პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დახვდნენ.
სამიტის პლენარულ სხდომაზე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე და შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. ფორუმზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირებადობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის.
სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობენ. ფორუმის სპიკერებს შორის არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრა.
საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე