საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია, თუ რატომ არ განხორციელდა გერმანიაში საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელის ჩაბარება

2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, ომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები. ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან, – განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ქრონიკა“ დაინტერესდა თუ რატომ არ ხდება გერმანიის მხრიდან საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელის ჩაბარება და ასევე, რატომ არ განახლდა გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია, თუ რატომ არ განხორციელდა გერმანიაში საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელის ჩაბარება.

„საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ბატონი ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია, თუმცა რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაბარდა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა ლიბანის, ბაჰრეინის, ეკვადორის, განას, კანადის, ნიგერიის, ინდონეზიის, ომორის კუნძულების კავშირის, ფილიპინების, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, მონღოლეთის ახლად დანიშნული ელჩებისგან მიიღო რწმუნებათა სიგელები.

ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია. გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ასევე არ განახლებულა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ, მიუხედავად ქართული მხარის მიერ არაერთგზის განხორციელებული ოფიციალური შეტყობინებისა. ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ
სახელმწიფოსთან“, – განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, „ქრონიკამ“ გერმანიის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. საუბარია გერმანიაში საქართველოს ელჩის მიმართ განხორციელებულ ქმედებაზე. კერძოდ, საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის ხელისუფლებისგან უკვე რამდენიმე თვეა აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება. ამასთან, საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალური მონაცემები კი ვებ-გვერდზე ისევ არ არის განახლებული.