რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის ძალებმა 114 უკრაინული დრონი გაანადგურეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 114 უკრაინული დრონი ჩამოაგო, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უეკიპაჟო კატერებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 70 დრონი ყირიმის ტერიტორიასა და შავი ზღვის თავზე გაანადგურეს, 43 - კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე და ერთი დრონი - ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე.
ყუბანის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ტემრიუკის, სევერსკის და ეისკის ტერიტორიებზე დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. კრასნოდარში დაზიანდა ავტოსადგურის შენობა და საქვაბე ოთახი, რომლის ერთი თანამშრომელი დაიღუპა.
გარდა ამისა, დრონი დაეცა სევერსკის რაიონში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე, რამაც ხანძარი გამოიწვია და ორი ადამიანი დაშავდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.