პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 109 თავი
  1. კარი პირველი პირები
  2. თავი პირველი ფიზიკური პირები
  3. თავი მეორე იურიდიული პირი
  4. კარი მეორე გარიგებანი
  5. თავი პირველი ზოგადი ნორმები
  6. თავი მეორე ქმედუნარიანობა, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა
  7. თავი მესამე გარიგების ფორმა
  8. თავი მეოთხე საცილო გარიგებანი
  9. თავი მეხუთე პირობითი გარიგებანი
  10. თავი მეექვსე თანხმობა გარიგებებში
  11. თავი მეშვიდე წარმომადგენლობა გარიგებებში
  12. კარი მესამე უფლების განხორციელება
  13. კარი მეოთხე ვადები
  14. თავი პირველი ვადების გამოთვლა
  15. თავი მეორე ხანდაზმულობა
  16. კარი პირველი ქონება
  17. კარი მეორე მფლობელობა
  18. კარი მესამე საკუთრება
  19. თავი პირველი საკუთრების შინაარსი
  20. თავი მეორე სამეზობლო სამართალი
  21. თავი მესამე საკუთრების შეძენა და დაკარგვა
  22. თავი მეოთხე ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში
  23. თავი მეხუთე სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა
  24. თავი მეექვსე საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება
  25. კარი მეოთხე საჯარო რეესტრი
  26. კარი პირველი სახელშეკრულებო სამართალი
  27. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  28. თავი მეორე ხელშეკრულების დადება
  29. თავი მესამე ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
  30. თავი მეოთხე მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება
  31. თავი მეხუთე ხელშეკრულებიდან გასვლა
  32. კარი მეორე ვალდებულების შესრულება
  33. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  34. თავი მეორე ფულადი ვალდებულების შესრულება
  35. თავი მესამე კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება
  36. კარი მესამე
  37. ვალდებულების დარღვევა თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  38. თავი მეორე მოვალის მიერ ვადის გადაცილება
  39. თავი მესამე ვალდებულების დარღვევა ორმხრივი ხელშეკრულების დროს
  40. კარი მეოთხე ზიანის ანაზღაურების მოვალეობა
  41. კარი მეხუთე მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი
  42. თავი პირველი პირგასამტეხლო
  43. თავი მეორე ბე
  44. თავი მესამე მოვალის გარანტია
  45. კარი მეექვსე ვალდებულების შეწყვეტა
  46. თავი პირველი ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით
  47. თავი მეორე ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით
  48. თავი მესამე ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით
  49. თავი მეოთხე ვალდებულების შეწყვეტა ვალის პატიებით
  50. თავი მეხუთე ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები
  51. კარი მეშვიდე კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში
  52. თავი პირველი სოლიდარული კრედიტორები
  53. თავი მეორე სოლიდარული მოვალეები
  54. კარი პირველი სახელშეკრულებო სამართალი
  55. თავი პირველი ნასყიდობა. გაცვლა
  56. თავი მეორე ჩუქება
  57. თავი მესამე ქირავნობა
  58. თავი მეოთხე ლიზინგი
  59. თავი მეხუთე იჯარა
  60. თავი მეექვსე სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
  61. თავი მეშვიდე ფრენშაიზინგი
  62. თავი მერვე თხოვება
  63. თავი მეცხრე სესხი
  64. თავი მეათე ნარდობა
  65. თავი მეთერთმეტე ტურისტული მომსახურება [თავი მეთერთმეტე (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივნისიდან)]
  66. თავი მეთორმეტე გადაზიდვა-გადაყვანა
  67. თავი მეცამეტე დავალება
  68. თავი მეთოთხმეტე საკუთრების მინდობა
  69. თავი მეთხუთმეტე სატრანსპორტო ექსპედიცია
  70. თავი მეთექვსმეტე შუამავლობა
  71. თავი მეჩვიდმეტე ჯილდოს საჯაროდ დაპირება. კონკურსი
  72. თავი მეთვრამეტე მიბარება
  73. თავი მეცხრამეტე მიბარება სასაქონლო საწყობში
  74. თავი მეოცე დაზღვევა
  75. III¹. ჯანმრთელობის დაზღვევა
  76. თავი ოცდამეერთე საბანკო მომსახურება
  77. თავი ოცდამეორე თავდებობა
  78. თავი ოცდამესამე კონტოკორენტი
  79. თავი ოცდამეოთხე ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ვალდებულებანი
  80. თავი ოცდამეხუთე ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
  81. თავი ოცდამეექვსე სამისდღეშიო რჩენა
  82. თავი ოცდამეშვიდე თამაშობა. სანაძლეო
  83. კარი მეორე კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
  84. თავი პირველი საზიარო უფლებები
  85. თავი მეორე დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება
  86. თავი მესამე უსაფუძვლო გამდიდრება
  87. კარი მესამე დელიქტური ვალდებულებანი
  88. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  89. თავი მეორე პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის
  90. კარი პირველი საავტორო სამართალი
  91. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  92. თავი მეორე (ამოღებულია)
  93. თავი მესამე (ამოღებულია)
  94. თავი მეოთხე (ამოღებულია)
  95. თავი მეხუთე (ამოღებულია)
  96. თავი მეექვსე (ამოღებულია)
  97. თავი მეშვიდე (ამოღებულია)
  98. თავი მერვე (ამოღებულია)
  99. კარი მეორე სამრეწველო საკუთრება
  100. კარი პირველი ქორწინება
  101. თავი პირველი დაქორწინების წესი და პირობები
  102. თავი მეორე ქორწინების შეწყვეტა
  103. თავი მესამე ქორწინების ბათილობა
  104. თავი მეოთხე მეუღლეთა უფლებები და მოვალეობები
  105. თავი მეხუთე მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა
  106. კარი მეორე მშობლების, შვილებისა და სხვა ნათესავების ურთიერთობა
  107. თავი პირველი შვილების წარმოშობის დადგენა
  108. თავი მეორე მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ
  109. თავი მესამე მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი
  110. თავი მეოთხე ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობანი
  111. თავი მეხუთე ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესი
  112. თავი მეექვსე შვილება
  113. კარი მესამე მეურვეობა, მზრუნველობა და მხარდაჭერა
  114. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  115. თავი მეორე მეურვისა და მზრუნველის უფლება-მოვალეობანი
  116. თავი მესამე მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობა
  117. თავი მეოთხე არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების და ბავშვთან ურთიერთობის უფლებები საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
  118. თავი პირველი ზოგადი დებულებანი
  119. თავი მეორე მემკვიდრეობა კანონით
  120. თავი მესამე მემკვიდრეობა ანდერძით
  121. თავი მეოთხე ანდერძის ფორმა
  122. თავი მეხუთე მემკვიდრის მემკვიდრის დანიშვნა
  123. თავი მეექვსე სავალდებულო წილი
  124. თავი მეშვიდე საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)
  125. თავი მერვე ანდერძის შეცვლა ან მოშლა
  126. თავი მეცხრე ანდერძის აღსრულება
  127. თავი მეათე სამკვიდროს მიღება და უარი მის მიღებაზე
  128. თავი მეთერთმეტე სამკვიდროს გაყოფა
  129. თავი მეთორმეტე კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ
  130. თავი მეცამეტე სამკვიდროს დაცვა
  131. თავი მეთოთხმეტე სამკვიდრო მოწმობა
  132. სამოქალაქო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

კარი მეექვსე ვალდებულების შეწყვეტა

თავი მეხუთე ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები

მუხლი 452. ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება

1. ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიუხედავად, ვალდებულებითი ურთიერთობა არ შეწყდება, თუ ვალდებულება სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარეობს და ემიტენტი აღნიშნულ ფასიან ქაღალდს შეიძენს. ემიტენტის მიერ საკუთარი სასესხო ფასიანი ქაღალდის ფლობისას ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ ამ ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადა გავიდა ან ემიტენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. რეგისტრირებული ან დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ემიტენტის გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ფასიანი ქაღალდების რეესტრში ან ცენტრალურ დეპოზიტარში ასახვის მომენტიდან.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასესხო ფასიანი ქაღალდიდან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნებისთვის ემიტენტის მფლობელობაში არსებული სასესხო ფასიანი ქაღალდი არ გაითვალისწინება, ხოლო პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება პროცენტის გადაუხდელად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3726– ვებგვერდი, 07.12.2023წ.

მუხლი 453. ვალდებულების შეწყვეტა მოვალის გარდაცვალების გამო

1. მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე.

2. კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 454. ვალდებულების შეწყვეტა იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო

იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან.

ბმული ამ მუხლზე

კარი მეშვიდე კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში

თავი პირველი სოლიდარული კრედიტორები

მუხლი 455. სოლიდარული უფლებამოსილება

თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს – სოლიდარულ კრედიტორებს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 456. სოლიდარული უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლები

სოლიდარული უფლებამოსილება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 457. ვალდებულების შესრულება ნებისმიერი კრედიტორის წინაშე

მოვალეს შეუძლია თავისი სურვილისამებრ ვალდებულება შეასრულოს ნებისმიერი კრედიტორის წინაშე, თუკი ერთ-ერთ კრედიტორს მისთვის არ წაუყენებია შესაგებელი 455-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 458. ვალდებულების შესრულება ერთ-ერთი კრედიტორისათვის

ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორისათვის ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს მოვალეს დანარჩენი კრედიტორების წინაშე ვალდებულებისაგან.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 459. ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორის უარის თქმის შედეგები

თუ ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორი უარს იტყვის მოვალის წინაშე მოთხოვნაზე, მაშინ მოვალე თავისუფლდება მხოლოდ იმ ნაწილის გადახდისაგან, რომელიც მოცემულ კრედიტორს ერგებოდა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 460. სხვა კრედიტორთან დაკავშირებული ფაქტების გამოყენების დაუშვებლობა

მოვალეს არ შეუძლია ერთ-ერთი კრედიტორის მიმართ გამოიყენოს ისეთი ფაქტები, რომლებიც სხვა კრედიტორთანაა დაკავშირებული.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 461. სოლიდარული კრედიტორის მემკვიდრეთა უფლებები

თუ სოლიდარულ კრედიტორს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, მაშინ თითოეულ მემკვიდრეზე გადადის ვალზე უფლების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მის სამკვიდრო წილს შეესაბამება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 462. სოლიდარული კრედიტორის მოვალეობა დანარჩენი სოლიდარული კრედიტორების წინაშე

1. სოლიდარული კრედიტორი, რომელმაც მოვალისაგან მთლიანად მიიღო შესრულება, მოვალეა გადაუხადოს დანარჩენ სოლიდარულ კრედიტორებს მათი კუთვნილი წილი.

2. სოლიდარულ კრედიტორებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის სხვა რამ არ არის დადგენილი.

ბმული ამ მუხლზე

თავი მეორე სოლიდარული მოვალეები

მუხლი 463. სოლიდარული ვალდებულება

თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 464. სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები

სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 465. კრედიტორის უფლება, მოითხოვოს შესრულება ნებისმიერი მოვალისაგან

კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 466. სოლიდარული მოვალის შესაგებელი კრედიტორის მიმართ

სოლიდარული მოვალე უფლებამოსილია კრედიტორს წარუდგინოს ყველა ისეთი შესაგებელი, რომლებიც ვალდებულების არსიდან გამომდინარეობენ, ან რომლის უფლებაც მარტო მას აქვს, ან იგი საერთოა ყველა სოლიდარული მოვალისათვის.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 467. ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულების შედეგები

ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს შესრულებისაგან დანარჩენ მოვალეებს. იგივე წესი მოქმედებს კრედიტორთან მოვალის მიერ განხორციელებული გაქვითვის მიმართ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 468. სხვა სოლიდარულ მოვალესთან დაკავშირებული ფაქტების გამოყენების დაუშვებლობა

ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალესთან დაკავშირებული ფაქტები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ პირის მიმართ, თუ ვალდებულებითი ურთიერთობიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 469. სარჩელი ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის წინააღმდეგ

სარჩელის შეტანა ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ კრედიტორს არ ართმევს უფლებას შეიტანოს სარჩელი დანარჩენ მოვალეთა მიმართაც.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 470. შესრულების მიღების დაყოვნების შედეგები

1. კრედიტორის მიერ ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისაგან შესრულების მიღების დაყოვნების შედეგები ძალაშია დანარჩენი სოლიდარული მოვალეების მიმართაც.

2. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ შესრულების ვადის დაყოვნების შედეგები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანარჩენი სოლიდარული მოვალეების მიმართაც.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 471. სოლიდარული მოვალის მემკვიდრეთა უფლებები

თუ ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს ჰყავს რამდენიმე მემკვიდრე, მაშინ თითოეული მათგანი ვალდებულია შეასრულოს მოთხოვნა თავ-თავისი სამკვიდრო წილის შესაბამისად. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოთხოვნა განუყოფადია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 472. კრედიტორის მოთხოვნის გაერთიანება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის ვალთან

თუ კრედიტორის მოთხოვნა ერთიანდება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის ვალთან, მაშინ დანარჩენ მოვალეთა მიმართ ვალდებულება წყდება იმ ოდენობით, რაც ამ მოვალის წილზე მოდიოდა.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 473. უკუმოთხოვნის უფლება ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულებისას

1. მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. როდესაც შეუძლებელია მოვალეთა პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრა, ისინი ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ თანაბარი წილით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 474. სოლიდარული მოვალის ვალაუვალობის შედეგები

თუ ერთ-ერთი მოვალეთაგანი ვალაუვალი აღმოჩნდება, მაშინ მისთვის განსაზღვრული წილი თანაზომიერად ნაწილდება ყველა სხვა გადახდისუნარიან მოვალეს შორის.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 475. სოლიდარული მოვალის კომპენსაცია

თუ სოლიდარულმა მოვალემ მიიღო სარგებელი სოლიდარული ვალდებულებიდან, მაშინ იმ სოლიდარულ მოვალეს, რომელსაც ასეთი სარგებელი არ მიუღია, შეუძლია მოსთხოვოს მას დაკმაყოფილება თავისი ვალდებულების შესასრულებლად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 476. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგები

ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიმართ ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას ან შეწყვეტას არა აქვს ძალა სხვა მოვალეთა მიმართ.

კერძო ნაწილი

ბმული ამ მუხლზე

კარი პირველი სახელშეკრულებო სამართალი

თავი პირველი ნასყიდობა. გაცვლა

მუხლი 477. ცნება. შინაარსი

1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

3. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 478. მოძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები

გაყიდული ნივთის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, აწონის, გაზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე საქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები – მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 479. უძრავი ნივთის გაყიდვის ხარჯები

მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ნივთის გამყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321

მუხლი 480. გამყიდველის მოვალეობანი საქონლის გაგზავნისას

1. თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გადამზიდველს გადასცემს საქონელს და ეს საქონელი არც ამოსაცნობი ნიშნით, არც გადაზიდვისათვის საჭირო საბუთებით და არც სხვა რაიმე საშუალებით არ არის გამოკვეთილად აღნიშნული, მაშინ გამყიდველმა უნდა შეატყობინოს მყიდველს საქონლის გადაგზავნის თაობაზე და, ამასთანავე, გაუგზავნოს ტვირთის დაწვრილებითი ჩამონათვალი.

2. თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვისათვის ჩვეული პირობებისათვის.

3. თუ გამყიდველი არ არის ვალდებული დააზღვიოს ტვირთი ტრანსპორტირებისას, მაშინ მან მყიდველის თხოვნით უნდა გადასცეს მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დაზღვევის ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისათვის.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 481. მიწის ნაკვეთის გამყიდველის ვალდებულებანი

1. მიწის ნაკვეთის გამყიდველი ვალდებულია გადაიხადოს ამ ნაკვეთის ათვისებისა და მსგავსი ღონისძიებების გატარებისათვის ხელშეკრულების დადებამდე გაწეული ხარჯები, მიუხედავად გადახდის ვალდებულების წარმოშობის მომენტისა.

2. (ამოღებულია - 11.05.2007, №4744).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4744 - სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.158

მუხლი 482. ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკის გადასვლა

1. გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

2. თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდველის მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის შესრულებისათვის პასუხისმგებელ პირს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 483. საქონლის მიღების ვარაუდი

საქონელი მიღებულად ჩაითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 484. ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი

1. ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.

2. უარი დაუშვებელია, თუ ამ მხარის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 485. საქონლის მიყიდვა რამდენიმე პირისათვის

თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ – მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 486. გაყიდული საქონლის მიწოდება ნაწილ-ნაწილ

გაყიდული საქონლის ნაწილ-ნაწილ მიწოდებისას, თუ ერთი მხარის მიერ მიწოდების მხოლოდ ერთი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეიქმნა რეალური საშიშროება იმისა, რომ მომავალი მიწოდების ვალდებულებებიც არ შესრულდება, მაშინ მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 487. უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა

გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 488. ნივთობრივად უნაკლო ნივთი

1. ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

2. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 489. უფლებრივად უნაკლო ნივთი

1. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.

2. უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 490. გამყიდველის მოვალეობანი ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას

1. თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

2. გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირების, გზის, სამუშაოს შესრულების და მასალის ღირებულების ხარჯები.

3. გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.

4. თუ გამყიდველი ნაკლის გამოსწორების მიზნით მყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს, მაშინ მას შეუძლია მყიდველს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნივთის უკან დაბრუნება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 491. მყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის უფლება

1. მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.

2. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 492. ფასის შემცირების მოთხოვნა

თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 493. უარის უფლება საქონლის მიღებაზე

1. მყიდველს უფლება აქვს უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუ გამყიდველმა მას მიაწოდა საქონელი იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუ მყიდველი მიიღებს ასეთ საქონელს, მაშინ ფასს გადაიხდის სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად.

2. თუ საქონლის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს, მაშინ მყიდველს შეუძლია მიიღოს ეს რაოდენობა და მოვალეა გადაიხადოს სახელშეკრულებო ფასის პროპორციულად, ან მიიღოს მხოლოდ ის რაოდენობა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკანვე გამყიდველის ხარჯზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 494. ნასყიდობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების წესი

1. ნივთის ნაკლით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით.

2. მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო, თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 495. ნაკლის მქონე ნივთის მიღება მყიდველის მიერ

1. თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.

2. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 496. ნივთის ვარგისიანობის ვადა

თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 497. გამყიდველის პასუხისმგებლობის გამორიცხვა

ხელშეკრულებით შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს გამყიდველის პასუხისმგებლობა ნაკლის მქონე ნივთის გაყიდვისას, მაგრამ ასეთი შეთანხმება ბათილი იქნება, თუ გამყიდველი განზრახ დუმდა ნივთის ნაკლის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 498. უფლების ან სხვა ქონების გადასვლა

1. ნივთის ნასყიდობის მომწესრიგებელი წესები შესაბამისად გამოიყენება უფლების ან სხვა ქონების ნასყიდობის მიმართაც.

2. უფლების გაყიდვის შემთხვევაში გამყიდველი კისრულობს ამ უფლების ნამდვილობის დასაბუთებასა და გადაცემის ხარჯებს.

3. თუ გაყიდულია უფლება, რომელიც იძლევა ნივთის ფლობის შესაძლებლობას, მაშინ გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 499. ნივთის გაყიდვა რამდენჯერმე

თუ ნივთი რამდენჯერმე იყიდება, ვალდებულების უზრუნველმყოფი უფლება გადაეცემა ყოველ მომდევნო მყიდველს. მყიდველს შეუძლია თავისი უფლებების ფარგლებში მოთხოვნები წარუდგინოს შესაბამის გამყიდველს ნასყიდობათა ამ რიგში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 500. ნივთის დაკავების უფლება

თუ მყიდველი დროულად არ მიიღებს ნივთს ან თავის დროზე არ გადაიხდის მის ფასს, გამყიდველი ვალდებულია შეინახოს ნივთი; გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, ვიდრე მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 501. ნივთის უკან დაბრუნება მყიდველის მიერ

თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, მაგრამ სურს მართლზომიერად მისი უკან დაბრუნება, მან უნდა იზრუნოს ნივთის შენახვისათვის; მყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი მანამდე, ვიდრე გამყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის ხარჯებს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 502. ნივთის შენახვის ხარჯები

მხარეს, რომელიც ვალდებულია შეინახოს ნივთი, შეუძლია მეორე მხარის ხარჯზე ნივთი შეინახოს მესამე პირის საწყობში, თუ აქედან არ წარმოიშობა არათანაზომიერი ხარჯები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 503. ნივთის შემნახველის უფლება

1. მხარეს, რომელიც მე-500–502-ე მუხლებში აღნიშნული წესების მიხედვით ინახავს ნივთს, შეუძლია გაყიდოს ეს ნივთი სათანადო წესების დაცვით, თუ მეორე მხარე აყოვნებს ნივთის მიღებას ან შენახვის ხარჯების ანაზღაურებას, ამის შესახებ მან უნდა აცნობოს მეორე მხარეს.

2. მხარე, რომელიც ნივთს ყიდის, უფლებამოსილია ნავაჭრიდან დაიტოვოს თანხა, რომელიც შეესაბამება ნივთის შენახვისა და გაყიდვის ხარჯებს; დარჩენილი თანხა კი უნდა გადასცეს მეორე მხარეს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 504. მალფუჭებადი ნივთის შენახვის თავისებურებანი

თუ მე-500 და 501-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნივთი მალფუჭებადია, ან მას გაუფასურება მოელის, ანდა მისი შენახვა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მხარე, რომელსაც ეკისრება ნივთის შენახვა, ვალდებულია იგი გაყიდოს 503-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

II. ნასყიდობა გადახდის განვადებით

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 505. ცნება

განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 505¹. გამყიდველის ვალდებულება განვადებით ნასყიდობისას

1. თუ გამყიდველი მეწარმეა, განვადებით ნასყიდობისას იგი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, საკომისიოსთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.

2. განვადებით ნასყიდობისას, თუ განვადებით ნასყიდობის შედეგად მყიდველის ჯამური ვალდებულებები ამავე გამყიდველის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარს არ აღემატება, გამყიდველის მიერ 200 000 (ორასი ათას) ლარამდე ნივთის ფასის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის კანონი №239 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3315 – ვებგვერდი, 07.08.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4104 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

მუხლი 506. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა

1. განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.

2. ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს:

ა ) ნაღდი გადახდის ოდენობა;

ბ ) ნაწილ-ნაწილ გადასახადი თანხის ოდენობა და გადახდის დრო;

გ ) წლიური პროცენტის ოდენობა.

3. გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნასყიდობის საბუთების ასლი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 507. ნივთის გადაცემის მომენტიდან ხელშეკრულების დადების პრეზუმფცია

თუ ხელშეკრულება დადებულია 506-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მაშინ ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება ნივთის გადაცემის მომენტიდან. ამ შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ნივთის ფასი პროცენტების გარეშე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 508. ორმხრივი რესტიტუცია ვალდებულების შეუსრულებლობისას

თუ გამყიდველი იტოვებს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ შემთხვევისათვის, როცა მყიდველი არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, უარის თქმისას ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს. ამის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია.

III. გამოსყიდვა

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 509. ცნება

თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 510. გამოსყიდვის ფასი

გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 511. საკუთვნებლის ბედი ნასყიდობისას

მყიდველი ვალდებულია ნაყიდი ნივთი დააუბრუნოს საკუთვნებელთან ერთად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 512. გამოსყიდვამდე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 513. გამოსყიდვამდე ნივთის გასხვისების ბათილობა

თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 514. გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობა

გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5445 – ვებგვერდი, 20.12.2011წ.

მუხლი 515. ოფცია

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე (შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში, გამყიდველს უფლება აქვს საგანი მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის ოფცია). ოფციის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

IV. უპირატესი შესყიდვის უფლება

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 516. ცნება

1. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას.

2. უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა და არც მემკვიდრეობით გადადის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 517. ნივთის მოსალოდნელი გაყიდვის შესახებ შეტყობინების მოვალეობა

1. ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან.

2. უპირატესი შესყიდვის უფლება ხორციელდება ვალდებული პირისათვის შეტყობინებით. შეტყობინების მეშვეობით უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობებით, რომლებიც ვალდებულმა პირმა მესამე პირს შესთავაზა.

3. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება მხოლოდ ვალდებული პირის მიერ დადგენილ ვადაში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 518. უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე შეთანხმების ბათილობა

ვალდებულ პირსა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმება ბათილია, თუ ამით ნასყიდობის ხელშეკრულება დამოკიდებული ხდება უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე, ან ვალდებულ პირს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუკი გამოყენებული იქნება უპირატესი შესყიდვის უფლება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 519. დამატებითი ვალდებულების შესრულება

1. თუ მესამე პირმა ხელშეკრულებით იკისრა დამატებითი ვალდებულება, რომლის შესრულების შესაძლებლობაც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს არა აქვს, მაშინ მან დამატებითი ვალდებულების ნაცვლად უნდა გადაიხადოს მისი ღირებულება.

2. თუ შეუძლებელია დამატებითი ვალდებულების ფულადი შეფასება, მაშინ უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება დაუშვებელია; დამატებითი ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ძალას კარგავს, თუ ხელშეკრულება დაიდო უპირატესი შესყიდვის უფლებისათვის გვერდის ასახვევად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 520. ნასყიდობა ნივთის მოწონების პირობით

ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს, თუ მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დაიწუნებს ნივთს. დაწუნების შემთხვევაში მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს.

V. გაცვლა

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 521. ცნება

1. გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა.

2. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 522. გასაცვლელი ქონების არატოლფასოვნება

თუ გასაცვლელი ქონება არატოლფასოვანია, მხარეთა შეთანხმებით ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 523. გაცვლის მიმართ გამოყენებული წესები

გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები.

ბმული ამ მუხლზე

თავი მეორე ჩუქება

მუხლი 524. ცნება

ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 525. ჩუქების ხელშეკრულების დადება. საჩუქრის დაპირება

1. მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან.

2. უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

3. საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.321

მუხლი 526. ჩუქების დაუშვებლობა

პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 527. გაჩუქებული ქონების ნაკლი

თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 528. შეწირულობა

1. მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა).

2. პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია მოითხოვოს იმ პირმაც, ვის ინტერესებშიც იგი იქნა დათქმული.

3. თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 529. ჩუქების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო

1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ.

2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.

3. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 530. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა

1. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.

2. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.