ქართულ ოცნებას ცვლილებები შეაქვს დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში. ინიფიცრებული კანონპროექტის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება და მიიღებს რანგის შესაბამის ყოველთვიურ დანამატს 1 360 ლარის ოდენობით.
“დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ცვლილება ითვალისწინებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის უმაღლესი დიპლომატიური რანგის მინიჭებას, რის საფუძველზეც მოხდება რანგის შესაბამისი დანამატის – ყოველთვიურად 1 360 ლარის გაცემა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდება საშემოსავლო გადასახადის − რანგის დანამატის 20%-ის ოდენობით (266 ლარი) გადახდა”. – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის თანახმად, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი შეიძლება
მიენიჭოთ: მინისტრს; მინისტრის პირველ მოადგილეს; მინისტრის მოადგილეს; იმ უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებს, რომლებსაც უკავიათ ან ეკავათ დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა.
ცვლილებები ივანიშვილის მთავრობის ინიციატივის ნაწილია, რომელიც დიპლომატიის აკადემიის შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შედის, დიპლომატიური სამასხურის შესახებ და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებში.
კანონპროექტის თანახმად, დიპლომატიის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება, რომელიც განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერებებისა და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამებს.
“კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსი – საგანმანათლებლო კურსი, რომლის მიზანია დიპლომატიური სამსახურის სპეციფიკის, პროფესიული ცოდნისა და უნარჩვევების შეძენა/გამომუშავება, ასევე მომზადება და გადამზადება იმ საკითხებში, რომელსაც ახორციელებს სამინისტრო.
დიპლომატიის აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მიღების მიზნით მოპოვებული იქნება ავტორიზაცია და აკრედიტაცია. შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიიღებს შემოსავალს ავტორიზაციისთვის 48 000 ლარს და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარს”. – ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტის თანახმად, “პირები, რომლებიც ფლობენ აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, დიპლომატიურ თანამდებობაზე ინიშნებიან დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესაბამისად”.
კანონპროექტის თანახმად, აკადემია წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. მის საქმიანობის წესს ამტკიცებს მინისტრი.
“აკადემია ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას, კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსსა და მინისტრის გადაწყვეტილების შემთხვევაში – სხვა კურსებს. სამინისტრო აკადემიისთვის ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს აკადემიის პროგრამულ დაფინანსებას. აკადემიის წესდებით შეიძლება განისაზღვროს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გათვალისწინებულისაგან განსხვავებული სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და მართვის ორგანოები, აგრეთვე დადგინდეს აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტებისა და რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესები. აკადემიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მინისტრის ბრძანების შესაბამისად”. – ნათქვამია კანონპროექტში.
განმარტებითი ბარათის თანახმად, აკადემიაში სტუდენტების მიღება 2027 წლის სასწავლო წლიდან იგეგმება და ის საბაკალავრო პროგრამაზე 70 სტუდენტს, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე 50 სტუდენტზე იქნება გათვლილი.
კანონპროექტის თანახმად, დიპლომატიის აკადემიაში დასაქმებული 46 პირი მიიღებს შრომის ანაზღაურებას, რომელიც წინასწარი გათვლებით შეადგენს წლის განმავლობაში დარიცხულ 1 093 350 ლარს.
“კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე შესაქმნელია სასწავლო პროცესისთვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მათ შორის სემინარებისა და ლექციებისთვის საჭირო აუდიტორიები, სიმულაციური ლაბები, ბიბლიოთეკა, IT ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ავეჯი და ტექნიკა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი წინასწარი გათვლებით შეადგენს – 2 993 675 ლარს (მათ შორის, ავტორიზაციისთვის 48 000 ლარი და აკრედიტაციისთვის 40 000 ლარი), ხოლო – 2027, 2028 და 2029 წლებში განისაზღვრება ყოველწლიურად – 2 851 350 ლარით” – ნათქვამია კანონპროექტში.
ცნობისთვის, 8 მაისს, ივანიშვილის პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქმნიან ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნიან.




