მოსკოვის ელიტარულ რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად რუსი გენერალ-ლეიტენანტი იგორ იერუსალიმოვი დაიღუპა.რუსული მედიის ინფორმაციით, 53 წლის სამხედრო მაღალჩინოსნის დაკრძალვის ცერემონია ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე გაიმართა.
იერუსალიმოვი იმ ხუთ ადამიანს შორის იყო, რომლებიც შაბათს, მოსკოვის ცენტრში მდებარე ძვირადღირებულ რესტორანში აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. ღონისძიება რუსეთის გმირის წოდების მქონე გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ჩაიკოს დაბადების დღის აღსანიშნავად იმართებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კურიერმა რესტორანში ჩაიკოსთვის განკუთვნილი “საჩუქარი“ მიიტანა. დაცვის თანამშრომელმა მისი შემოწმება სცადა, რა დროსაც ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
აფეთქებას კურიერი, დაცვის თანამშრომელი და კიდევ სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 21 პირი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
- მედიის ინფორმაციით, კრემლი თავდაპირველად დაღუპულთა ვინაობის გასაიდუმლოებას ცდილობდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, თავდასხმის უკან შესაძლოა უკრაინის სპეცსამსახურები იდგნენ, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

რუსული წყაროების თანახმად, თავად ალექსანდრ ჩაიკო აფეთქების დროს არ დაშავებულა, თუმცა მისი 25 წლის ქალიშვილი, მარია, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქების შედეგად ასევე დაიღუპა მისი 27 წლის მეუღლე, დანიილ პერედრიი.
გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ქალმა, რომელსაც “საჩუქარი“ მიჰქონდა, შესაძლოა არც იცოდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდა.

აფეთქებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთი რუსი მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ. ცნობების თანახმად, 39 წლის გენერალ-მაიორი დიმიტრი მიხაილოვი უკრაინული FPV-დრონის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, როდესაც ჯავშანმანქანით გადაადგილდებოდა.
მედიის მონაცემებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ათზე მეტი რუსი გენერალი დაიღუპა.




