სალომე სიმონია: სიცილის გამო მოკლულ ნიკოლოზს, დღეს, დაბადების დღე უნდა ეზეიმა. 18 წლის შესრულება აღენიშნა

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
სიცილის გამო მოკლულ ნიკოლოზს, დღეს, დაბადების დღე უნდა ეზეიმა. 18 წლის შესრულება აღენიშნა.
მაგრამ ახლა მის მშობლებს გაყინულ საფლავზე მოუწევთ მისვლა და იქ ტირილი, მოთქმა და გოდება.
ასე გაუბედურდა კიდევ ერთი ოჯახი. სრულწლოვანი ვერ გახდა კიდევ ერთი ბავშვი ამ კორუმპირებულ სისტემაში.
რადგან, მკვლელის დედის თხოვნის მიუხედავად, არ დაებრუნებინათ მისი ფსიქიკური პრობლემების მქონე შვილისთვის იარაღი – პოლიციამ მაინც დაუბრუნა ნასამართლევ ადამიანს.
საგანგაშოა, მოკლულ ბავშვთა რაოდენობა; გზებზე, ავარიის შედეგად დაღუპულთა, ნარკოდამოკიდებულ და თამაშდამოკიდებულთა რიცხოვნობა.
სავალალოა, იმ ბავშვების ოდენობა, ვინც შემწეობას იღებს; ვინც ქვეყნიდან გარბის ოჯახთან ერთად; ვისზეც ძალადობენ ან თავად ძალადობს.
ოცნების დაჭერილი ჩინოვნიკებიც თურმე მაინცდამაინც ბავშვებს ძარცვავდნენ, თანაც უმოწყალოდ – ლუკმას აცლიდნენ პირიდან და სააღდგომო ტკბილეულს ჰპარავდნენ.
ჩვენ, პარტიას არ ვუზრდით შვილებს იმისთვის, რომ ძარვონ, დაკარგული არ იპოვონ, კაპიკები გადაუგდონ ან ნარკოტიკებით დახოცონ, დაჩაგრონ.
ამ ქვეყანაში ისედაც ისტორიულ მინიმუნზეა შობადობა. ცოტა ბავშვი ჩნდება; ვინც ჩნდება ძლივს ვზრდით.
ჩვენ ამ ქვეყანას ვუზრდით შვილებს და ყველა მშობლის ვალია, საკუთარი შვილები იმისგან მაინც დავიცვათ, რომ სიცილის გამო არ გვიკლავდნენ.