სამიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაერო-სთან ერთად ასეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ვიზიტი შეჯამებისას.
მისივე თქმით, გარემოს დაცვითი მიმართულებით ნამდვილად არსებობს გამოწვევები, არა მარტო სახელმწიფოებისთვის, არამედ საზოგადოებებისა და მოქალაქეებისთვის.
„სამიტი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ჩემს სიტყვაშიც გადავუხადე მადლობა ყაზახეთის მთავრობას და მის პრეზიდენტს, რომელმაც უზრუნველყო გაერო-სთან ერთად ასეთი მაღალი დონის სამიტის ორგანიზება. გარემოს დაცვითი მიმართულებით ნამდვილად არსებობს გამოწვევები, არა მარტო სახელმწიფოებისთვის, არამედ საზოგადოებებისა და მოქალაქეებისთვის. ძალიან საინტერესო თემებს შევეხეთ ყველა. წარმოდგენილი იყვნენ შუა აზიის ქვეყნების პირველი პირები და კავკასიის ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის პირველი პირები.
სამიტი ორი დღე გაგრძელდება. ბრძანდებოდნენ ჩვენი მინისტრებიც, ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც შემდეგ გააგრძელებენ ამ პროცესში მონაწილეობას. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენს გარემოს. სამიტამდე დავათვალიერეთ პავილიონი, სადაც შუა აზიის ქვეყნები იყვნენ წარმოდგენილი ახალი პროექტებით, რომლებიც ასევე ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მონაწილეობდა ასეთი მაღალი დონის სამიტში და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს გარემოს დაცვის და ეკოლოგიის კუთხით.
ჩემს სიტყვაშიც განვაცხადე, რომ ამ პროცესშიც ჩართული ვართ. ამ ყველაფერს თან სდევს ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა და სტაბილური მდგომარეობა, პარალელურ რეჟიმში ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ყველა ერთად აღნიშნავს, რადგან ეს პროცესი დაკავშირებულია ერთმანეთთან, ინკლუზიურია და ყველა ჩართულია ამ პროცესში.
საომარი ვითარებებია გარშემო, დაძაბულობაა და ასეთი გამოწვევების ფონზე, თითქოს რატომ უნდა გვაწუხებდეს ეკოლოგია, მაგრამ ეს ყველაფერი კავშირშია ჩვენს სამყაროსთან, ადამიანებთან, სახელმწიფოებთან, რასაც ძალიან გაგებით ეკიდებიან. ჩვენ ლიდერებთან შემდეგ ცალკეც გვქონდა ამ თემებზე საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შუა აზიის ქვეყნებთან თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. გარდა ეკოლოგიისა, იცით, რომ შუა დერეფნის თემა ძალიან მიმზიდველია, მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტად იძენს თავის ფუნქციას. ყველამ იცის, რომ საქართველოს გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია და ამაში ყველა ერთხმად ვთანხმდებით. ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასტანაში რეგიონული ეკოლოგიური სამიტის ფარგლებში იმყოფება.




