ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომს აგებს და პასუხად მოსახლეობას იღებს მიზანში

კიევზე რუსეთის მორიგი იერიშის შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო, ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ EU-ს წევრი სახელმწიფოები უკრაინის ანტიბალისტიკური თავდაცვის გაძლიერებაზე მუშაობენ და ამ მხრივ კიევისთვის დახმარების გაწევა ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

“რუსეთი მის მიერვე დაწყებულ ომს აგებს და ამის პასუხად მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იღებს მიზანში.” – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.

ცნობისთვის, 20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის წინააღმდეგ კვლავ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 40-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

რამდენიმესაათიანი სარაკეტო იერიშის განმავლობაში კიევში დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, ინდუსტრიული ობიექტები, სკოლა, საბავშვო ბაღი და ბავშვთა საავადმყოფოც.

თავდასხმის დროს უკრაინულმა მხარემ ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების უმეტესობის უვნებელყოფა შეძლო, თუმცა, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის შესაბამისი რაკეტების დეფიციტის გამო, უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება კვლავ გაუჭირდა.

ამ ფონზე, ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ “EU მჭიდროდ თანამშრომლობს ბლოკის წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან, რათა მოხდეს უკრაინის ანტიბალისტიკური შესაძლებლობების მხარდაჭერა”.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ უკრაინას მსხვერპლის თავიდან აცილების საშუალება ჰქონდეს: “პრიორიტეტებს შორის ეს ყველაზე სასწრაფოა.” – განმარტა მან.