გერმანიაში ელჩად დანიშნული კარტოზია თვეებია აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება

ალექსანდრე კარტოზია, რომელიც თბილისმა 2025 წლის სექტემბერში დანიშნა გერმანიაში საქართველოს ელჩად, გერმანიის ხელისუფლებისგან ჯერაც ელის აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას.

ინფორმაცია, რომელიც პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა, 1 ივნისს რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში დაუდასტურეს.

„აგრემანის საფუძველზე“

საგარეო უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ:

  • საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა;
  • და რომ იგი ელჩად დაინიშნა „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე“.

აგრემანი არის სახელმწიფოს წინასწარი თანხმობა, მიიღოს უცხო სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული პირი დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად.

„რწმუნებათა სიგელები არ გადაუცია“

„საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია“, – დაგვიზუსტეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თუმცა ხაზი გაუსვეს, რომ „რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაჰბარდა“.

საგარეო უწყება ამბობს, რომ როგორც მათთვის ცნობილია, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე გერმანიის პრეზიდენტმა მიიღო 12 სახელმწიფოს ახლადდანიშნული ელჩებისგან რწმუნებათა სიგელები.

საგარეო უწყების მიერ დასახელებული ქვეყნებია ლიბანი, ბაჰრეინი, ეკვადორი, განა, კანადა, ნიგერია, ინდონეზია, კომორის კუნძულების კავშირი, ფილიპინები, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ახალი ზელანდია და მონღოლეთი.

„სრულიად გაუგებარია“

„ქართული მხარისთვის სრულიად გაუგებარია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების არათანმიმდევრული მიდგომები ქართულ სახელმწიფოსთან“, – ასე უპასუხეს რადიო თავისუფლების კითხვას საგარეო უწყებაში, თუ როგორ აფასებენ ამ სავარაუდო შეფერხებას.

„ქართულ მხარეს ოფიციალური განმარტება გერმანული მხარისგან არ მიუღია“, – ამბობენ საგარეო უწყებაში.

რადიო თავისუფლება გერმანული მხარის პოზიციის მისაღებად 1 ივნისს დაუკავშირდა გერმანიის საელჩოს საქართველოში:

  • საელჩომ საგარეო უწყებასთან გადაგვამისამართა;
  • გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან