ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კიევში ათივე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე დღევანდელი შეტევისას 10 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ათივე რაკეტა ჩამოაგდო.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაშავდა 51 ადამიანი. ყველაზე უფროსი 80 წლისაა, უმცროსი - ხუთის.
ადმინისტრაციის თანახმად, კიევის ოთხ რაიონში ნამსხვრევების ჩამოცვენის ათამდე შემთხვევა იყო. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, საავადმყოფოს შენობა, ავტომობილები და წყლით მომარაგების სისტემის მილები. 9-სართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის გამო საჭირო გახდა მობინადრეთა ევაკუაცია.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ადგილობრივი დროით 03:04 საათზე გამოაქვეყნეს გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, მალევე კიევში გაისმა აფეთქებების ხმა და საჰაერო განგაშის სისტემა მხოლოდ შემდეგ ჩაირთო. ამას ადასტურებს კიევში ბრიტანული BBC-ს კორესპონდენტიც.
ბოლო დღეებში კიევზე უკვე მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.