საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიმდინარე წლის მარტიდან, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში/ავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა.

როგორც BMG-ისთვის გახდა ცნობილი, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, ლეონიძის ქუჩის #3-ში, სადაც საგარეო უწყება 2023 წელს გადავიდა, მხოლოდ საკონსულო და ადმინისტრაციული დეპარტამენტები დარჩა.

ინფორმაცია BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმაც დაუდასტურა, მაგრამ საგარეო უწყების პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელიც თავად ავლაბრის რეზიდენციიდან მუშაობს, საკითხს მეორე დღეა არკვევს.

აღსანიშნავია, რომ 27 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩი სწორედ ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო.

ცნობისთვის: ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 225 მლნ ლარია. თანამშრომელთა რიცხოვნობა – 738. შრომის ანაზღაურებისთვის კი 22 მლნ ლარია გათვალისწინებული.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლე უფუნქციოდ დარჩა. “პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია ხალხის საკუთრება უნდა გახდეს”, – ამბობდა 2013 წელს, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. არჩევის შემდეგ, მეოთხე პრეზიდენტს, გარკვეული პერიოდი, კაბინეტი მთავრობის ადმინისტრაციაში ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობა დაეძაბა, ავლაბრის რეზიდენციაში შევიდა. “ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო პოლიტიკური პოზიცია და არა ის, რომ მე სხვაგან წასასვლელი არ მქონდა”, – ასე ახსნა მაშინ თავისი გადაწყვეტილება მეოთხე პრეზიდენტმა. 2018 წლიდან, როცა პრეზიდენტი გახდა, პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე გადავიდა, ხოლო ავლაბრის რეზიდენციამ ფუნქცია დაკარგა. 2019 წელს, “ქართული ოცნების” მთავრობამ აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განსაზღვრა – სახელმწიფო ცერემონიების სასახლე და პერიოდულად სხვადასხვა ღონისძიება იმართებოდა, მათ შორის – ამბასადორიალები.

ასევე დაგაინტერესებთ