რუსეთის ელჩს, უკრაინაში SOCAR-ის ავტოგასამართ სადგურზე დრონით თავდასხმასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური ნოტა გადასცეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მიხაილ ევდოკიმოვი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოითქვა მკაცრი პროტესტი 5 ივლისის საღამოს უკრაინის ნიკოლაევის ოლქში მდებარე SOCAR-ის ავტოგასამართ სადგურზე დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო და რუსულ მხარეს შესაბამისი დიპლომატიური ნოტა გადაეცა.

შეხვედრის დროს ასევე აღინიშნა, რომ ეს არ იყო დრონებით განხორციელებული პირველი ასეთი თავდასხმა და SOCAR-ის ობიექტები უკრაინაში, მათ შორის გაზგამანაწილებელი კომპრესორული სადგური და ნავთობის საწყობი ოდესაში, მანამდეც გახდნენ სამხედრო დარტყმების და სამხედრო ოპერაციების სხვა დამანგრეველი შედეგების ობიექტები, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და კომპანიის თანამშრომლების დაშავება გამოიწვია.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად ასეთი ინციდენტების გაგრძელება მიუთითებს, რომ თავდასხმები მიზანმიმართულად ხორციელდება.

შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა რამდენიმე საჰაერო დარტყმაზე, რომლებმაც დააზიანა აზერბაიჯანის საელჩოს შენობა კიევში და საპატიო საკონსულოს შენობა ქალაქ ხარკოვში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიპლომატიური და საკონსულო შენობების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებები ვენის კონვენციების შესაბამისად მკაცრად უნდა იყოს დაცული.

რუსულ მხარეს მოუწოდეს ზემოაღნიშნულ ყველა ინციდენტთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარებისკენ, მოვლენებთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებების მიცემისა და სამოქალაქო ობიექტებისა და დიპლომატიური მისიების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ.