რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, ჩემი ოჯახი გვერდით ედგა ნიკა ხურცილავას, ბედნიერი ვარ დღეს! , – ასე გამოეხმაურა ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი, ნოდარ მაჭარაშვილი იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
“დღევანდელ საქართველოში ყველა არის ბაბუაჩემის გაზრდილი. არ არსებობს ოჯახი, რომელიც ბაბუაჩემის საბავშვო ლექსებზე და „მე, ბებია, ილიკო და ილარიონზე“ და „კუკარაჩაზე“ არ გაზრდილიყო. ამიტომ, ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ეს ინციდენტი. მე ამას ძალადობას არ ვეძახი, ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა და ბაბუაჩემის მთელი ლიტერატურაც ეგ არის – „ჰელადოსი,“ „თეთრი ბაირაღებიც“ და კუკარაჩაც. ამათ რაღაც კომიკოსი და იუმორისტი მწერალი რომ ჰგონიათ. ჩემი ოჯახი გვერდში ედგა ნიკა ხურცილავას,” – განაცხადა ნოდარ მაჭარაშვილმა.
სასამართლოში ხურცილავას მხარდასაჭერად გარდა ნოდარ მაჭარაშვილისა, იმყოფებოდნენ სხვა პირებიც.
ცნობისთვის, მოსამართლე თეონა ეპიტაშვილის გადაწყვეტილებით, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, ღამის საათებში, თბილისში, ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ნიკა ხურცილავა ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს, რომელსაც ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს.




