გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის 2026 წლის დეკლარაციის მიხედვით, მისმა ცოლმა ქეთევან მაღულარიამ, როგორც ფოტოგრაფმა, 2025 წელს 10,234.59 ლარი მიიღო ანაზღაურების სახით შპს “ვისიონარიდან”;


შპს “ვისიონარის” მეწილე პარლამენტარ გიორგი ბარვენაშვილის ცოლი მაია მაისაძე გასული წლის ივნისიდან გახდა; თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლი ანა არეშიძე კი – გასული წლის დეკემბერიდან. 2026 წლის დეკლარაციის მიხედვით, ანა არეშიძემ “ვისიონარიდან” 18,000 ლარი მიიღო შემოსავლის სახით; ბარვენაშვილის დეკლარაციის მიხედვით კი, მაისაძეს ამავე კომპანიიდან რაიმე შემოსავალი არ უფიქსირდება;

“ვისიონარი” ძვირადღირებულ ბრენდირებულ სათვალეებს ყიდის თბილისში, რუსთაველის გამზირზე გახსნილ მაღაზია “ბოიგარსში”, რომელიც ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის – ბოიგარ ავსაჯანაშვილის ოჯახს ეკუთვნის.


დავით სონღულაშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისმა ცოლმა 2025 წელს იმუშავა “ბოიგარსის” ფოტოგრაფადაც და შემოსავლის სახით 40,209.36 ლარი მიიღო. ქეთევან მაღულარია პროფესიონალი ფოტოგრაფია, თუმცა ქმრის დეკლარაციაში მას ანაზღაურება მხოლოდ ამ 2 კომპანიიდან უფიქსირდება.