყვითლება, მუქი ფერის შარდი, კანის ქავილი, სისხლდენისადმი მიდრეკილება ან ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული თავის ტვინის დაავადება (ვლინდება ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით ან ღვიძლის სწრაფად განვითარებადი და მძიმე ანთებით).

სერიოზული კანის რეაქციები მოქსიფლოქსაცინის გამოყენებისას აღინიშნა კანის მძიმე რეაქციების წარმოქმნა, მათ შორის სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი.

  • სტივენ-ჯონსონის სინდრომი / ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი შეიძლება გამოვლინდეს მოწითალო ლაქების სახით, სამიზნეების ან წრეების მსგავსი, რომელთაც ხშირად თან ახლავს ბუშტუკები შუაში. ასევე შეიძლება წარმოიქმნას წყლულები პირში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებში (წითელი და შეშუპებული თვალები). ამ მძიმე კანის გამონაყარს ხშირად წინ უძღვის ციებ-ცხელება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები. გამონაყარი შეიძლება განვითარდეს კანის ფართო აქერცვლის გაჩენამდე და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებამდე ან გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი.
  • მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი ვითარდება თერაპიის დასაწყისში წითელი ქიცვიანი (ქერცლიანი) ვრცელი გამონაყარის სახით, კანქვეშა გამკვრივებებითა და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაცია: ძირითადად ლოკალიზებულია სხეულისა და ზედა კიდურების კანის ნაკეცებზე.

თუ გაგივითარდათ ძლიერი გამონაყარი ან რომელიმე სხვა ქვემოჩამოთვლილი კანის რეაქცია, შეწყვიტეთ მოქსიფლოქსაცინის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

სხვა ქინოლონების მსგავსად, „აველოქსმა“ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ხანგრძლივი, მაინვალიდებელი და პოტენციურად შეუქცევადი სერიოზული გვერდითი რეაქციები. ფთორქინოლონების/ქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული მედიკამენტების, მათ შორის პრეპარატ „აველოქსის“ მიღება, დაკავშირებულია ძალიან იშვიათ, მაგრამ სერიოზულ გვერდით რეაქციებთან, რომელთაგან ზოგიერთი ხანგრძლივ ხასიათს ატარებდა (გრძელდება თვეები ან წლები), იწვევდა ინვალიდობას ან პოტენციურად შეუქცევადი იყო. ისინი მოიცავს მყესების ანთებას, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, კიდურების ტკივილს, სიარულის გაძნელებას, ანომალურ შეგრძნებებს, როგორიცაა ჩხვლეტა, წიწკნა, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (პარესთეზია), სენსორული დარღვევები, მათ შორის მხედველობის დარღვევა, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, სმენის დაქვეითება, დეპრესია, მეხსიერების გაუარესება, დაღლილობა და ძილის დარღვევა.

თუ პრეპარატ „აველოქსის“ მიღების შემდეგ გაგივითარდათ რომელიმე გვერდითი რეაქცია, მკურნალობის გაგრძელებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მკურნალ ექიმთან ერთად მიიღეთ გადაწყვეტილება შემდგომი მკურნალობის შესახებ და განიხილეთ სხვა ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა.

შეიძლება განიცადოთ ნერვული დაზიანების სიმპტომები (ნეიროპათია), როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, დაბუჟება და/ან სისუსტე, განსაკუთრებით ტერფებსა და ფეხებში ან ხელის მტევნებსა და მკლავებში. ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, პოტენციურად შეუქცევადი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.

შეიძლება წარმოგეშვათ ფსიქიკური აშლილობა, იმ შემთხვევაშიც, თუ პირველად იღებთ ქინოლონურ ანტიბიოტიკებს, მათ შორის „აველოქსს“. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, დეპრესიამ ან ფსიქიკურმა აშლილობამ შეიძლება გამოიწვიოს სუიციდური აზრები და გამოიწვიოს თვითმკვლელობის მცდელობა (იხილეთ პარაგრაფი 4. "შესაძლო არასასურველი რეაქციები"). ასეთი რეაქციების წარმოქმნის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ანტიბიოტიკების, მათ შორის „აველოქსის“ მიღების დროს ან მიღების შემდეგ შეიძლება აღგენიშნოთ დიარეა. თუ დიარეა გამოხატულ ან ხანგრძლივ ხასიათს ატარებს, ან განავალში შეამჩნევთ სისხლის ან ლორწოს მინარევს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ „აველოქსის“ მიღება და მიმართეთ ექიმს. ამ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც აჩერებენ ან ანელებენ ნაწლავების მუშაობას.

სახსრების ტკივილი და შეშუპება, აგრეთვე მყესების ანთება ან გაწყვეტა იშვიათად წარმოიქმნება (იხილეთ პარაგრაფები "არ მიიღოთ პრეპარატი „აველოქსი" და 4. "შესაძლო არასასურველი რეაქციები"). მყესების ანთებისა და გაწყვეტის რისკი გაზრდილია ხანდაზმულ (60 წელზე უფროსი ასაკის) ადამიანებში, პირებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ორგანოს გადანერგვა ან აქვთ თირკმელების პრობლემები, აგრეთვე თუ იღებთ კორტიკოსტეროიდებს. მყესების ანთება და გაწყვეტა შეიძლება მოხდეს როგორც მკურნალობის პირველ 48 საათში, ასევე პრეპარატ „აველოქსით“ თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ტკივილის პირველი ნიშნების ან მყესის ანთების შემთხვევაში (მაგალითად, კოჭის, მაჯის, იდაყვის, მხრის ან მუხლის არეში) შეწყვიტეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს და უზრუნველყავით მტკივნეული ადგილისთვის მოსვენების მდგომარეობა. მოერიდეთ დატვირთვას, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს მყესების გაწყვეტის რისკი.

თუ იგრძნობთ მკვეთრ, ძლიერ ტკივილს მუცლის, გულმკერდის ან ზურგის არეში, რომელიც შეიძლება იყოს ანევრიზმის ან აორტის დისექციის (განშრევების) სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ იღებთ სისტემურ კორტიკოსტეროიდებს.

მწვავე ქოშინის წარმოქმნის შემთხვევაში, განსაკუთრებით დაწოლისას, ან თუ შეამჩნიეთ კოჭების, ფეხის ტერფების ან მუცლის შეშუპება, ან გახშირებული გულისცემის ახალი შეტევის დაწყება (გახშირებული ან არარეგულარული გულისცემის შეგრძნება), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

თუ ხართ ხანდაზმული ადამიანი და გაწუხებთ თირკმლის პრობლემები, დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე, რადგან გაუწყლოება ზრდის თირკმლის უკმარისობის რისკს.

თუ გაქვთ მხედველობის დარღვევა ან ფიქრობთ, რომ თქვენი თვალები სხვაგვარად არის დაზიანებული, დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს (იხილეთ პარაგრაფები "სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა" და 4. "შესაძლო არასასურველი რეაქციები").

ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ცვლილება, როგორც მატების (ჰიპერგლიკემია), ასევე დაქვეითების (ჰიპოგლიკემია) კუთხით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა (ჰიპოგლიკემიური კომა) მძიმე შემთხვევებში (იხილეთ პარაგრაფი 4. "შესაძლო არასასურველი რეაქციები"). თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, საჭიროა გულდასმით აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე.

ქინოლონებმა შეიძლება გაზარდონ კანის მგრძნობელობა მზის სინათლის ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ. მოერიდეთ მზეზე ხანგრძლივ ყოფნას და ინტენსიურ მზის სინათლეს, და აგრეთვე არ ეწვიოთ სოლარიუმს პრეპარატ „აველოქსის“ მიღების დროს.

მოქსიფლოქსაცინის საინფუზიო ხსნარის კლინიკური ეფექტურობა ინფექციების სამკურნალოდ მძიმე დამწვრობის, შინაგანი ორგანოების გარსების, კუნთების და ნერვების ანთების შემთხვევაში, აგრეთვე ინფიცირებული „დიაბეტური ტერფის“ დროს, რომელსაც თან ახლავს ძვლის ტვინის ანთება, არ არის დადასტურებული.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი „აველოქსი“ უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, ვინაიდან პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის დადგენილი არ არის (იხილეთ პარაგრაფი „არ მიიღოთ პრეპარატი „აველოქსი“).

სხვა სამკურნალო პრეპარატები და პრეპარატი „აველოქსი“

აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ „აველოქსის“ გარდა ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

თუ თქვენ იღებთ „აველოქსს“ სხვა პრეპარატებთან ერთდროულად, რომლებიც გავლენას ახდენენ გულზე, იზრდება გულის რიტმის დარღვევის რისკი. არ მიიღოთ პრეპარატი „აველოქსი“ შემდეგ მედიკამენტებთან ერთდროულად: ანტიარითმული საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუთილიდი), ანტიფსიქოტიკური პრეპარატები (მაგალითად, ფენოთიაზინები, პიმოზიდი, სერტინდოლი, ჰალოპერიდოლი, სულფოპრიდი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ზოგიერთი ანტიმიკრობული პრეპარატები (მაგალითად, საქვინავირი, სპარფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო საშუალებები, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), ზოგიერთი ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგალითად, ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი) და სხვა სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ციზაპრიდი, ინტრავენური ვინკამინი, ბეპრიდილი და დიფემანილი).

თუ თქვენ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება (მაგალითად, ზოგიერთი შარდმდენი საშუალება, ზოგიერთი საფაღარათო პრეპარატები და ოყნები [მაღალ დოზებში] ან კორტიკოსტეროიდები [ანთების საწინააღმდეგო საშუალებები], ამფოტერიცინი B) ან პრეპარატებს, რომლებიც ანელებენ გულის რიტმს, უნდა აცნობოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგან ეს პრეპარატები ზრდის გულის რიტმის სერიოზული დარღვევის რისკს პრეპარატ „აველოქსის“ მიღებისას.

ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს ან ალუმინს, მაგალითად, ანტაციდებს, რომლებიც ამცირებენ კუჭის მჟავიანობას, ან რკინის ან თუთიის შემცველ ნებისმიერ მედიკამენტებს, დიდანოზინ-შემცველ სამკურნალო პრეპარატებს, ან სუკრალფატის შემცველ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ, შეუძლიათ შეამცირონ „აველოქსის“ აქტივობა. ამიტომ მიიღეთ პრეპარატი „აველოქსი“ სხვა სამკურნალო საშუალების მიღებამდე 6 საათით ადრე ან მიღებიდან 6 საათის შემდეგ.

გააქტიურებული ნახშირის და პრეპარატ „აველოქსის“ ერთდროული მიღება ამცირებს „აველოქსის“ აქტივობას. არ მიიღოთ აქტივირებული ნახშირი პრეპარატ „აველოქსით“ მკურნალობის დროს.

თუ იღებთ პერორალურ ანტიკოაგულანტებს (მაგალითად, ვარფარინს), თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა აკონტროლოს სისხლის შედედება.

პრეპარატ „აველოქსის“ მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

პრეპარატ „აველოქსის“ მიღება შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად (რძის პროდუქტების ჩათვლით).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

პრეპარატ „აველოქსის“ მიღება არ შეიძლება ორსულობისას ან ძუძუთი კვების დროს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევების მონაცემებით, პრეპარატი „აველოქსი“ არ მოქმედებს ფერტილობაზე.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პრეპარატმა „აველოქსმა“ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მხედველობის დროებითი დაკარგვა ან გონების დაკარგვა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა აკრძალულია.

პრეპარატი „აველოქსი“ შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ თქვვენმა მკურნალმა ექიმმა გაცნობათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაესაუბრეთ მას პრეპარატ „აველოქსის“ მიღებამდე.

პრეპარატ „აველოქსის“ თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად თავისუფალია ნატრიუმისგან.

პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკურნალი ექიმის რეკომენდაციების სრული შესაბამისობით. ეჭვი გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს.

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 1 შემოგარსული ტაბლეტი (400 მგ) დღეში ერთხელ.

პრეპარატ „აველოქსის“ შემოგარსული ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული პერორალურად. გადაყლაპეთ ტაბლეტები მთლიანად (რათა არ იგრძნოთ მწარე გემო), დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით. პრეპარატ „აველოქსის“ მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. შეეცადეთ მიიღოთ პრეპარატი ერთსა და იმავე დროს.

არ არის საჭირო დოზის კორექცია ხანდაზმულ პაციენტებში, სხეულის დაბალი მასის მქონე პაციენტებში ან თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე. თქვენი მკურნალი ექიმის სხვა მითითებების არარსებობის შემთხვევაში, პრეპარატ „აველოქსის“ შემოგარსული ტაბლეტების გამოყენების რეკომენდებული ხანგრძლივობაა:

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამწვავება, ბრონქიტის ჩათვლით) - 5 - 10 დღე.

ფილტვების ანთება (პნევმონია), რომელიც ჩნდება საავადმყოფოს გარეთ, გარდა მძიმე შემთხვევებისა - 10 დღე.

პარანაზალური სინუსების (ცხვირის დანამატი წიაღების) ლორწოვანი გარსის ანთება (მწვავე ბაქტერიული სინუსიტი) - 7 დღე.

ქალის სასქესო ორგანოების გაურთულებელი (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის) ინფექციები (მცირე მენჯის ორგანოების ანთება), მათ შორის ფალოპიუსის მილების და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის - 14 დღე.

იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატი „აველოქსი“, გარსით დაფარული ტაბლეტები, გამოიყენება მოქსიფლოქსაცინით დაწყებული მკურნალობის დასასრულებლად, რომელიც დანიშნული იყო ინტრავენური საინექციო ხსნარის ფორმით, თერაპიის რეკომენდებული ხანგრძლივობაა:

ფილტვების ანთება (პნევმონია), რომელიც ჩნდება სამკურნალო დაწესებულების გარეთ - 7-14 დღე.

უმეტეს შემთხვევაში, პნევმონიის დიაგნოზის მქონე პაციენტები გადაჰყავთ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებაზე, გარსით დაფარულ ტაბლეტებზე, მკურნალობის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში.

კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები - 7-21 დღე.

უმეტეს შემთხვევაში, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების მქონე პაციენტები გადაჰყავთ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებაზე, გარსით დაფარულ ტაბლეტებზე, მკურნალობის დაწყებიდან 6 დღის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის დასრულება, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე დღის შემდეგ თავს უკეთ იგრძნობთ. სამკურნალო პრეპარატის მიღების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ინფექცია შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას, შეიძლება დაბრუნდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ ან თქვენი მდგომარეობა გაუარესდეს, ამასთანავე, შეიძლება განვითარდეს ბაქტერიების რეზისტენტობა ანტიბიოტიკის მიმართ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას (იხ. პარაგრაფი 2. „რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებამდე. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).

თუ მიიღეთ პრეპარატ „აველოქსის“ დოზა, რომელიც აღემატება დანიშნულს

თუ მიიღეთ პრეპარატ „აველოქსის“ ერთზე მეტი დანიშნული ტაბლეტი დღე-ღამის განმავლობაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას და, თუ შესაძლებელია, წაიღეთ თან დარჩენილი ტაბლეტები, შეფუთვა ან ეს ინსტრუქცია, რომ აჩვენოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რას იღებდით.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება

თუ გამოტოვეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება, მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი, როგორც კი გაგახსენდებათ ამის შესახებ იმავე დღეს. თუ არ მიიღეთ ტაბლეტი დღე-ღამის განმავლობაში, მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა (1 ტაბლეტი) მომდევნო დღეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.

თუ არ იცით, რა გააკეთოთ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ვადაზე ადრე წყვეტთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღებას

თუ მკურნალობის კურსის დასრულებამდე შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას, ინფექცია შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას. მკურნალობის კურსის დასრულებამდე ტაბლეტების მიღების შეწყვეტამდე, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

თუ დაგრჩათ რაიმე შეკითხვა ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

შესაძლო არასასურველი რეაქციები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ წარმოექმნება ყველას.

ყველაზე სერიოზული არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პრეპარატ „აველოქსის“ გამოყენებისას, ჩამოთვლილია ქვემოთ:

თუ წარმოიქმნება

ხშირი და არარეგულარული გულის რიტმი (იშვიათი არასასურველი რეაქცია)

უეცარი სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა, თვალის თეთრი გარსის (სკლერების) სიყვითლე, შარდის ფერის გამუქება, კანის ქავილი, სისხლდენადობა, გონების დაბინდვა ან უძილობა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის სწრაფად განვითარებადი ანთების ნიშნები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია, აღწერილია შემთხვევები ლეტალური გამოსავალით))

ძლიერი გამონაყარი კანზე, სტივენ-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით. ის შეიძლება გამოვლინდეს სამიზნეების ან წრეების მსგავსი მოწითალო ლაქების სახით, რომელსაც ხშირად თან ახლავს ბუშტუკები (ბებერები) შუაში, კანის აქერცვლა, წყლულები პირის ღრუში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებზე, რომელსაც შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (ძალიან იშვიათი, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში არასასურველი რეაქცია)

წითელი ქიცვიანი ვრცელი გამონაყარი კანქვეშა გამკვრივებებით და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულეზი) (ამ არასასურველი რეაქციის სიხშირე უცნობია)

წყლის გამოყვანის დარღვევით და ნატრიუმის დაბალი დონით გამოწვეული სინდრომი (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

სისხლში შაქრის დონის მკვეთრი შემცირებით განპირობებული გონების დაკარგვა (ჰიპოგლიკემიური კომა) (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

სისხლძარღვების ანთება (შეიძლება გამოხატული იყოს კანზე წითელი ლაქების სახით, ჩვეულებრივ წვივებზე, ან გამოვლინდეს როგორც სახსრების ტკივილი) (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

მძიმე ალერგიული რეაქცია, ძალიან იშვიათად სიცოცხლისათვის საშიში შოკის ჩათვლით (მაგალითად, გაძნელებული სუნთქვა, არტერიული წნევის შემცირება, გახშირებული პულსი) (იშვიათი არასასურველი რეაქცია)

შეშუპება, სასუნთქი გზების შეშუპების ჩათვლით (სიცოცხლისათვის საშიში იშვიათი არასასურველი რეაქცია)

კრუნჩხვები (იშვიათი არასასურველი რეაქცია)

ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ტკივილი, წვა, ჩხვლეტა, კიდურების დაბუჟება და/ან სისუსტე (იშვიათი არასასურველი რეაქცია)

დეპრესიები (ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის აზრები და თვითმკვლელობის მცდელობა) (იშვიათი არასასურველი რეაქცია)

ფსიქოზი (რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვითმკვლელობის აზრები და თვითმკვლელობის მცდელობა) (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

მძიმე ფორმის დიარეა სისხლით და/ან ლორწოს მინარევით (ანტიბიოტიკასოცირებული კოლიტი, ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით), რომელმაც იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები (იშვიათი არასასურველი რეაქცია))

მყესების ტკივილი და შეშუპება (ტენდინიტი) (იშვიათი არასასურველი რეაქცია) ან მყესების გაწყვეტა (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

კუნთების სისუსტე, ტკივილი ან ტკივილის შეგრძნება, განსაკუთრებით, თუ ამასთან თავს შეუძლოდ გრძნობთ, გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან მუქი ფერის შარდი. ეს ნიშნები შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთოვანი ქსოვილის ანომალური დაშლით, რომელიც შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები (პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც რაბდომიოლიზი ეწოდება) (ამ არასასურველი რეაქციის სიხშირე უცნობია).

შეწყვიტეთ პრეპარატ „აველოქსის“ მიღება და დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ წარმოიქმნება

მხედველობის დროებითი დაკარგვა (ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქცია),

დისკომფორტი ან ტკივილი თვალებში, განსაკუთრებით სინათლის ზემოქმედებისგან (ძალიან იშვიათი ან იშვიათი არასასურველი რეაქცია)

დაუყოვნებლივ მიმართეთ ოკულისტს.

თუ პრეპარატ „აველოქსის“ მიღებისას გაგივითარდათ სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულისცემა (პირუეტული ტაქიკარდია) (ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქცია), დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ მიიღეთ პრეპარატი „აველოქსი“ და არ განაახლოთ მკურნალობა.

მიასთენია გრავისის სიმპტომების გაუარესება შეინიშნება ძალიან იშვიათ შემთხვევებში. სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი და შეამჩნიეთ სისხლში შაქრის დონის მატება ან შემცირება (იშვიათი ან ძალიან იშვიათი გვერდითი რეაქცია), დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე ხანდაზმულებმა მოშარდვის პრობლემების, ფეხების, წვივების ან ტერფების შეშუპების, დაღლილობის, გულისრევის, ძილიანობის, ქოშინის ან გონების დაბინდვის შემთხვევაში (ეს შეიძლება იყოს თირკმლის უკმარისობის ნიშნები და სიმპტომები, იშვიათი გვერდითი რეაქცია) დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა პრეპარატ „აველოქსით“ მკურნალობის დროს, ჩამოთვლილია წარმოქმნის სიხშირის მიხედვით:

ხშირი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 10-დან 1 ან მეტ პაციენტში)

გულისრევა

დიარეა

თავბრუსხვევა

მუცლის ტკივილი

ღებინება

თავის ტკივილი

სისხლში ღვიძლისმიერი ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატება

მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტული ბაქტერიებით ან სოკოებით გამოწვეული ინფექციები, მაგალითად, Candida-ით გამოწვეული ორალური და ვაგინალური ინფექციები

გულისრიტმის ცვლილება ეკგ-ზე სისხლში კალიუმის დაბალი დონის მქონე პაციენტებში

იშვიათი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

გამონაყარი

კუჭის აშლილობა (აპეპსია/გულძმარვა)

გემოს შეგრძნების ცვლილება (იშვიათ შემთხვევებში – გემოს დაკარგვა)

ძილის დარღვევა (ძირითადად უძილობა)

ღვიძლისმიერი ფერმენტების (გამა-გლუტამილტრანსფერაზას და/ან ტუტე ფოსფატაზას) დონის მომატება სისხლში

«სისხლის თეთრი უჯრედების» (ლეიკოციტების, ნეიტროფილების) რაოდენობის შემცირება

ყაბზობა

ქავილი

თავბრუსხვევა (ტრიალი ან გონების დაკარგვა)

ძილიანობა

მეტეორიზმი

გულის რიტმის ცვლილება ეკგ-ზე

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის სისხლში ღვიძლისმიერი ფერმენტების (ლაქტატდეჰიდროგენაზას) დონის მომატება)

მადის დაქვეითება

წელის, გულმკერდის, მენჯის და კიდურების ტკივილი

სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სპეციალური სისხლის უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის ზრდა

მომატებული ოფლიანობა

ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა, რომლებსაც ეწოდება ეოზინოფილები

შფოთვა (შფოთიანობა)

ცუდი ფიზიკური მდგომარეობა (ძირითადად სისუსტე ან დაღლილობა)

ტრემორი

სახსრების ტკივილი

გახშირებული გულისცემა

გულის არითმია

გაძნელებული სუნთქვა, მათ შორის ასთმა

სისხლში სპეციალური საჭმლის მომნელებელი ფერმენტის (ამილაზას) დონის მატება

მოუსვენრობა / შფოთვა

ჩხვლეტის შეგრძნება (კიდურებში წიწკნა) და/ან დაბუჟება

ჭინჭრის ციება

სისხლძარღვების გაფართოება

გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია

სისხლის შედედებისთვის აუცილებელი სპეციალური სისხლის უჯრედების (თრომბოციტების) რაოდენობის შემცირება

მხედველობის დარღვევა, მათ შორის დიპლოპია და დეფოკუსირებული ხედვა

სისხლის შედედების დაქვეითება

სისხლში ლიპიდების (ცხიმების) მომატებული შემცველობა

ერითროციტების დაბალი რაოდენობა

კუნთების ტკივილი

ალერგიული რეაქცია

სისხლში ბილირუბინის დონის მატება

კუჭის ანთება

დეჰიდრატაცია

გულის რიტმის მძიმე დარღვევები

კანის სიმშრალე

სტენოკარდია

იშვიათი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

კუნთების ტოკვა (კრთომა)

კუნთების კრუნჩხვები

ჰალუცინაციები

მაღალი არტერიული წნევა

შეშუპება (ხელების, ფეხების, კოჭების, ტუჩების, პირის, ყელის)

დაბალი არტერიული წნევა

თირკმლის უკმარისობა მათ შორის ისეთი მაჩვენებლების გაზრდა, როგორიცაა შარდოვანა და კრეატინინი თირკმელების სპეციალური ლაბორატორიული კვლევების შედეგებში)

ღვიძლის ანთებითი დაავადება

პირის ღრუს ანთებითი დაავადებები

შუილი/ხმაური ყურებში

სიყვითლე (თვალის თეთრი გარსის (სკლერების) ან კანის გაყვითლება)

შეხების გრძნობის დარღვევა

უჩვეულო სიზმრები

ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება

ყლაპვის გაძნელება

ყნოსვის დაკარგვა

წონასწორობის დარღვევა და ცუდი კოორდინაცია (თავბრუსხვევის შედეგად)

მეხსიერების ნაწილობრივი ან აბსოლუტური დაკარგვა

სმენის დარღვევა, სიყრუის ჩათვლით (ჩვეულებრივ შექცევადი)

შარდმჟავას ცვლილება სისხლში

ემოციური არამდგრადობა

მეტყველების დარღვევა

გულის წასვლა

კუნთების სისუსტე

ძალიან იშვიათი არასასურველი რეაქციები (გვხვდება 10000-დან 1 პაციენტში)

სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (პანციტოპენია)

სახსრების ანთება

არანორმალური გულის რიტმი

კანის მგრძნობელობის მომატება

გამოთიშულობის შეგრძნება

სისხლის შედედების გაზრდა

კუნთების რიგიდულობა

სისხლის სპეციალური თეთრი უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება (აგრანულოციტოზი)

ძალიან იშვიათ შემთხვევებში გახანგრძლივებული (თვეებამდე ან წლებამდე) ან შეუქცევადი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა მყესების ანთება, მყესების გაწყვეტა, სახსრების ტკივილი, კიდურების ტკივილი, სიარულის გაძნელება, მტკივნეული შეგრძნებები, როგორიცაა ჩხვლეტა, წიწკნა, წვა, დაბუჟება ან ტკივილი (ნეიროპათია), დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მეხსიერების დაქვეითება, ასევე სმენის, მხედველობის, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა დაკავშირებული იყო ქინოლონების და ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიღებასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, განურჩევლად ადრე არსებული რისკ-ფაქტორებისა.

მიღებული იყო შეტყობინებები აორტის კედლის გაფართოებისა და შესუსტების ან აორტის კედლის რღვევის შესახებ (ანევრიზმა და განშრევება), რომელთა გახეთქვამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი, დაფიქსირდა ასევე გულის სარქვლის მეშვეობით სისხლის უკან დინების შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ფთორქინოლონებით (ასევე იხილეთ პარაგრაფი 2 "განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები").

გარდა ამისა, ქინოლონების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებით თერაპიის დროს ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ქვემოთ ჩამოთვლილი არასასურველი რეაქციები: ქალასშიდა წნევის მომატება (რომლის ნიშნები შეიძლება იყოს თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, კერძოდ, მხედველობის არამკაფიოობა, "ბრმა" ზონები, მხედველობის გაორება, მხედველობის დაკარგვა), სისხლში ნატრიუმის დონის მომატება, სისხლში კალციუმის დონის მომატება, სპეციალური ტიპის სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია), კანის მომატებული მგრძნობელობა მზის სინათლის ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ, რაც ასევე შეიძლება განვითარდეს პრეპარატ „აველოქსით“ მკურნალობის დროს.

შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ

თუ თქვენ წარმოგექმნათ რაიმე არასასურველი რეაქცია, გთხოვთ მიმართოთ კონსულტაციის მისაღებად თქვენს ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის მათზე, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში.

არასასურველი რეაქციების შესახებ თქვენ შეგიძლიათ ასევე შეატყობინოთ სამკურნალო პრეპარატებზე არასასურველი რეაქციების (მოქმედებების) მონაცემთა საინფორმაციო ბაზას, მათ შორის, სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლენილი სამკურნალო პრეპარატების არაეფექტურობის შესახებ შეტყობინებების მონაცემთა ბაზასwww.rceth.by).

პრეპარატ „აველოქსის“ შენახვა

შეინახეთ მოცემული სამკურნალო პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ მიიღოთ ეს სამკურნალო პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომელიც მითითებულია კონტურულ-უჯრედულ და მუყაოს შეფუთვაზე. ვარგისიანობის ვადა იწურება შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

არ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. მიმართეთ ფარმაცევტს ინფორმაციის მისაღებად იმ სამკურნალო პრეპარატების უტილიზაციის შესახებ, რომლებსაც აღარ იღებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი „აველოქსი“

მოქმედი ნივთერება – მოქსიფლოქსაცინი. თითოეული ტაბლეტი, შემოგარსული, შეიცავს 400 მგ მოქსიფლოქსაცინს (ჰიდროქლორიდის სახით).

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი (იხილეთ პარაგრაფი „პრეპარატი „აველოქსი“ შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“) და მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (15сP), მაკროგოლი 4000, რკინის ოქსიდი წითელი (E172) და ტიტანის დიოქსიდი (E171).

როგორ გამოიყურება პრეპარატი „აველოქსი“ და როგორია შეფუთვის შიგთავსი

წითელი გაუმჭვირვალე მოგრძო ფორმის ამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეს მარკირებით «BAYER», ხოლო მეორე მხარეს «M400».

5 ტაბლეტი ბლისტერში, რომელიც დამზადებულია ალუმინის ფოლგის და პა / ალ / პვქ-სგან ან ალუმინის ფოლგის და პვქ/პვდქ-სგან. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

ბაიერი აგ, კაიზერ-ვილჰელმ-ალეე, 1, 51373 ლევერკუზენი, გერმანია

Bayer AG, Kaiser-Wilhelm-Allee, 1, 51373 Leverkusen, Germany

მწარმოებელი

ბაიერ ჰელსქერ მანუფექჩურინგ ს.რ.ლ., 20024, გარბანიატე-მილანეზე, იტალია

Bayer HealthCare Manufacturing S.r.l., 20024, Garbagnate Milanese, Italy

ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე წარმოქმნილი პრეტენზიების შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეთ

220089 ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზ. 57, ოთახი 54, სართული 14

ტელ.: +375 (17) 239-54-20

ფაქსი: +375 (17) 236-12-36

www.bayer.ru

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა