ივანიშვილის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მივიღებს მონაწილეობას.
“ასტანის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დაგვხვდნენ.
რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე მონაწილეებს სიტყვით მივმართავ.
ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე და შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. ფორუმზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დაკავშირებადობას, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის.
სამიტში ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობენ. ფორუმის სპიკერებს შორის არიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შევხვდები.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი არიან.” – წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.