მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია

ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მისმა წინამორბედმა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური გზა აირჩია.

„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია – ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური. საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, პრეზიდენტისგან სხვა გზავნილები ჟღერდებოდა, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან – სხვა. დამეთანხმება საზოგადოება, რომ ეს არ არის ნორმალური პროცესი. ამას შემდეგ ალბათ საზოგადოებაც ხედავს, რომ დაბალანსდა ინსტიტუტებს შორის პროცესი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე სხვა ქვეყნების ლიდერების ვიზიტები ჩვენს ქვეყანაში.

„ეს მოასწავებს იმას, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა გამოკვეთილია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეროვნული ინტერესების ფორმირებით ვაწარმოოთ ურთიერთნდობაზე, ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული პოლიტიკა. ჩვენ ვაწარმოებთ ეროვნულ ინტერესზე დაფუძნებულ საგარეო პოლიტიკას. ჩვენ ვპოზიციონირებთ, რომ ჩვენი როლი და ფუნქცია კარგად გავაგებინოთ ყველა პარტნიორს, ვისთანაც გვიწევს ურთიერთობა. ისტორიულად, როცა ქართული სახელმწიფო იყო წარმატებული და ძლიერი სწორედ ამ პოლიტიკას აწარმოებდა – ჩვენ არავის ვესხმით თავს, ჩვენ ვართ დაკავებული ჩვენი ქვეყნის ინტერესებით, მზად ვარ ყველა ქვეყანასთან ვაწარმოოთ ურთიერთობა ურთიერთნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული. ახლა ერთიანი ხედვით არის წარმოდგენილი სახელმწიფო და უფრო გვიადვილდება ჩვენი პოზიციების გაჟღერება.

შევძელით და გავუძელით გამოწვევებს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული, ღირსეული სახელმწიფო, რომელიც მზად არის ყველა ქვეყანასთან თანასწორობის ფორმატში აწარმოოს პოლიტიკა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – დღეს ორი უზუსტესი და უმწარესი დარტყმა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, მისთვის ყველაზე მტკივნეულ წერტილებში: ფული და რუსული კავშირები – მთავარია, ეს ყველაფერი ამავე ტემპით და ასეთივე სწორხაზოვნებით გაგრძელდეს