33 ავტოფარეხი, კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთები – რა ქონებას ფლობს პოლიციის მაღალჩინოსანი იოსებ სიგუა

პოლიციის მაღალჩინოსანს, პოლკოვნიკ იოსებ სიგუას, რომელსაც მისი მეუღლე, ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული სამაჯური შეაბეს.

ცნობისთვის, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

აღსანიშნავია, რომ იოსებ სიგუა რამდენიმე დღის წინ, -ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს იოსებ სიგუას ოჯახი. პოლიციის მაღალჩინოსანს ქონებრივი დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია ბოლოს 2026 წლის თებერვალში აქვს შევსებული.

დოკუმენტების მიხედვით, იოსებ სიგუას ოჯახის საკუთრებაშია 33 ავტოფარეხი, საიდანაც ორის 100%-იანი წილის მფლობელი სოფიო სიგუაა, ერთს სრულად იოსებ სიგუა ფლობს, ხოლო დარჩენილი 30 ავტოფარეხი იოსებ და სოფიო სიგუების თანასაკუთრებაშია, თითოეული 50-50%-იან წილებს ფლობს. აღსანიშნავია, რომ ავტოფარეხების უდიდესი ნაწილი 2026 წლის მარტშია შეძენილი. თითოეულში ოჯახმა 1500 ლარი გადაიხადა. გამოდის, რომ ოჯახს ავტოფარეხებში ჯამურად 49 500 ლარი აქვს გადახდილი.

გარდა ავტოფარეხებისა, იოსებ და სოფიო სიგუების თანასაკუთრებაში (50-50%) არის 60 ათას ლარად შეძენილი ბინა თბილისში და 57 000 ლარად ნაყიდი ბინა ბათუმში.

ასევე ოჯახის საკუთრებაშია (სოფიო და იოსებ სიგუები – 50-50% წილით) ორი კომერციული ფართი თბილისში, საიდანაც ერთი 60 000, ხოლო მეორე 40 000 ლარად არის ნაყიდი.

დოკუმენტების მიხედვით, იოსებ სიგუას საკუთრებაშია ბაკურიანში მდებარე 25 000 ლარად შეძენილი მიწის ნაკვეთი. ამასთან, სოფიო და იოსებ სიგუების 50-50%-იან თანასაკუთრებაშია მიწის ნაკვეთები ბორჯომის მუნიციპალიტეტში (10 000 ლარი) და თბილისში (50 000 ლარი).

დეკლარაციის მიხედვით, იოსებ სიგუას ფლობს ერთ მოძრავ ქონებას. კერძოდ, მან „ლენდ კრუიზერ პრადოს“ მარკის ავტომობილი 2023 წელს 30 000 ლარად შეიძინა.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სოფიო სიგუას საბანკო ანგარიშზე 1 240 ლარი, ხოლო იოსებ სიგუას 7 726 ლარი უფიქსირდებოდათ.

დოკუმენტების მიხედვით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობისთვის 2025 წელს იოსებ სიგუამ 93 493 ლარის ხელფასი აიღო. მისი მეუღლე, სოფიო სიგუა 2025 წლის ნოემბერში შპს ტერასა ბაკურიანის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, სადაც ხელფასის სახით 3 076 ლარი აქვს მიღებული.

დეკლარაციის თანახმად, იოსებ სიგუას უფიქსირდებოდა ორი სესხი 80 ათასი ლარისა და 640 ათასი ლარის ოდენობით. სესხებში 2025 წლის გასავალმა 79 821 და 205 645 ლარი შეადგინა. პოლიციის მაღალჩინოსანი დეკლარაციაში უთითებს, რომ 2025 წლის მაისში სესხები სრულად დაიფარა.

ამასთანავე, სოფიო სიგუამ შპს „პარკ რეზიდენსის“ წილის გასხვისებით საანგარიშო პერიოდში 719 390 ლარის შემოსავალი მიიღო. 2025 წელს მასვე უფიქსირდება იჯარის შედეგად მიღებული თანხა 3 668 ლარის ოდენობით.

[განახლება] იოსებ სიგუამ -ში დაკავებული თანამდებობა დატოვა.