“დღეს ღამით, დნიპროპეტროვსკის ოლქის დასახლება რადუშნეში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად მშობლები და მათი სამი შვილი დაიღუპა. კიდევ ორი ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ბალისტიკურმა რაკეტამ მიწასთან გაასწორა… ლვოვშიც ამ წუთებში მიმდინარეობს სამუშაოები სახლზე დარტყმის ადგილზე – არჩევენ ნანგრევებს, ეძებენ ადამიანებს. ქვეყნის მასშტაბით, ამ დროის მონაცემებით, ცნობილია 8 დაღუპული ადამიანის შესახებ. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს… ათობით ადამიანია დაჭრილი, ყველას უტარდება აუცილებელი სამედიცინო დახმარება. ჩართულია ყველა საჭირო სამსახური.
ამ ღამით დარტყმების ქვეშ მოჰყვა კიევი და ოლქი, ჩვენი დნიპროპეტროვსკის, ლვოვის, პოლტავის, ხარკოვის, მიკოლაევის, სუმის, ვინიცის, ჩერკასისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქები. დაინგრა და დაზიანდა ათობით ჩვეულებრივი სახლი, სამოქალაქო საწარმოები, ინფრასტრუქტურის ობიექტები. ამ დარტყმის დროს გამოყენებული იქნა 70-ზე მეტი რაკეტა, რომელთა დიდი ნაწილი ბალისტიკური იყო. ასევე 280-ზე მეტი დამრტყმელი დრონი. 260-ზე მეტი დრონის განადგურება მოხერხდა. ფრთოსანი რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობის ჩამოგდება შეძლო ჩვენმა საბრძოლო ავიაციამ, მობილურმა ცეცხლსასროლმა ჯგუფებმაც კი შეძლეს ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ მუშაობა. იმ პირობებში, როდესაც პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის რაკეტების კრიტიკული ნაკლებობაა, ჩვენი მეომრები უბრალოდ არარეალურ რაღაცებს აკეთებენ და პროფესიონალიზმის ძალიან მაღალ დონეს აჩვენებენ. ეს არის არაჩვეულებრივი ოსტატობა, რომელიც სიცოცხლეს იხსნის მაშინ, როდესაც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების მოწოდება არ ხდება ან ფერხდება.
ეს რუსული ტერორი კიდევ ერთხელ ადასტურებს: რუსული სარაკეტო საფრთხისგან დაცვა ჩვენი ხალხის სიცოცხლის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. და ეს არის ამოცანა, რომელიც არ შეიძლება იყოს მხოლოდ უკრაინის, მხოლოდ ერთი ქვეყნის. ყველა პარტნიორმა იცის, როგორ და რით შეუძლია დახმარება. დროული დახმარება, ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდების შეფერხება ნიშნავს ზუსტად ისეთ ნგრევას, ზუსტად ისეთ მსხვერპლს, როგორიც, სამწუხაროდ, დღეს არსებობს. მნიშვნელოვანია სიცოცხლის დაცვის მხარდაჭერა. მადლობა ყველას, ვინც ნამდვილად გვეხმარება!” | ნათქვამია პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაში, რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით.




