უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 32 რუსული რაკეტა და დრონი მოიგერიეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დღევანდელი შეტევისას სხვადასხვა ტიპის 9 რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. ეს ინფორმაცია დილით, სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა. მისი ცნობით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებისთვის გამოყენებულ რაკეტებს შორის იყო 3 ბალისტიკური „ისკანდერი“.
გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 4 ფრთოსანი რაკეტა, 1 მართვადი საავიაციო რაკეტა და 27-ვე დრონი.
რუსეთის მორიგი კომბინირებული შეტევის გამო, უკრაინაში საჰაერო განგაში ღამის ორი საათისთვის გამოცხადდა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგომ“ დილით განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის და კიევის ოლქებში დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაზიანებულ ენერგოობიექტებს შორის კერძო კომპანია DTEK-ის თბოელექტროსადგურიცაა. კომპანიის ინფორმაციით, დაიჭრა 3 თანამშრომელი.
დილით გამოქვეყნებულ განცხადებაში DTEK-ი არ აკონკრეტებს უკრაინის რომელ რეგიონში მდებარეობს ეს თბოელექტროსადგური და მას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაკეტით შეუტიეს, თუ დრონებით. კომპანიის თანახმად, მხოლოდ ბოლო სამ თვეში DTEK-ის თბოელექტროსადგურებზე 7 მასირებული იერიში განხორციელდა.
უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთი მიზანმიმართულად უტევს უკრაინის ჰესებს, თბოელექტროსადგურებს და სხვა ენერგოობიექტებს. უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების მკაცრი გრაფიკი მოქმედებს.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის 5 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
სოკოლოვი და კობილაში ეჭვმიტანილი არიან ომის დანაშაულში, კერძოდ, მათი ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მიერ უკრაინის ენერგოობიექტების განზრახ განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას. რუსი ადმირალი და გენერალი ეჭვმიტანილი არიან ანტიჰუმანური ქმედებებით კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაშიც.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.