შალვა პაპუაშვილი – მიზანია, იუკნევიჩიანე იყოს ავტორიტეტი, მისი სიტყვა იყოს დამაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის – მიზანმიმართული ანტიქართული კამპანიაა – ამას უნდა აღვუდგეთ წინ

ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიანე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი, მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის, სხვა კლასიკოსების და საამაყო წინაპრის. ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია , – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სიძულვილი, ზიზღის ენა, დაპირისპირება, ქიშპი არის ის, რასაც ცდილობენ, რომ ქართულ საზოგადოებას თავს გარედან მოახვიონ.

„ეს არის ბოლო იარაღი, რომელსაც იყენებენ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, სხვანაირად რადგან ვერ მოგვერივნენ, ეს არის, რომ შეეცადონ დააპირისპირონ ადამიანები ერთმანეთს. რასაც ჩვენ ვხედავთ- სიძულვილის ენის მხარდაჭერას გარედან, წაქეზებას- სწორედ ამას უნდა აღუდგეს წინ სახელმწიფოც და საზოგადოებაც.

მეორე მიმართულებაა, როდესაც ცდილობენ ავტორიტეტების შებღალვას. მიზანი არის ასეთი და პერიოდულად ასეთ კამპანიებს ვხედავთ, ხან ერეკლე მეფეზე იყო თავდასხმები და მის მემკვიდრებაზე, ახლა რატომღაც ნოდარ დუბაძე ამოიღეს სამიზნედ. ზუსტად ჩვენს საამაყო ადამიანებს ესხმიან თავს, ვინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ერის შეკავშირებისთვის, იდენტობის განსაზღვრისთვის, ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის და ზუსტად ირჩევენ სამიზნეს და ეს არ არის შემთხვევითი. აქაც უნდა დავინახოთ ის მიზანი, რომ მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, რომელიც საზოგადოებას აქვს, აღარ უნდა იყვნენ ავტორიტეტები, ავტორიტეტი უნდა იყოს რასა იუკნევიჩიანე. ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიანე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის, სხვა კლასიკოსების და საამაყო წინაპრის. ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია, რომლის მიზანი არის ავტორიტეტების გაქრობა და როდესაც ავტორიტეტი აღარ ჰყავს საზოგადოებას, აღარ ჰყავს მისაბაძი მაგალითები, როდესაც მორღვეული აქვს ფუნდამენტი, შემდეგ რასა იუკნევიჩიანეს დონის ადამიანი წარმოჩინდება როგორც მთავარ ავტორიტეტად და მას უნდა გაჰყვეს საზოგადოება. ეს არის ჩანაფიქრი და ამას უნდა აღვუდგეთ წინ“.- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება მწერალ ნოდარ დუმბაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. მომხდარ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.