მოსკოვში, რესტორანში აფეთქების შედეგად დაღუპული დაცვის წევრის ოჯახს სიმონიანი მილიონ რუბლს გადასცემს
n.news.genews.ge-ის არქივი
მოსკოვში, რესტორანში აფეთქების შედეგად დაღუპული დაცვის წევრის ოჯახს სიმონიანი მილიონ რუბლს გადასცემს | ამის შესახებ მან გავრცელებულ აუდიოჩანაწერში თქვა
"დაცვის თანამშრომელს, რომელიც გუშინ მოსკოვის რესტორანში დაიღუპა და არ მისცა კუდრინსკაიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანის საშუალება, ჩვენ გადავცემთ ტიგრანის პრემიას. მე და ტიგრანი [მისი გარდაცვლილი ქმარი]... შეგახსენებთ, ეს არის მილიონი რუბლის ოდენობის პრემია, რომელსაც მე და ტიგრანი გადავცემთ ადამიანებს, რომლებიც სხვების გადასარჩენად თავს სწირავენ. ასე რომ არ მოქცეულიყო, გაცილებით მეტი ადამიანი დაიღუპებოდა. ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს" | თქვა სიმონიანმა
მოსკოვის ცენტრში აფეთქება გუშინ მოხდა. რესტორანში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, რუსული სამხედრო ელიტა ქეიფობდა, ხელნაკეთი ბომბი შეიტანეს. დაღუპულია 3 და დაშავებულია 17 ადამიანი. დაღუპულთა შორისაა რესტორნის დაცვის წევრიც. ამ დროისთვის დაუდასტურებელი ინფორმაციით, რესტორანში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ ჩაიკო დაბადების დღეს აღნიშნავდა. შეინიშნებოდა სამხედრო უწყებების შავნომრიანი ავტომობილები. ჩაიკოს დაქვემდებარებული დანაყოფები ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებსა და წამებაში არიან მხილებულნი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.