პოეტ დავით მაღრაძესთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. თანამედროვე მოვლენებს ის არასოდეს უყურებს მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან – ყოველთვის ცდილობს, კულტურულ-ისტორიულ ჭრილში დაგვანახოს. არ ვიცი, მკითხველიდან ვინ დაეთანხმება მის შეხედულებებს და ვინ – არა, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ მეპარება: საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორის გულწრფელობას ნებისმიერი იგრძნობს.
“საქართველოს ევროპული არჩევანი სამუდამოა”
– ბატონო დავით, საუბარს იმ ღონისძიებით დავიწყებ, რომელიც 25 სექტემბერსაა დაგეგმილი და რომელზეც მიწვეული ხართ მეუღლესთან ერთად. ვგულისხმობ ბურბონთა სამეფო ოჯახის, ჰერცოგ კარლო სევარიოს და მისი მეუღლე ანამარიას საზეიმო ვახშამს.
– 25 სექტემბერს ქალაქ პარმაში ბურბონთა სამეფო სახლის ტრადიციულ ვახშამზე ვარ მიწვეული მეუღლესთან ერთად. ეს ურთიერთობა წლების წინ დაიწყო, როდესაც ევროპაში ჩემი წიგნი გამოიცა. იმ დროს სამეფო სახლის მეთაური აწ გარდაცვლილი უგო კარლოს დი ბურბონი იყო. ჩვენი საერთო მეგობრის წყალობით წიგნი მის ხელში მოხვდა, რის შემდეგაც კონსტანტინიანელთა წმინდა გიორგის ორდენით დამაჯილდოვა და რაინდის პირველი ხარისხის წოდება მომანიჭა. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა მადლიერება გამომეხატა. ამიტომ ერთ-ერთი ახალი წიგნი მის ნათელ ხსოვნას მივუძღვენი. შარშან უკვე მისი ვაჟის, ჰერცოგ კარლო სავერიო დი ბურბონის მიწვევით ეს წიგნი იმ საზეიმო ვახშამზე წარვადგინე, რომელიც უგო კარლოსის ხსოვნას ეძღვნებოდა. ორდენის კავალრებს ყოველწლიურად გვიწვევენ ლიტურგიასა და საზეიმო მიღებაზე. იქ თავს იყრიან ევროპის არისტოკრატიული ოჯახების წარმომადგენლები ესპანეთიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. წელს პარმაში უკვე ახალი წიგნით ჩავდივარ, რომლის წარდგენაც ამ წრის წინაშე მომიწევს.
ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსები ინგლისურად ვთარგმნე. ისინი ჯერ ბრიტანულ-ამერიკულ ჟურნალ “Pანორამა”-ში ქვეყნდებოდა, მოგვიანებით კი “Cyberwit”-მა ერთ 120-გვერდიან წიგნად შეკრიბა. სწორედ ამ ინგლისურენოვან კრებულს, “Hამლეტ’ს Mირრორ”-ს (“ჰამლეტის სარკე”), წელს პარმაში ევროპის არისტოკრატიული ოჯახების წარმომადგენლების წინაშე წარვადგენ. ეს ჩემს ინდივიდუალურ ურთიერთობებს რაც შეეხება ევროპასა და ბურბონების სამეფო ოჯახთან.
– ბუნებრივია, უვიზო მიმოსვლით ისარგებლებთ, როდესაც წვეულებაზე ჩახვალთ…
– კი ბატონო.
– ერთი მხრივ, კარგია, რომ ევროპასთან ქართველებს უვიზო მიმოსვლა გვაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდი ისაა, რომ თბილისსა და ბრიუსელს, ევროკავშირის სტრუქტურებს შორის კონფლიქტია. თბილისი ბრიუსელს ადანაშაულებს, რომ აქ რევოლუციების მოწყობას აპირებს, ხოლო ბრიუსელი – თბილისს, რომ გადაუხვია ევროპულ კურსს და რუსეთისკენ მიდის.
– ვფიქრობ, ეს კონფლიქტი დროებითია, რადგან საქართველოს ევროპული არჩევანი სამუდამოა. ეს არის საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი და არა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ცივილიზაციური არჩევანი არ იცვლება პოლიტიკისდა მიხედვით. ცივილიზაციური არჩევანი სამუდამოა, არ სდევს პოლიტიკურ ამინდის ცლილებებს.
ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალი გვიბარებს თავის ანდერძში, არ მიატოვოთ ბერძნების გზაო (თანამედროვე ქართულად რომ ვთარგმნოთ, ასე გამოდის) – ევროპულ არჩევანზეა საუბარი. შემდეგ დავით აღმაშენებლის მემატიანე წერს, რომ დავითმა გელათი ჩაიფიქრა ახალ ათენად და მეორე იერუსალიმად – ანუ ათენისა და იერუსალიმის სინთეზში გამოიძერწა მთელი ევროპული რენესანსი და ჩვენი, ქართული კულტურის ოქროს ხანაც ათენისა და იერუსალიმის სწორედ მემატიანის ფორმულირებაში გამოიძერწა და მივიღეთ “ვეფხისტყაოსანი”, გვირგვინი ჩვენი ოქროს ხანის.
ეს იყო სწორედ მსგავსება ევროპული კულტურისა და ჩვენი კულტურის ხასიათისა. ამ ყველაფერს ერთი საძირკველი აქვს. ადრეც მითქვამს, რომ ათენის, იერუსალიმის ჰარმონიას დაემატა რომის სამართალი – ამ 3 ქალაქზე დგას ევროპული და ქართული მენტალიტეტიც, ქართული კულტურისა და ევროპული კულტურის ხასიათი. არა მარტო საძირკველი, კედლებიც საერთო აქვთ, გუმბათიც, ვინაიდან ბიზანტია გვიანდელი ტერმინია, რომელსაც ჩვენ ბერძნებთან ერთად ვაშენებდით და ბიზანტიას ახლა ასე ვარქმევთ, მაგრამ ეს არის რომის იმპერია, კონსტანტინეს დაარსებული მეორე რომი. ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. ერეკლე მეორის არჩევანიც ევროპული იყო, იმიტომ, რომ იმ სამკუთხედში, რასაც ოსმალეთის, სპარსეთისა და რუსეთის იმპერიები ერქვა, სხვა არჩევანის ასპარეზი არ იყო და მეფემ მიიღო ევროპის სასარგებლოდ გადაწყვეტილება, ვინაიდან ოსმალეთისა და სპარსეთის იმპერიებიდან ევროპა არ ჩანდა. რუსეთის იმპერიიდან კი ჩანდა ევროპა, ვინაიდან უკვე არსებობდა პეტერბურგის უნივერსიტეტი, მეცნიერებათა აკადემია. ერეკლეს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 1755 წელს ლომონოსოვის ინიციატივით მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის დაფუძნებაც. ეს მოხდა მაშინ, როდესაც საქართველოში ერთკლასიანი საერო სასწავლებელიც არ არსებობდა, ანუ ქართლ-კახეთში, სადაც იმხანად ერეკლე მეფობდა. საიდანაც ჩანდა ევროპა, გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღო ერეკლემ. ამიტომ ვამბობ, რომ მისი ნაბიჯი ევროპული ორიენტაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.
არსებობს აღმოსავლური კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი შენაკადი ქართულში, რაც უფრო განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ქართული კულტურის ხასიათსა და თვისებას, მაგრამ ჩვენი ევროპული არჩევანი ქრისტიანობამ განსაზღვრა. მე ყოველთვის ასე მიმაჩნია – ჩვენი ერთმორწმუნეა ესპანეთიც, ინგლისიც, მიუხედავად აღმსარებლობაში განსხვავებული დოგმებისა. დონ კიხოტეს შემქმნელი ქვეყანა როგორ შეიძლება შენი ერთმორწმუნე ქვეყანა არ იყოს, როდესაც მიგელ დე უნამუნო დონ კიხოტეს ესპანეთის ქრისტედ მოიხსენიებდა; ან მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელის ჭერი როგორ შეიძლება შენი ერთმორწმუნე ქვეყანა არ იყოს? ან მისი “პიეტა რონდანინი”, ან ბახის ფუგა რე მინორი… ეს ყველაფერი მშობლიური სივრცეა ქართველისთვის.
გადმოვიდეთ დღევანდელობაში. მე რასაც ვხედავ, ეს პოლემიკა ცალმხრივად ვითარდება. მუდმივად ბრალდება ისმის ევრობიუროკრატიიდან და ბრალდებაზე რეაგირებს ქართული ხელისუფლება. ამ პოლემიკის ინიციატორი ევრობიუროკრატიაა. არა მგონია, ევრობიუროკრატიასთან პოლემიკა და კონფლიქტი სიხარულს ჰგვრიდეს ჩვენს ხელისუფლებას, უბრალოდ, ვერ ტოვებს უპასუხოდ ბრალდებებს.
“ევროპის კულტურასთან დისტანცირების საფრთხე მუდმივად ჩასაფრებულია”
რევოლუციის მოწყობაზე შემიძლია გითხრათ, რომ ექსპერტის კვალიფიკაცია არა მაქვს ამ საკითხში, უბრალოდ, რაც თვალსაჩინო იყო და ყველამ დავინახეთ, ხალხმრავალ მიტინგებზე საგარეო მინისტრების გამოჩენა და ა.შ., ბუნებრივია, საფუძვლიან ეჭვს ბადებდა, რომ აქ უკიდურესი გამწვავება სურდათ. მე ვერც ერთი ორგანიზაციისკენ ვერ გავიშვერ თითს, მაგრამ ნამდვილად რომ სურდათ, ცხადი იყო. საიდან იყო ნახელმძღვანელები, ვერ მივცემ კვალიფიკაციას, მაგრამ საფუძვლიან ვარაუდს აშკარად ბადებდა, რომ რაღაც მზადდებოდა.
მაგრამ ეს არ ცვლის ევროპულ ორიენტაციას საქართველოში. ეს დროებითია, ის კი – სამუდამო. ცივილიზაციური არჩევანის გადაკეთება წარმოუდგენელია. დღეებს არ ვითვლიდი, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, წინა ხელისუფლების დროს, 9 წლის განმავლობაში ვიდექი რეჟიმის წინააღმდეგ, ევროსტრუქტურებიდან კი მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერი შეფასებები მოდიოდა. ამდენად, არა მგონია, ეს შეფასებები მხოლოდ დემოკრატიის ხარისხზე იყოს დამოკიდებული. მეჩვენება, რომ მუდმივად ვეძებთ იმას, რაც განგვასხვავებს კაცობრიობისგან, საზოგადოებას ვგულისხმობ. ვფიქრობ, ეს გამოწვეულია ჩვენი გამორჩეულობის სნეულებრივი განცდით. კულტურა მოითხოვს, მსგავსება ეძებო ცივილიზებულ სამყაროსთან. მე ბორელივით არ მიმაჩნია, რომ ევროპა სადაც მთავრდება, იქ ჯუნგლები იწყება, იმიტომ, რომ უდიდეს პატივს ვცემ ინდოეთის კულტურასაც და ჩინეთის კულტურასაც, მაგრამ ჩვენი მშობლიური სივრცე ევროპაა, ჩვენი კულტურის ისტორიით. ეს ჩვენი მშობლიური სივრცეა, სადაც ჩამოყალიბდა ქართული მსოფლმხედველობა, სადაც გაჩნდა ჩვენი იდენტობა ჩვენს მშობლიურ კულტურასთან და კულტურა მოითხოვს, რომ მსგავსება ვეძებოთ, გავაღვივოთ ის, რაც გვაკავშირებს ცივილიზაციასთან და ნაციონალობის მახასიათებელი შტრიხები თავად გამოიკვეთება ჩვენი “აღმოჩენების” გარეშე. როგორც ერთგან ბორხესი უწერს თანამემამულე კოლეგებს, “ნუ ცდილობთ ხელოვნურად აჩვენოთ თქვენი არგენტინელობა. წერეთ, თუ გეწერებათ და ის არგენტინა თვითონ გაჟონავს ნაწერში”.
ამ პოლემიკამ თუ კონფლიქტმა, რასაც დავარქმევთ, არანაირად არ უნდა დააზიანოს კულტურული ურთიერთობა. ესაა ძალიან საფრთხილო თემა, იმიტომ, რომ აქ ყოველთვის მოიძებნებიან არა ერთი და ორი, ვისაც რეგიონული კრიტერიუმების უპირატესობა სწადია საერთაშორისოსთან, ვინაიდან მიაჩნიათ, მარტივად რომ ვთქვათ, რომ მთელი დასავლეთი და საერთაშორისო სივრცე ეშმაკისაა. ამიტომ ძალიან საფრთხილოა, რომ არ დავაზიანოთ ის, რაც ჩვენს სულიერებას აკავშირებს ევროპის კულტურის ისტორიასთან და მთელი ჩვენი სულიერი თავგადასავალია. ევროპის კულტურასთან დისტანცირებით გამოწვეული საფრთხე მუდამ ჩასაფრებულია და უნდა ავიცილოთ.
– საფრთხე ახსენეთ და, ხომ არ არის იმის საფრთხე, რომ საქართველო დარჩეს ევროპის მიღმა, თუ ასე გაგრძელდება პროცესები?
– დიდი ქვეყნები პატარა ქვეყნებისთვის ყოველთვის საფრთხეა. ჩვენი ქვეყნის ისტორია ამიტომაც არის საფრთხეების შემცველი ისტორია. ისინი არსად გამქრალა, მაგრამ პოლიტიკა და დიპლომატია ხომ არსებობს? ალბათ, პატარა ქვეყნებმა მოიფიქრეს, რომ დიდ ქვეყნებთან ურთიერთობის ბალანსით გადაარჩინონ ან შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი. მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც იმავე აზრის ვარ, რომ შეერთებულ შტატებსა და დასავლეთთან ურთიერთობის გარეშე შეიძლება ერეკლე მეორის დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რასაც გადატვირთვის პოლიტიკას უწოდებენ, პირველ ყოვლისა ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.
“უვიზო რეჟიმის შეწყვეტა მოსახლეობაში ანტიევროპულ განწყობებს გააღვივებს…”
– თუ გამართლდა პროგნოზი, რასაც ახლა ზოგიერთი ექსპერტი პროგნოზირებს და ოპოზიციის ლიდერები ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაიჭირეს, ეს უფრო გაამძაფრებს დაპირისპირებას. შეიძლება მართლა დაგვემუქროს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა.
– ჩემი აზრით, ალოგიკური იქნება ასეთი გადაწყვეტილება, ვინაიდან ხელისუფლების ქმედებით უკმაყოფილო მხარემ რატომ უნდა შეუზღუდოს საზოგადოებას ევროპაში მიმოსვლა. ეს მოსახლეობაში ანტიევროპულ განწყობას გააღვივებს, ვიდრე რაიმე სიკეთეს მოიტანს.
მე არავის დაჭერა არ მახარებს, არც შეხება მაქვს ამ საქმესთან. არც თავი ვიცი მისი და არც ბოლო. არ ვიცი, სადამდე შეიძლება მივიდეს ჩვენი და ბრიუსელის პოლემიკა, არც “საბოტაჟის საქმეს” ვიცნობ, მაგრამ, როგორც ერთი ადამიანი, ვისურვებ ყველაფერი მშვიდობიანად და სიკეთით დასრულდეს, მაგრამ ჩემი სურვილებით არ მოქმედებს სახელმწიფო და ვერც იმოქმედებს.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენს ახალგაზრდებს არ შეუწყვიტონ უვიზო მიმოსვლა, ეს სტუდენტობა ბრწყინვალედ დაეუფლა ევროპულ ენებს და ეზიარა დღევანდელ ევროპულ ყოფას. იმედია, ევროპულ ცივილიზაციასაც ეზიარებიან. იქაური ყოფის მთელი ხიბლი, იცით, რა არის? – ევროპამ მოახერხა და საკუთარი სულიერი მწვერვალები თავის მრავალსაუკუნოვან ბიოგრაფიაში თარგმნა თანამედროვე ყოფითი კულტურის ენაზე, რაც იგრძნობა აუდიტორიაშიც, კაფეშიც, საპარიკმახეროშიც და სასამართლოშიც. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე დიდი ხიბლი ევროპის და ძალიან მინდა თანამედროვე ქართული რეალობის ენაზეც ითარგმნოს. ამის იმედს მაძლევს პირველ ყოვლისა ქართული საზოგადოების განწყობა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის, კერძოდ, პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომელიც არის ხოლმე მკაცრი, მტკიცე, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ, რომ ბოლო წინადადებაში ტოვებს ბილიკს ანუ გზას ევროპისკენ მასთან სამომავლო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ესეც ერთი დამაიმედებელია, რომ აღდგება ჩვენსა და ევროპას შორის ნორმალური ურთიერთობა. პროტოკოლურ ურთიერთობას ვგულისხმობ, თორემ კულტურული ურთიერთობა არც არასდროს გაფუჭებულა ან შეწყვეტილა. ასეთი რამ არც ერთ მისხალზე არ მიგრძვნია. არათუ არ მიგრძვნია, არამედ ჩემს ორ წერილს გამოვყოფ მაგალითისთვის, რომელიც არ ეხებოდა მხატვრულ ნაწარმოებებს… ინგლისურენოვან გაზეთ “რეჯისტერში” და იტალიურ ჟურნალ “მიკრომეგაში” ჩემი წერილებისა და მოსაზრებების გამოქვეყნება ჩემთვის დიდი პატივი იყო. ერთ-ერთ სტატიაში სათაურშივე ჩანდა ჩემი დამოკიდებულება, რომ ევროკავშირი საქართველოსგან იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე ამ ქვეყნის შესაძლებლობები იძლევა.
სწორედ ეს არის ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირსება – შესაძლოა შენი პოზიცია არც ტრენდული იყოს და არც რედაქციის შეხედულებებს ემთხვეოდეს, მაგრამ მაინც გაძლევს აზრის გამოხატვის შესაძლებლობას. ცოტა ხნის წინ იტალიურმა ჟურნალმა “კლანდესტინომ” გამოაქვეყნა ჩემი ლექსი “ფორმულა”. რედაქციამ შესავალში აღნიშნა, რომ ეს ლექსი ევროპის დღევანდელ უძლურებაზე მიანიშნებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისი წაკითხვა. ევროპას შეუძლია ასეთი კრიტიკული თვალით შეხედოს საკუთარ თავს, რადგან ამაში მტრის პოზიციას კი არა, გულშემატკივრის ტკივილს ხედავს. ჩემი სათქმელი იყო იმ ადამიანის ხმა, რომელსაც სურს გეოგრაფიულ ევროპასთან ერთად კულტურული ევროპაც გადარჩეს. დარწმუნებული ვარ, ამასთან ერთად ჩვენი სულიერებაც უფრო ადვილად გადარჩება.
ჩვენი საზოგადოების გასაგონადაც მინდოდა მეთქვა: მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ახსოვს საფრანგეთის რევოლუციაც, 1933 წელს ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლაც, მაინც მოახერხა და ამ კრიზისებზე გაიმარჯვა. მაგალითად, დღეს ევროპის არჩევნები სიკვდილ-სიცოცხლის სიმძაფრის არ არის, ჩვენთან კი თითქოს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გადის არჩევნები.
“ნეტავ დადგეს გამოსავალი 2028 წლის შემდეგ…”
– არჩევნები ახსენეთ და, როგორ ფიქრობთ, კონკრეტულად როდის დადგება გამოსავალი, 2028 წლის არჩევნების შემდეგ თუ როდის?
– ნეტავ დადგეს 2028 წლის შემდეგ… მე მგონია, თანაცხოვრების კულტურის ამაღლებით უნდა დადგეს. უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა – ჩემი თავიდან დავიწყებ, რომ სხვას არ დავარიგო ჭკუა,
არჩევნებში ერთი პოლიტიკური ძალის გამარჯვება უნდა ნიშნავდეს მეორე პოლიტიკური ძალის დამარცხებას და არ უნდა ნიშნავდეს მისი და მისი მხარდამჭერების განადგურებას. ამომრჩეველს რომ ეცოდინება, ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში საფრთხე არ დაემუქრება ქვეყანას, ეს არის უკვე ნორმალური, თანაცხოვრების კულტურით გაჯერებული არჩევნები.
ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი პრობლემა ამბიციასა და შესაძლებლობას შორის უფსკრულია. კარგი იქნება, თუ გვეხსომება, რომ პატრიოტიზმი სხვის სიძულვილს კი არა, საკუთარის სიყვარულს ნიშნავს. შენი აღმსარებლობის სისწორე სხვისი წაწყმედით სიხარულს არ ნიშნავს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ფსევდოლიბერალიზმის შემდეგ, შესაძლოა ფსევდოკონსერვატიზმის საფრთხე გაჩნდეს. თუ ადრე ევროკავშირისკენ სწრაფვა ჩავწერეთ კონსტიტუციაში, ახლა შესაძლოა ვინმეს პირიქით მოუნდეს – ევროკავშირისგან გამიჯვნა ჩაიწეროს. ასეთი ჩანაწერებისთვის არ იწერება კონსტიტუცია. ეს პროვინციონალიზმია, ჩვენი განუყრელი “დღესასწაული”.
ევროპასთან ჩვენი კონტაქტები არც მარტო სურვილების ანაბარა არის დარჩენილი და არც მხოლოდ ცალმხრივია. ევროპაში ბევრი საინტერესო ადამიანია, რომლებიც საქართველოთი გულწრფელად არიან დაინტერესებული. ცოტა ხნის წინ ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტეს შესახებ შესანიშნავი ლექცია წაიკითხა იტალიის დანტეს საზოგადოების გენერალურმა მდივანმა ალესანდრო მასიმ, რომელიც საქართველოში დანტეს საზოგადოების ქართული ფილიალის ხელმძღვანელის ნინო ცერცვაძის მოწვევით ჩამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს “სილქ როუდ ჯგუფის” ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილი. მან ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულს არა მხოლოდ ისტორიული იერი და მემორიალური მნიშვნელობა შეუნარჩუნა, არამედ თანამედროვე კულტურული შინაარსიც შესძინა. დღეს წინანდალი საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, სადაც ვარსკვლავური შემადგენლობით ტარდება ფესტივალები, მათ შორის ზუბინ მეჰთას მონაწილეობით.
ახლახან იტალიის საელჩოში “სილქ როუდ ჯგუფისა” და დანტეს საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ვიმყოფებოდი. ვგეგმავთ, რომ წმინდა ფრანცისკე ასიზელის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოში მოვიწვიოთ ცნობილი იტალიელი პოეტი დავიდე რონდონი. ასეთი კულტურული თანამშრომლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად ცოცხალია საქართველოსა და ევროპას შორის ინტელექტუალური დიალოგი.
ევროპის სიკეთეებზე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ დასასრულს მინდა ერთი ქართული ამბავი გავიხსენო. ჩემი წიგნის პრეზენტაცია ფლორენციაში, მედიჩების სასახლეში გაიმართა. შუა საღამოს მოულოდნელად დარბაზში ბავშვები შემოვიდნენ. გამომცემელმა მკითხა, ვინ არიანო. ვუპასუხე, არ ვიცი, მაგრამ ქართველები არიან-მეთქი – ზოგს სცენის სამოსიც კი, ჩოხა ჯერ არ ჰქონდა გამოცვლილი. გვითხრეს, რომ სიენაში კონცერტებზე მიემგზავრებოდნენ. ჩემი წიგნის აფიშა შეუნიშნავთ და გულგრილად ვერ ჩაუვლიათ. შემოვიდნენ, საეკლესიო მრავალჟამიერი გვიგალობეს და მაშინვე გაიქცნენ, რომ კონცერტზე არ დაეგვიანათ. რა თქმა უნდა, დავედევნე და მადლობა გადავუხადე. ამ ყველაფრის შემსწრე ჩემმა გამომცემელმა მითხრა: “თქვენს ქვეყანაში რაღაც გადარჩა”. შემდეგ დაამატა: “ეუჯენიო მონტალე რომ გაცოცხლდეს და უცხო ქვეყანაში საღამო ჰქონდეს, იმავე ქალაქში მყოფი იტალიელი ახალგაზრდებიც შეიძლება არ მივიდნენ, შენ კი არც გიცნობდნენ პირადად, მაგრამ მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ ქართველი პოეტის საღამო იყო”.
ვფიქრობ, მართლაც ამ ქვეყანაში რაღაც გადარჩა. ისევე, როგორც ჩვენ ვაფასებთ ევროპულ კულტურას, ევროპამაც უნდა დაინახოს და დააფასოს ის, რაც საქართველომ დღემდე შემოინახა.




