“რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში დახმარებას გააგრძელებს”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
განცხადება უწყების ვებ-გვერდზე 26 აგვისტოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის რუსეთის მიერ აღიარების 18 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა განკარგულებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით რუსეთი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც ორი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, გადაწყვეტილებამ „დააგვირგვინა ორი რესპუბლიკის ხალხების თავდაუზოგავი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“, იხსნა ისინი „საქართველოს მაშინდელი კრიმინალური რეჟიმის მიერ დაგეგმილი განადგურებისგან“ და საფუძველი ჩაუყარა მათი „საკუთარი ბედნიერი მომავლის“ შექმნას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რეგიონში ვითარების ნორმალიზებაში რუსეთის წვლილი, „კოლექტიური დასავლეთის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციისკენ წაქეზების“ ფონზე, ამ თარიღს რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანს ხდის.
უწყების ცნობით, მოსკოვი სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობებს უკვე 18 წელია ავითარებს და მომავალშიც აპირებს სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის გაძლიერებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ გაგრძელდება საერთო ტრადიციების, კულტურული მემკვიდრეობისა და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების მიმართულებით თანამშრომლობა.




